ომის სამი სცენარი - უკრაინის კაპიტულაცია, რუსეთის ჩამოშლა თუ დაუსრულებელი ბრძოლები მოლაპარაკებების ფონზე?!
„როგორ შეიძლება განვითარდეს ვითარება უკრაინის ირგვლივ: სამი სცენარი 2026 წლისათვის“ - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია მარკუს უოკერი - საკორესპონდენტო ჟურნალისტური ბიუროს ხელმძღვანელი სამხრეთ ევროპასა და უკრაინაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
არგუმენტირებული ვარაუდით, 2026 წლის განმავლობაში ომი გაგრძელდება, თუმცა მზარდი სიძნელეები საკმაოდ შეარყევს ორივე მხარის მდგომარეობას.
ომის დასრულების ამერიკული ფორმულა გენიალურად მარტივია: უკრაინა რუსეთს ტერიტორიას აძლევს (რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში დამცავი ფარი იყო კრემლის დაპყრობისაგან), სამაგიეროდ, უკრაინა იღებს დასავლურ სამხედრო ფარს (რომელიც მოსკოვისათვის „წითელი ნაჭრის“ როლს შეასრულებს). შემდეგ კი ყველა ფულის გაკეთებას დაიწყებს.
იმ ამერიკელი ჩინოვნიკების დამაჯერებელი თქმით, რომლებმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასულ კვირაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკების შესახებ ბრიფინგი ჩაატარეს, აბუ-დაბის შეხვედრა მართლაც „პოზიტიურ ნოტაზე“ დასრულდა: აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წევრებმა ერთმანეთისადმი ისეთი ღრმა პატივისცემა და „ქიმია“ (დადებითი ემოციები) გამოავლინეს, რომ „შიგადაშიგ ლამის მეგობრებიც კი გეგონებოდნენ“. კვირას, პირველ თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზეც, წესით, ამგვარი იდილია უნდა გაგრძელდეს.
ამასობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვას აგრძელებენ და მათ დასანგრევად რაკეტებსა და დრონებს არ იშურებენ. თუმცა ამ მხრივ რუსეთი უფრო აქტიურობს - ბოლო დროს კიევისა და სხვა ქალაქების მასირებულ დაბომბვებს განაგრძობს. ვლადიმერ პუტინი თავისი ამბიციებისაგან უკან არ იხევს, მისი საბოლოო მიზანია დასავლეთის გაძევება აღმოსავლეთ ევროპიდან და უკრაინიდან.
ამრიგად, რას უნდა ველოდოთ: ა) გარიგებით დასრულდება 1945 წლიდან ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი, მეომარ მხარეებს შორის მშვიდობა დამყარდება და მთელი ენერგია ეკონომიკის აყვავებას მოხმარდება თუ... ბ) 2026 წელი ნგრევისა და სისხლისღვრის მორიგი წელი იქნება, მეომარ მხარეთა გამოსაფიტავად, როდესაც კიევი და მოსკოვი აშშ-ის შუამავლობას ბრძოლის ახალ ველად გამოიყენებენ?
2026 წლისათვის ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის წინაშე მოვლენების განვითარების სამი სავარაუდო სცენარი არსებობს:
პირველი - ბრძოლა მოლაპარაკების ფონზე
ეს არის ყველაზე არგუმენტირებული სცენარი - ომის მეხუთე წელი ისევ „სისხლიანი ხორცსაკეპივით“ იქნება, დიპლომატიური მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ „ერთ ადგილზე ტკეპნით“, რაიმე არსებითი შედეგების გარეშე. დონალდ ტრამპის გუნდი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის სწრაფვა, უკრაინის გასაკონტროლებლად, მხოლოდ მოჩვენებითია და რომ კრემლი მშვიდობის დამყარებაზე დათანხმდება, დონბასის დარჩენილ ნაწილს მიიღებს ანუ მას უბრძოლველად ხელში ჩაუვარდება უკრაინის არმიის ძლიერი გამაგრებული ხაზი, რომლის აგებაში კიევმა წინა წლებში დიდი ფული და რესურსი დახარჯა. რუსეთის არმიის წინაშე ცენტრალური უკრაინის ფართო სივრცე იშლება, რაიმე დაბრკოლების გარეშე.
„უკრაინელი საზოგადოება უკიდურესად სკეპტიკურად არის განწყობილი აშშ-ის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების მიმართ“, - აღნიშნავს ანდრეი ზაგოროდნიუკი, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, - „საქმე მშვიდობის უარყოფას კი არ ეხება, არამედ იმას, რომ უკრაინელები ხედავენ - რუსები ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებენ. ასეთ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინისათვის დონბასის მიცემა ჩუქებას ნიშნავს. კრემლი მიღებულ ტერიტორიას, თავისი გამაგრებული ხაზით, ახალი შეტევის პლაცდარმად გამოიყენებს“.
ვოლოდიმირ ზელენსკი უარს აცხადებს კაპიტულაციაზე და დონბასის დათმობაზე. მისი თქმით, ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი განმტკიცებული უნდა იყოს უსაფრთხოების მყარი გარანტიებით - ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო ბაზების განთავსებით და აშშ-ის როგორც მთავარი გარანტორის როლით.
რუსეთი, რომლისთვისაც ნატოს ჯარების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე მიუღებელია, თავის მხრივ, თეთრი სახლისგან ითხოვს, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის მოსკოვისათვის გადაცემა დააძალოს. კრემლის მტკიცებით, სწორედ ასეთი შეთანხმება იქნა მიღწეული ტრამპსა და პუტინს შორის, ალასკის სამიტის დროს.
მაგრამ იმავე ანკორიჯის სამიტმა გააშიშვლა სისუსტე სქემისა - „დონბასი მშვიდობის სანაცვლოდ“. მიუხედავად იმისა, რომ ალასკის შეხვედრის დროს დონალდ ტრამპი მზად იყო, განეხილა ტერიტორიული დათმობა და კრემლის სხვა მოთხოვნები, ვლადიმერ პუტინმა მაინც უკმაყოფილება გამოავლინა და ლანჩზე უარი თქვა - ადრე წავიდა ალასკიდან. „პრობლემა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინისათვის მთავარია მაქსიმალისტური მიზნის მიღწევა - რუსეთი უკრაინაზე უნდა დომინირებდეს, უკრაინას კი დამორჩილება არ სურს“.
კრემლი დარწმუნებულია, რომ უკრაინის არმია უფრო ადრე დამარცხდება, ვიდრე რუსული ეკონომიკა დაინგრევა. რეალურად კი უკრაინის ჯარი ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანია და კოლაფსის სიმპტომები არ ჩანს. ასევე, რუსეთის ეკონომიკაც ჯერჯერობით ფეხზე დგას, ცალკეული კრიზისული მომენტების მიუხედავად. „ბრძოლის გასაგრძელებლად ორივე მხარეს ჯერ კიდევ აქვს რეზერვები - ცოცხალი ძალის, იარაღის, ფინანსების“, - ამბობს ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ფონდის ბერლინის ცენტრის დირექტორი.
მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მოსკოვსაც და კიევსაც თანაბრად „ეშინიათ“ დონალდ ტრამპის „მრისხანების“, ჩიხური სიტუაციის გაჭიანურების შემთხვევაში: უკრაინას ჰაერივით სჭირდება აშშ-ის დაზვერვის მონაცემები და ირიბი სამხედრო მხარდაჭერა, რუსეთს კი არ სურს, რომ აშშ-მა დამატებით, უფრო მწვავე სანქციები დაუწესოს. ამიტომაც ორივე მხარე ცდილობს, ვაშინგტონს თავიანთი „კონსტრუქციულობა“ დაუმტკიცოს და საომარი მოქმედების გაგრძელება ერთმანეთს გადააბრალოს.
მეორე - უკრაინა მარცხდება
კიევისათვის მთავარ საფრთხეს არმიის სრული გამოფიტვა წარმოადგენს. ფიცის ერთგული ჯარისკაცები წლების განმავლობაში შეუსვენებლივ იბრძვიან, ახალწვეულებს კი ბრძოლა არ სურთ, დეზერტირობის დონე მაღალია. სახმელეთო ქვედანაყოფები კომპენსაციის მიღებას (ანუ ახალწვეულების ჩანაცვლებას) დრონების დახმარებით ცდილობენ, მაგრამ რუსეთი ბოლო დროს საკუთარ დრონებს მკვეთრად აუმჯობესებს და ამ რბოლაში წარმატებას აღწევს.
სამხედრო ანალიტიკოსები არ ელოდებიან „პოზიციური ხორცსაკეპის“ ხასიათის შეცვლას: რუსული შეტევა დონბასში, რომელიც 2023 წლის ბოლოს დაიწყო, ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნელი და სისხლიანი შეტევა, იმიტომ, რომ ცაში უამრავი დრონი დაფრინავს და ფარულად სწრაფი შეტევის მომზადება შეუძლებელია, თითქმის არარეალურია.
ამასთან, უკრაინა დონბასში აღმოსავლეთის ფრონტს ამაგრებდა, სხვა მიმართულებებს კი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. რუსეთი დაყოვნებით, მაგრამ მაინც განუხრელად მიიწევდა სამხრეთით, მათ შორის - დნიპროსა და ზაპოროჟიეს ოლქებში. უკრაინის არმია მოკლე პლედგადაფარებულს ჰგავს - ერთ პოზიციას რომ დაფარავს და მეორე შიშვლდება. „კონფლიქტი ერთმანეთის გამოსაფიტავად ნელ-ნელა შეიძლება, გაგრძელდეს, ხოლო ერთ მომენტში კი უეცრად ყველაფერი შეიძლება დაინგრეს“, - ამბობს ალექსანდრე გაბუევი, რომელიც პარალელს ავლებს გერმანიის კაიზერის არმიის გამოფიტვასთან, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, მისი ტაქტიკური უპირატესობის მიუხედავად.
თუ უკრაინის ამტანობა ამოიწურება, კიევს მწარე აბის გადაყლაპვა მოუწევს: იძულებული გახდება, წამგებიან გარიგებას დაეთანხმოს, რომელიც გამოიხატება ტერიტორიების დათმობაში, არმიის რიცხოვნობის შემცირებაში და რუსეთის გავლენის აღდგენაში - ამერიკული ბუნდოვანი გარანტიების სანაცვლოდ.
ასევე დაგაინტერესებთ: "ამერიკელებმა ტანკერ "მარინერას" ქართველი კაპიტანი ბრიტანეთიდან გაიყვანეს": ირღვევა თუ არა საქართველოს მოქალაქის უფლებები?! - რას წერს BBC
მესამე - რუსეთს ძალები ეწურება
დიახ, რუსეთს რეზერვები აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ეკონომიკა ერთ წერტილზეა გაჩერებული: სამოქალაქო დარგებში წარმოების ტემპები ნელდება, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნესს „ახრჩობს“, ამას ემატება ნავთობისა და გაზის ექსპორტისაგან მიღებული შემოსავლების შემცირება, უკრაინული დრონების მიერ ნავთობსაცავებისა და ქარხნების დაბომბვა, რაც აზიანებს კრემლის მთავარ შემოსავლების წყაროს - ენერგეტიკას.
რუსული ბიზნესელიტის წარმომადგენლები დიდი ხანია, უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ომი ეკონომიკას ურტყამს და ჩინურ „ნემსს აჩვევს“ - დაწყებული მაკომპლექტებელი სათადარიგო ნაწილების მიღებით, დამთავრებული ნავთობის ექსპორტით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინს არანაირად არ ადარდებს ელიტებისა და საზოგადოების უკმაყოფილება, რაც, თავის მხრივ, აშკარად მართლაც არ ჩანს.
და მაინც, რუსეთს არ შეუძლია ასეთი ტვირთის მუდმივად ტარება. თუ დასავლეთი მას ახალ და უფრო მძიმე სანქციებს დაუწესებს, კრემლის რესურსები მკვეთრად შემცირდება.
თუ მოსკოვში (ან კიევშიც - ანუ ორივე მხარეს) დაინახავენ/გააცნობიერებენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბრძოლას ვერ გააგრძელებენ და აღიარებენ იმასაც, რომ საბოლოოდ ყველა მატერიალური რესურსი ამოწურვადია, მოლაპარაკების დროს იძულებულნი გახდებიან, გარკვეულ, თუნდაც მინიმალურ კომპრომისებზე თანხმობა განაცხადონ.
თუმცა ისიც აშკარაა, რომ უკრაინელების უმეტესობას არ სჯერა, რომ რუსეთი ახლო მომავალში გამოიფიტება. რუსებსაც იმედი აქვთ, რომ უკრაინელებს დაამარცხებენ. „რუსეთი დღეს ომის დასრულებას კარგ ვარიანტად არ თვლის“, - ამბობს ექსმინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი, - "კრემლში ფიქრობენ, რომ მათ უკეთესი პოზიციები აქვთ. ესე იგი, ჩვენ მათ ცუდი ვარიანტი უნდა შევუქმნათ. [რუსებისთვის] ჯერ არავის უჩვენებია იმ, ჭეშმარიტად კატასტროფული შედეგების სურათი, თუ საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტენ“.
მოამზადა სიმონ კილაძემ