„მოსკოვის მექანიზმი“ თბილისისთვის - დიპლომატიური „ჩხრეკის ორდერი“, რომელსაც ვეტოს ვერავინ დაადებს?! - კვირის პალიტრა

„მოსკოვის მექანიზმი“ თბილისისთვის - დიპლომატიური „ჩხრეკის ორდერი“, რომელსაც ვეტოს ვერავინ დაადებს?!

2024 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან მიმართებით პირველად გაჟღერდა „ვენის მექანიზმის“ ამოქმედება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა რაღაც კატასტროფულს, რადგან ეს მექანიზმი რეალურად კითხვების დასმით შემოიფარგლება. თუმცა, „ვენის მექანიზმი“ მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს გახლდათ ერთგვარი „ყვითელი ბარათი“ - გაფრთხილება, რომ პარტნიორების კითხვები მხოლოდ რიტორიკული აღარ იყო. მით უმეტეს, რომ ამით გამოიხატა ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს შეშფოთება, „ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებაზე, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტლების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენების გამო -საქართველოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდეს. დღეს კი, როდესაც 24-მა სახელმწიფომ უკვე „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, ნათელი ხდება, რომ დიპლომატიური თავაზიანობის დრო საბოლოოდ დასრულდა.

"ვენიდან" "მოსკოვამდე" - რატომ დამძიმდა თამაშის წესები?

ორივეს - „ვენის მექანიზმსაც“ და „მოსკოვის მექანიზმსაც“ სახელი ამ კონკრეტულ ქალაქებში - ვენაში 1989 წელს და მოსკოვში 1991 წელს გამართული შეხვედრების გამო ეწოდა. 1989 წელს შექმნილი „ვენის მექანიზმი“ ცივილიზებული დიალოგის სივრცეა ანუ ეს არის შანსი, რომ სახელმწიფომ თავად გასცეს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაჩენილ კითხვებს. შარშანდელი პროცესიც სწორედ ამის მცდელობა იყო, რომ თბილისი მაგიდასთან დარჩენილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნების“ პასუხები თუ განცხადებები იმდენად არადამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ უკვე „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა და ეს პროცესის კრიტიკულ ფაზაში გადასვლას ნიშნავს.

„მოსკოვის მექანიზმი“ საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე, 1991 წელს შეიქმნა და მისი მიზანი თავიდანვე მკაფიო იყო - დასავლეთს სჭირდებოდა ბერკეტი, რომელიც სწრაფად გამოავლენდა დემოკრატიის უკანდახევას. ამ ინსტრუმენტის მთავარი ძალა შეუვალობაშია - ამ პროცესს ვეტოს ვერ დაადებ, შესამოწმებელი ქვეყნის ნებართვა არავის სჭირდება. საქმეს პოლიტიკოსები კი არა, დამოუკიდებელი ექსპერტები იძიებენ, მათი დასკვნა კი დოკუმენტია, რომელიც მართალია, თვითონ არანაირ სანქციას არ აწესებს და მხოლოდ საგამოძიებო შედეგებია ასახული, მაგრამ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რეაგირების გარეშე არ ტოვებს.

საინტერესოა, რომ 1991 წლის შემდეგ ეს მექანიზმი 20-ჯერ გამოიყენეს. 2000-იანი წლებიდან კი ამ მექანიზმს, ძირითადად, რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ იყენებენ და ერთხელ, 2003 წელს გამოიყენეს თურქმენეთში. მექანიზმი ამოქმედდა მასობრივი რეპრესიებისა და ოპოზიციის დევნის გამო. ამით საერთაშორისო თანამეგობრობამ პირველად დააფიქსირა რეჟიმის სრული იზოლაცია და ქვეყანას Pariah state (გარიყული სახელმწიფოს) იურიდიული იარლიყი მიენიჭა. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რამდენიმე მკაცრი რეზოლუცია თურქმენეთში ადამიანის უფლებების შესახებ, ევროკავშირმა კი წლებით შეაჩერა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ (PCA) რატიფიცირება. ქვეყანა მოექცა დე ფაქტო იზოლაციაში, რაც დასავლური ინვესტიციების შეწყვეტაში გამოიხატა. ეს იყო სიგნალი, რომ თურქმენეთის ხელისუფლება არ იყო სანდო პარტნიორი.

ბელარუსის წინააღმდეგ ეს მექანიზმი სამჯერ - 2011, 2020 და 2023 წლებში ამოქმედდა. 2011 წელს - არჩევნების შემდგომი დარბევების გამო, ხოლო 2020 წელს - მასობრივი წამებისა და გაყალბების ფაქტებზე. ამ ანგარიშის საფუძველზე შეიქმნა „ბელარუსის საერთაშორისო ანგარიშვალდებულების პლატფორმა“ (IAPB), რომელიც დღემდე აგროვებს მტკიცებულებებს დამნაშავეების დასასჯელად. ევროკავშირმა სრულად გადახედა ფინანსურ დახმარებას. ევროპული ფული, რომელიც მანამდე სახელმწიფო პროექტებში (ინფრასტრუქტურა, რეფორმები) მიდიოდა, მომენტალურად გაიყინა და გადამისამართდა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ლუკაშენკოს რეჟიმმა დაკარგა წვდომა მილიარდობით ევროს დახმარების პაკეტზე („ევროპული გეგმა დემოკრატიული ბელარუსისთვის“). 2023 წელს მექანიზმი კვლავ ამოქმედდა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების სისტემური გაუარესების გამო. ამ დასკვნის საფუძველზე, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ ბელარუსში ვითარება აღარ არის „კრიზისული“, არამედ - არის „სისტემური დანაშაული“. ამან კი გამოიწვია ბელარუსის მეზობელი ქვეყნების (პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია) მიერ საზღვრებისა და დიპლომატიური არხების კიდევ უფრო მეტად ჩაკეტვა. ქვეყანა საბოლოოდ მოექცა „ევროპული უსაფრთხოების რუკის“ მიღმა.

ძალიან საინტერესოა 2018 წლის ჩეჩნეთის შემთხვევა, როდესაც რუსეთმა სცადა მექანიზმის საბოტირება და ექსპერტები ქვეყანაში არ შეუშვა, თუმცა ამან პროცესი ვერ შეაჩერა. მისიამ მუშაობა დისტანციურად დაასრულა, დადო უმძიმესი ანგარიში, რომელიც მოგვიანებით ჩეჩენი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების უმთავრეს სამართლებრივ საფუძვლად იქცა და საფუძველი ჩაუყარა „მაგნიტსკის სიის“ გაფართოებას და პერსონალურ სანქციებს - ჩეჩნეთის მაღალჩინოსნებს, მათ შორის - რამზან კადიროვს, დაუწესდათ პერსონალური სანქციები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეუთოს მექანიზმი უშუალოდ გახდა კონკრეტული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური შეზღუდვების საფუძველი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ რამდენჯერმე ამოქმედდა, სხვადასხვა აქცენტით - ომის დანაშაულებზე, ბავშვების დეპორტაციასა და სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებაზე. ეს არის „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების ყველაზე მაღალი იურიდიული წერტილი. ანგარიშები მომზადდა 45 ქვეყნის მოთხოვნით. ამ მექანიზმის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები (მაგალითად, ბავშვების დეპორტაციაზე) პირდაპირ გადაეცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC). ამან დააჩქარა პუტინის დაპატიმრების ორდერების გაცემა. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანამ (მაგ. გერმანია) დაიწყო გამოძიება უნივერსალური იურისდიქციის ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ ანგარიშში ნახსენებ პირებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაპატიმრება ემუქრებათ. ეს კი აჩვენებს, რომ მექანიზმი პოლიტიკური კრიტიკიდან სამართლებრივ დევნამდე მიმავალი პირდაპირი ხიდია.

საქართველოს რეალობა 2026 - დავრჩით თუ არა მარტო?

უკვე ცნობილი გახდა, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ თბილისთან მიმართებაშიც ამოქმედდა (ოპოზიცია ამ მექანიზმის ამოქმედებას ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ითხოვდა). მექანიზმის ამოქმედებას 24 ქვეყანა აწერს ხელს, პროცესის ავანგარდში კი დიდი ბრიტანეთია. სიაში, ასევე, არის გერმანია, კანადა, სკანდინავია და სხვა. თუმცა ყველაზე მტკივნეული უკრაინისა და მოლდოვის ხელმოწერაა, რადგან კიდევ უფრო ღიად გამოჩნდა, რომ „ასოცირებული ტრიო“ საბოლოოდ დაიშალა და თან ისე, რომ თბილისმა ამ ტრიოს არა მხოლოდ ლიდერობის ფუნქცია დაკარგა, არამედ -მისი მომავალი საერთოდ გაურკვეველია...

ამ მექანიზმის მთავარი ასპექტი ის არის, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, მის ამოქმედებას არ სჭირდება სახელმწიფოს თანხმობა. ექსპერტთა ჯგუფი მაინც შეიქმნება და თუ ხელისუფლება მათ არ შემოუშვებს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. ასეთ დროს ექსპერტები დისტანციურად იმუშავებენ, მათი დასკვნა კი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მწვავე იქნება.

რისკები, რომლებიც ჩვენ გვეხება

მხოლოდ მექანიზმი თავისთავად უშუალოდ იმას არ ნიშნავს, რომ „ოცნების“ ლიდერებს სანქციებს დაუწესებენ. რა და როგორი რეაგირება იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, დამოკიდებული იქნება დასკვნაზე, თუ გამოძიების შედეგად რა გამოვლინდება.

მოსკოვის მექანიზმის ნეგატიური ანგარიში ავტომატურად აამოქმედებს რისკების მთელ ჯაჭვს. პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ ხვდება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და სხვა ფინანსური დახმარების ფონდები, რაც ქვეყნისთვის მილიონობით ევროს დაკარგვას ნიშნავს. საფრთხე ექმნება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. თუმცა ყველაზე საგრძნობი დარტყმა შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იყოს, რადგან ეს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევასთან შეუთავსებელია. ევროკავშირისთვის ეს ანგარიში იქცევა „წითელ შუქად“. კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, საქართველო სამართლებრივად ვეღარ გააგრძელებს გაწევრების გზას. ინიციატორი 24 ქვეყანა ევროკავშირის საბჭოში ნებისმიერ წინსვლას დაბლოკავს, ხოლო კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, ოფიციალურად შეჩერდეს.

საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობებში უკვე გარდამტეხი ეტაპია. პროცესის დასასრულს, სავარაუდოდ, მოვლენების განვითარების ორი ძირითადი სცენარი გამოიკვეთება - პირველი სცენარი გულისხმობს საგარეო პოლიტიკური იზოლაციის გაღრმავებასა და პარტნიორული ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანას. თუ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები რეაგირების გარეშე დარჩება, ეს შექმნის სამართლებრივ საფუძველს, პერსონალური თუ ეკონომიკური შეზღუდვებისთვის, რაც ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკის მიღმა მოაქცევს.

მეორე სცენარი კი უკავშირდება მისიასთან თანამშრომლობასა და ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებას. ეს გზა გულისხმობს პოლიტიკური კურსის კორექტირებას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რაც ევროპული ინტეგრაციის პროცესის აღდგენის წინაპირობაა.

„მოსკოვის მექანიზმი“ არის სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისა და დემოკრატიული სტანდარტების ფორმალიზებული შეფასება. ის განსაზღვრავს, რამდენად თავსებადია საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური გარემო იმ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილი 1991 წლიდან ჩვენი ქვეყანაც არის. 2026 წლის განმავლობაში მომზადებული ექსპერტული ანგარიში იქნება ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივას გრძელვადიან პერიოდში ჩამოაყალიბებს. არჩევანი, თუ როგორ უპასუხებს სახელმწიფო ამ ინსტიტუციურ გამოწვევას, უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის სტაბილურობასა და მის ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

რუსა მაჩაიძე

(სპეციალურად საიტისთვის)