"ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი სავალალო მდგომარეობაში იყო სწავლის ხარისხით და ახლა გაერთიანებით ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს" - თაზო დათუნაშვილი
ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება - საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით და ახლა [გაერთიანებით] ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანებაში ორი ინტერესი იკვეთება - აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი და ასევე, ქონებრივი საკითხი.
„მე მგონი, ეს არის იმ გეგმის განხორციელებაა რაც დასახეს - „ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი“. ეს არის საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, რომელიც ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით, და ახლა [გაერთიანება] ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, იმიტომ რომ ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება. ორი უსუსტესი მონსტრი უნდათ რომ გააერთიანონ. აქ ორი ინტერესი იკვეთება. ერთი - აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი. ისედაც კრიმინალური ელემენტები მართავენ ამ უნივერსიტეტებს. მეორე - ცალსახად, ქონებრივი საკითხიც დგას. [ინტერესი] იმ უძრავი ქონებისა, რომელიც ამ ორ ისტორიულ უნივერსიტეტს ქალაქის აბსოლუტურ ცენტრში გააჩნია. სხვა შინაარსი, რატომ უნდა გააერთიანო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი ასწლოვანი ისტორია აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უბრალოდ არ იხსნება,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"