როდის დაიწყება ახალი დიდი ომი?! - როდის გასცემს ტრამპი ირანზე დარტყმის ბრძანებას და რეალურად, რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

როდის დაიწყება ახალი დიდი ომი?! - როდის გასცემს ტრამპი ირანზე დარტყმის ბრძანებას და რეალურად, რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს

ტრამპის ორი საბაბი ირანზე დასარტყმელად...

„მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ“, -განაცხადა რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და დაამატა -„ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი ხომალდი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება“...

ანუ პრეზიდენტი ტრამპი ორ ძირითად საბაბს-ირანის ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება- მოიშველიებს,რისი არშესრულების შემთხვევაში აშშ მზად იქნებიან შეიარაღებული ზემოქმედება დაიწყონ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ...

პირველი საბაბი-ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტა, აქტუალური გახლდათ გასულ წელსაც, როდესაც 2025 წლის 22 ივნისს ამერიკამ პირველად დაბომბა ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები 14 ცალი მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი ბომბით, რის შემდეგაც პრეზიდენტი ტრამპი გულზე მჯიღს იცემდა და აცხადებდა - ჩემმა მაგარმა მფრინავებმა ირანის სამივე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი ისე დაბომბეს, რომ იქ ყველაფერი განადგურდაო...

თუმცა, მაშინ თვით აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებშიც კი არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა.

და თუკი, ერთი წლის წინ სწორედ ტრამპი გახლდათ მართალი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება-გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით,მ აშინ ახლა როგორ გამოადგება საბაბად ისევ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, თუკი ისინი ისედაც უკვე სრულიად განადგურებულნი არიან?

trampis-zala-1769760672.jpg
ხმელთაშუა, წითელ და არაბეთის ზღვებში თავმოყრილი ამერიკული სამხედრო საზღვაო დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან ირანის ტერიტორიაზე საჰაერო შეტევების დასაწყებად...

მეორე საბაბის მოშველიება -მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება-უკვე ძალიან დაგვიანებულია, რადგან ირანის ქალაქების ქუჩებში მომიტინგეების მიმართულებით სროლები ძირითადად 8-9 იანვარს ხორციელდებოდა ირანის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან (სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას,რომ მომიტინგეების ნაწილი ასევე უარს არ ამბობდა პოლიციის შენობებისა და მანქანების გადაწვაზე), სწორედ იმ დროს, როდესაც ტრამპი მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებდა-ნახეთ, რა მაგარი ვარ, ვენესუელის პრეზიდენტი მადურო რა ადვილად მოვიტაცეო...

ამ დღეებში ირანის ქუჩებში დემონსტრანტებს საბედნიეროდ აღარ ესვრიან, იმიტომაც, რომ ქუჩებში მასობრივი დახვრეტების შემდეგ ხალხი დაშინდა, სახლებში გამოიკეტა და ტრამპმა ახლა როგორ უნდა გაამართლოს ირანზე დარტყმა იმით, რომ ამ ქვეყნის ქუჩებში კიდევ ესვრიან მომიტინგეებს?

მაშინ, როდესაც ირანის ქუჩებში მართლაც ხვრეტდნენ მომიტინგეებს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მათ პირდაპირ მოუწოდა-გააგრძელეთ ირანის ხელისუფლების ინსტიტუტების აღება, დახმარება უკვე გზაშიაო!

ტრამპის ეს მოწოდება ირანელი დემონტრანტების უდიდესი ნაწილის ყურამდე ვერ მივიდოდა, რადგან აითოლების რეჟიმმა ქვეყანაში ინერნეტის კავშირი გამორთო, მაგრამ ტრამპის ეს მოწოდება ხომ გახლდათ პროვოკაციული? თუნდაც იმიტომ, რომ არავითარი დახმარება არ ყოფილა გზაში და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით კარიბის ზღვაში,ვენესუელის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს იყო თავმოყრილი-ატომური ავიამზიდისა და მისი თანხმლები საესკადრო ნაღმოსნების, სარაკეტო ფრეგატებისა და ატომური წყალქვეშა ნავის ჩათვლით და ეს ყველაფერი ერთი კაცის(მეუღლესთან ერთად) მოსატაცებლად?!

როგორც ჩანს, ტრამპი რამდენიმე დღეში ალბათ მართლაც გასცემს ბრძანებას ირანზე საჰაერო იერიშების მისატანად, რადგან აშშ-მა ირანის გარშემო ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზებში, აგრეთვე ხმელთშუა,წითელ და არაბეთის ზღვებში მნიშვნელოვან საჰაერო და საზღვაო ძალას მოუყარა თავი, როგორიც იქ არ ყოფილა 2025 წლის 22 ივნისისას-აშშ-ის მხრიდან ირანზე განხორციელებული პირველი საჰაერო შეტევისას.

ამერიკული საჰაერო შეტევების სამიზნეები გახდებიან ირანის, ისევ ბირთვული ობიექტები,აეროდრომები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შტაბები და მიწისქვეშა ბუნკერები.

მაგრამ,მ არტო საჰაერო დაბომბვებით აშშ-ები და მის უკან მდგარი ისრაელი, მაინც ვერ მიაღწევენ ირანში აითოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის ჩამოგდებას, ამას სახმელეთო ოპერაციაც სჭირდება...

ასევე დაგაინტერესებთ: ციდან "ჩამოხსნილი" მორიგი რუსული „იხვნისკარტა“ და აეროდრომებზე აფეთქებული კიდევ 15 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი

უკრაინულ "პეტრიოტებს" 140-ზე მეტი რუსული "ისკანდერი" და "კინჟალი" ჩამოუგდიათ...

"მოკალით ყოველთვე 50 000 რუსი!.." - დიდი სასაკლაოს სტატისტიკა: ვინ რამდენი მებრძოლი დაკარგა რუსეთ-უკრაინის ომში

რუსული "გერანების" ნავარდი კიევის ცენტრში ანუ როგორ ეხმარება ილონ მასკი თავისდაუნებურად პუტინს უკრაინის წერტილოვან დაბომბვებში

ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციებში ამერიკელი სამხედროების ჩართვა კი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავლებს-ტრამპი ამერიკას კორეის, ვიეტნამისა თუ ავღანეთის ომების მსგავს, ახალ, ირანის ომის ჭაობში ჩაითრევს, რაც არის კიდეც რუსეთისა და ჩინეთის ფარული სურვილიც...

შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციაში იმის დიდი იმედი აქვთ, რომ აითოლების რეჟიმის სამთავრობო რეზიდენციებისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტების ამერიკული თვითმფრინავებიდან დაბომბვის შემდეგ,ირანელი მომიტინგეები ხელახლა მასობრივად გამოვლენ ქუჩებში და სწორედ ისინი გახდებიან ის სახმელეთო ძალა, რომელიც აითოლების ხელისუფლებას ჩამოაგდებს,მაგრამ ეს მომენტი პრეზიდენტმა ტრამპმა ხელიდან გაუშვა ა.წ.-ის დასაწყისში, როდესაც ირანიდან 11 280 კმ-ით დაშორებულ ვენესუელაში ავტობუსის ყოფილი მძღოლის-პრეზიდენტ მადუროს მოტაცების გრანდიოზულ მასშტაბის ოპერაციას გეგმავდა დიდძალი სამხედრო ძალის მობილიზირებით ვენესუელის სიახლოვეს...