რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა... - კვირის პალიტრა

რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...

გუშინ, 30 იანვარს დედამიწის ორბიტაზე შეჯახება დააფიქსირა შვეიცარიის მონიტორინგის სამსახურმა და გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს კოსმოსის ფონზე ერთი სწრაფად მოძრავი ნათელი წერტილი როგორ ეჯახება მეორე ნათელ წერტილს...

მარტო ამის ნახვით ადამიანი ბევრ ვერაფერს მიხვდებოდა, რომ არა სპეციალისტების ახსნა-NORAD 40258 შიფრის ქვეშ მყოფი რუსული სადაზვერვო თანამგზავრი Луч-ი „კოსმოსურ ნაგავთან“ შეჯახების შედეგად ფრაგმენტებად დაიშალა და დედამიწის ორბიტაზე თავადაც ახალ „კოსმოსურ ნაგავად“ გადაიქცა...

ასეთი შეჯახებები დედამიწის ორბიტაზე არცთუ იშვიათია, გავიხსენთ თუნდაც ცოტა ხნის წინ ჩინურ ორბიტალურ სადგურზე „კოსმოსური ნაგავის“ მიერ დაზიანებული ილუმინატორი, რის გამოც ჩინეთმა თავისი ტაიკონავტების (რუსები კოსმოსში გაგზავნილ თანამემამულეებს კოსმონავტებს ეძახიან, ამერიკელები კი ასტრონავტებს) დედამიწაზე დაბრუნება ამ დაზიანებული ხომალდით ვეღარ გარისკა და ახალი გაუშვა, მათი მიწაზე უსაფრთხოდ დასაშვებად.

gyvyqjcgt8apyb9axbcdce-1200-80-1769878222.jpg

მაგრამ, რუსული თანამგზავრი „ლუჩი“ თავიდანვე ძალზე „უცნაურად იქცეოდა დედამიწის გეოსტაციონალურ ორბიტაზე, რის გამოც ამერიკელებმა და ფრანგებმა მოსკოვს პროტესტი განუცხადეს მას შემდეგ, რაც რუსული „ლუჩი“ საეჭვოდ მიუახლოვდა ამ ქვეყნების თანამგზავრებს და დიდი ალბათობით ახდენდა ამ თანამგზავრების მხრიდან დედამიწაზე გადმოცემული ინფორმაციის გადაჭერას.

თუმცა დასავლეთში არცთუ უსაფუძვლოდ იმასაც უფრთხიან, რომ რუსეთი დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების გადაჭერა-განადგურების სპეციალური მანევრების დახვეწას „ასწავლის“ თავის ჯაშუშ-თანამგზავრებს, რათა საჭირო მომენტში რუსეთის გენერალურ შტაბს შეეძლოს ამერიკული და ევროპული სადაზვერვო თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანა მათზე სპეციალურად შეჯახებით ან კიდევ ორბიტაზე ასიათასობით ლითონის პატარა ბურთულების გაბნევით,რის შემდეგაც ისინი „თანამგზავრების მკვლელებად“ გადაიქცევიან.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაკუთრებით აღელვებს ილონ მასკის „სტარლინკის“ რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაყვანა დედამიწის ორბიტაზე, რადგან მასკის თანამგზავრებს უდიდესი ამოცანების შესრულება შეუძლიათ პენტაგონის ინტერესებში...

თავის მხრივ არც დასავლეთის სპეცსამსახურები და სამხედროები სხედან გულხელდაკრეფილები და თავადაც გეგმავენ რუსული და ჩინური სადაზვერვო თანამგზავრების „თავიდან მოშორების“ ტაქტიკას...

ასე რომ, გუშინ დედამიწის ორბიტაზე იმ რუსულ ჯაშუშ-თანამგზავრს, რომელმაც ასე მოაბეზრა თავი ამერიკელ გენერლებს, „კოსმოსური ნაგავი“ შეიძლება შემთხვევით სულაც არ დაჯახებია...

ვიდეო: დედამიწის ორბიტაზე რუსულ ჯაშუშ-თანამგზავრზე „კოსმოსური ნაგავის“ შეჯახების ვიდეოკადრები