"ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიებას რაც შეეხება - უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო” - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიებას რაც შეეხება - უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო” - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ინიციატივის მიზანი ქართველი ხალხის თავდასხმა და დაშინებაა.

„ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების გამოყენება, სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. გაბუტულ პოზიციაში არიან. არაკვალიფიციური პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კარგად ჩანს, რომ დიალოგს და საუბარს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ. ჩვენ არაფერი, არავისთან დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-იმ გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არ ყოფილა. ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც. ამ სიყალბის შემდეგ და ჩატარებული გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგერ არის გამოძიების მასალები და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს მივცეთ შესაძლებლობა, მასალებს გაეცნონო“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს, რატომ? - იმიტომ, რომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან - „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორი პოლონეთია, რომლის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, „საქართველოში წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და გვერდში მდგომია“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა