თავდაცვის სამინისტრო ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს - თანხა 6 მილიონ 9 ათასი ლარია
თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ 6 მილიონ 9 ათასი ლარის გაფლანგვა დადასტურდება, ეს თანხა ჯუანშერ ბურჭულაძემ უნდა აანაზღაუროს.
„ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2025 წლის ივნისში, ანტიკორუფციული დეპარტამენტიდან შემოვიდა მიმართვა, რომ მიმდინარეობდა თანხების გაფლანგვაზე გამოძიება. იურიდიულ საფუძველზე, ამ საქმეში მონაწილეობა დამევალა. გამოვცხადდი საგამოძიებო უწყებაში, გავეცანი საქმის მასალებს და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას. საქმე ეხება 2023 წლის შესყიდვას. კერძოდ ჰოსპიტლის აღჭურვილობას. საერთო ჯამში, 6 მილიონ 9 ათასია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანაზღაურებას მოვითხოვთ", - განაცხადა ცაბაძემ, რომლის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
"ინტერპრესნიუსი"