რუსეთს დიდი კატასტროფა ემუქრება?! - "ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ერთ წელიწადში სრულად ამოიწურება" - კვირის პალიტრა

რუსეთს დიდი კატასტროფა ემუქრება?! - "ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ერთ წელიწადში სრულად ამოიწურება"

თუ ნავთობის ფასები ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნდება, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები შესაძლოა, ერთ წელსა და რამდენიმე თვეში ამოიწუროს. ამ აქტივებს ფედერაციის მთავრობა ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის საშემოსავლო დეფიციტის კომპენსირებისთვის იყენებს.

ამის შესახებ რუსეთში სიდიდით მესამე სახელმწიფო ბანკის, „გაზპრომბანკის“ ეკონომიკური პროგნოზირების ცენტრის ექსპერტები პროგნოზირებენ.

მათი მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ეროვნულ კეთილდღეობის ფონდში 4.1 ტრლნ რუბლის (54.2 მლრდ დოლარის) გამოუყენებელი სახსრები იყო დარჩენილი, რაც ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე განთავსებულ ვალუტასა და ოქროს მოიცავს. „გაზპრომბანკი” წერს, რომ ამ რეზერვების ამოწურვის ტემპი ხანგრძლივობასა და ნავთობზე ფასის კლებაზე არის დამოკიდებული. ამჟამად ფონდიდან სახსრები მაშინ გადის, როცა ბარელ ნავთობზე ფასი 59 დოლარზე დაბლა ეცემა.

„გაზპრომბანკის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობზე ფასის, დაახლოებით, 40 დოლარის შემთხვევაში კეთილდღეობის ფონდში დარჩენილი სახსრები ერთ წელსა და რამდენიმე თვეში ამოიწურება. თუ კოტირებები 30-35 დოლარამდე დაეცემა, ფონდი შესაძლოა, წლის ბოლომდე დაცარიელდეს, ხოლო ბარელზე ფასის 50 დოლარის შემთხვევაში რეზერვები ორნახევარ წელიწადს გაძლებს.

ასევე, დიდ როლს თამაშობს სხვა მიზნებისთვის ფონდის გახარჯვა, როგორიც არის, მაგალითად, 2026-2028 წლების მიმდინარე ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები, რისთვისაც ფონდიდან 1 ტრლნ რუბლი (13.2 მლრდ დოლარი) უნდა დაიხარჯოს.

“გაზპრომბანკის” ექსპერტები წერენ, რომ “რადგან ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური ნაწილის მოსალოდნელი ამოწურვა ერთ წელს მიუახლოვდა, ეს ბიუჯეტში ჩადებული 59-დოლარიანი ზღვრული ფასის შემცირებას მოითხოვს, რასაც შედეგად ფედერალური ბიუჯეტის ხარჯის ან შემოსავლის წყაროს გადახედვა მოჰყვება.”

რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლების განმავლობაში ნავთობის ზეშემოსავლის შედეგად ივსებოდა და უკრაინის ომამდე 113 მლრდ დოლარის ლიკვიდურ აქტივებს, ანუ მშპ-ის 6.5%-ს ფლობდა. 2026 წლის დასაწყისისთვის ეს თანხა 2.5-ჯერ, 52 მლრდ დოლარამდე, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 3.5-ჯერ, 1.9%-მდე შემცირდა.

მეგაპროექტებზე მასიური ხარჯისა და ბიუჯეტში “ხვრელის” შევსების შემდეგ ფონდის ოქროს რეზერვები 554 ტონიდან 71%-ით, ანუ 160 ტონამდე შემცირდა. უცხოური ვალუტის რეზერვებიდან მხოლოდ 30 მლრდ დოლარის ღირებულების ჩინური იუანი დარჩა, რაც 2008 წელს ფონდის შექმნის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

განაგრძე კითხვა