სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მიმართავენ მოთხოვნით, შეჩერდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების პროცესი და საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე საჯარო განხილვა გაიმართოს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები მიმართავენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოთხოვნით, შეჩერდეს სტუ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების პროცესი და საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე საჯარო განხილვა გაიმართოს.
განცხადების ავტორებმა პეტიციაც შეიმუშავეს უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი სტრუქტურული გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს საჯარო და დასაბუთებულ განხილვას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და საგანმანათლებლო პროცესით დაინტერესებული პიროვნებები გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
104 წლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ქართული ტექნიკური და საინჟინრო განათლების ფუნდამენტს. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელებს, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე, გიორგი ნიკოლაძე და მრავალი სხვა, რომელთა ხედვით, აუცილებელი იყო ეროვნული ტექნიკური განათლების სისტემის ცალკე ინსტიტუციად განვითარება. გააგრძელეთ კითხვა