"ნიპას" ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია" - მაია ბუწაშვილი - კვირის პალიტრა

"ნიპას" ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია" - მაია ბუწაშვილი

აზიის ზოგიერთ აეროპორტში „ნიპა“ ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში - ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კი კარანტინშია.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.

ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.

ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა