კიდევ რამდენ ღამეს გაუწევს ანგარიშს ტრამპის თხოვნას პუტინი და არ დაარტყამს უკრაინულ თბოელექტროსადგურებს? - კვირის პალიტრა

კიდევ რამდენ ღამეს გაუწევს ანგარიშს ტრამპის თხოვნას პუტინი და არ დაარტყამს უკრაინულ თბოელექტროსადგურებს?

“პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ, ეს ძალიან კარგი იყო. ბევრი ხალხი ამბობდა, რომ საჭირო არ იყო უსარგებლო ზარის გაკეთება, ვინაიდან არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გააკეთეს”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა 29 იანვარს და მართლაც, 29-30 და 30-31 იანვრის ღამეებს რუსულ „ისკანდერებსა“ და „გერანებს“ არ მიუყენებიათ საჰაერო დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე,თუმცა სხვა სამიზნეებს მაინც შეუტია ასზე მეტმა რუსულმა კამიკაძე-დრონმა.

ანუ პუტინი ასრულებს ტრამპთან დადებულ „ჯელტმენურ შეთანხმებას“ და დროებით მორატორიუმს აცხდებს უკრაინულ ელექტო და თბოსადგურებზე თავდასხმაზე, რასაც მანამდე რუსეთი დიდი ინტენსივობით ახდენდა,მაგრამ საინტერესოა,კიდევ რამდენი ღამე გასტანს უკრაინის ქალაქების და პირველ რიგში კი კიევის იმ მილიონობით მოსახლის „მოსვენება“,რომლებიც მერამდენე დღეა გათბობა და შუქ გამორთულ სახლებში ისედაც იყინებიან?

ტრამპის განცხადებით ეს „მორატორიუმი“ პუტინმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს ანუ 5 თებერვლამდე მაინც,თუმცა მოსკოვიდან სხვანაირად ითვლიან ამ „ჯელტმენური შეთანხმების“ ხანგრძლივობას...

ene-1769851240.png
უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვა პუტინის „ზამთრის ომის“ ტაქტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია...

„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში“-აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

გამოდის,რომ პუტინის „მორატორიუმი“ კიდევ მხოლოდ ერთ, 31 იანვარი-1 თებერვლის ღამეს თუ გაგრძელდება,რის შემდეგაც რუსეთი ისევ გააგრძელებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს, „ზამთრის ომის“ ტაქტიკით, რომლის მიზანია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლების გაყინვა გათბობისა და ელექტროდენის გარეშე დარჩენილ მათსავე სახლებში...

თანაც სინოპტიკოსები ვარაუდობენ,რომ სწორედ 1 თებერვლის შემდეგ დაბრუნდება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში 25-27 გრადუსიანი ყინვები,რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის უკრაინის მოსახლეობას...

აღსანიშნავია, რომ ყველაზე აგრესიული რუსი პროპაგანდისტების ნაწილი ღიად უწუნებს პუტინს ასეთი რამდენიმედღიანი „მორატორიუმის“ გამოცხადებას და მოითხოვს უკრაინის კიდევ უფრო დაუნდობლად დაბომბვის გაგრძელებას...

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა,რომ სანამ გაგრძელდება პუტინის „მორატორიუმი“ უკრაინული თბოსადგურების არ დაბომბვაზე,არც უკრაინული მხარე შეუტევს რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე...