სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა - 7 სხვადასხვა საქმიდან 4, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებას უკავშირდება, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი - კვირის პალიტრა

სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა - 7 სხვადასხვა საქმიდან 4, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებას უკავშირდება, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ში აღნიშავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქმე ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის ცნობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებას.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და ექთნები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.

პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე: წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს. 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს. გააგრძელეთ კითხვა

"ინტერპრესნიუსი"