"შარლიზ ტერონი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ეკრანებზე ვხედავთ" - რას ჰყვება ჰოლივუდის ვარსკვლავზე ქართველი წამყვანი, რომელიც მსახიობს შემთხვევით შეხვდა
ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანმა, უმშვენიერესმა ანნა იმედაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში აღიარებულ მოდელთან და მსახიობთან - შარლიზ ტერონთან ერთადაა... ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა „სახლურ“ ფორმაში ვერც იცნო ჰოლივუდის ვარსკვლავი...
მეტის გასაგებად ანნას ამერიკაში დავუკავშირდით...
- ანნა, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ლეგენდარულ შარლიზ ტერონთან ერთად?
- მოგეხსენებათ, უკვე ოთხი წელია მე და ჩემი ოჯახი ემიგრაციაში, ამერიკაში ვართ. მეუღლე, ჩემი შვილები და მე ამ წლების განმავლობაში კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ. ვცდილობთ ხოლმე, შაბათ-კვირას ქალაქიდან გავიდეთ, ან გასართობი, რამე თავშესაქცევი მოვიფიქროთ ჩვენთვის და ბავშვებისთვის...
როდესაც შარლიზ ტერონთან ერთად გადაღებული ფოტოები დავდე, ლოკაცია განგებ არ მივუთითე. აქტუალურ დროში დავდე, მაშინვე, როგორც გადავიღე და გულწრფელად ვამბობ, მომერიდა, დასასვენებლად მყოფი ადამიანი არ შეეწუხებინათ.

- სად გადაიღეთ სამახსოვრო ფოტო?
- ეს არის ქალაქი ოჰაი, სადაც ამერიკელებს შაბათ-კვირას დასვენება ძალიან უყვართ. იქ ხალხი ნაკლებად ცხოვრობს, აგარაკები უფრო აქვთ და ტურისტულად ძალიან აქტიური ქალაქია. ჩვენც ასე ჩავედით, არაჩვეულებრივი ამინდი იყო და ფეხით ვსეირნობდით. მე პირველად ვიყავი ოჰაიში და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ერთგან შევჩერდი, ვფიქრობდი, როგორი მოხიბლული ვიყავი ამ ქალაქით და ვცდილობდი, გამეანალიზებინა, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად. მივხვდი, რომ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო, სუფთა და მშვიდი გარემო იყო, ხალხის ნაკადითაც გამოირჩეოდა, ძალიან კარგი საზოგადოება იყო. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, დავინახე ძალიან ლამაზი ადამიანი მოდიოდა, გრაციოზული, ძალიან განსხვავებული გარეგნობის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სამოსში იყო, უმაკიაჟოდ, სათვალე ეკეთა, მომენტალურად ვიცანი, რომ შარლიზ ტერონი იყო. ზოგადად, ძალიან მორიდებული არ ვარ, ვინმესთან მისვლა და გამოლაპარაკება მომერიდოს, მაგრამ გავიაზრე, რომ დასასვენებლად იყო ჩამოსული და მისი პირადი სივრცე არ უნდა დამერღვია. დაცვაც არ ახლდა, მოსეირნობდა მშვიდად... ჩემმა მაზლმა მითხრა, კიდევ შეიძლება ვეღარ შეხვდე და ამიტომაც მიდიო... ამის თქმა და მეც ისე დამემართა, წამებში რომ გააანალიზებ, იმ ადამიანს რომ ხედავ, რომელიც შენი ბავშვობის კუმირია, ულამაზესი მსახიობი, თან იმასაც რომ აღიქვამ, კიდევ შეიძლება ვერ შეხვდე, რატომაც არა, მივალ-მეთქი, გადავწყვიტე...
შარლიზ ტერონი ისე მოდიოდა, გამოთქმა რომ არის, მოდიოდა და მოჰქონდაო... რაღაცნაირი ძალიან მოხდენილი სიარულის მანერით, წელში გამართული, აუღელვებლად. არ ვიცი, მომეჩვენა, თუ მართლაც ასე იყო, თითქოს ჩემი განზრახვა რომ გაიგო, ფეხს აუჩქარა. დასასვენებლად იყო ჩამოსული და სულაც არ უნდოდა ვიღაცები ადევნებოდნენ. რაც მნიშვნელოვანია, გარშემო თითქმის ვერავინ იცნო. ფოტოებიც რომ დავდე, ბევრმა მომწერა, ვერ ვიცანით, სანამდე არ წავიკითხეთო. მე კი შეხედვისთანავე ვიცანი... მივედი და მოვუბოდიშე, ვიცი, რომ დასასვენებლად ხართ ჩამოსული, მაგრამ თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ, ბავშვობიდან ძალიან მომწონხართ და თუ შეიძლება, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ-მეთქი. სიამოვნებით დამთანხმდა, რა თქმა უნდაო, მობრუნდა და სულ ორი კადრი მაქვს, მაგრამ ორივეგან კეთილგანწყობილად გამოიყურება, იღიმის...
ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ მომერიდა, მივედი და გამოველაპარაკე...
ფოტოზე მისი სილამაზის ნახევარიც კი არ აღიბეჭდა.
რამდენი სხვა ცნობილი ადამიანი მინახავს, მაგრამ შარლიზ ტერონი განსაკუთრებული სილამაზით და გრაციით გამოირჩევა. ძალიან ქარიზმატულია.
ის ხომ ჯერ მოდელი იყო, სამოდელო კარიერის შემდეგ წავიდა კინოინდუსტრიაში და მართლაც ეტყობა, რომ გამორჩეული გარეგნობის ქალია. თან 50 წლის არის და ჩემზე გაცილებით ახალგაზრდულად, უფრო ჯანსაღად გამოიყურება, სასწაული კანით და ულამაზესი. ანუ, რასაც ეკრანებზე ვხედავთ, იმაზე ბევრად უფრო ლამაზია.
შარლიზ ტერონის შვილები და ჩემი ორი მეგობრის შვილები ცეკვაზე ერთად დადიან, ოჯახებით მეგობრობენ და მათგანაც ვიცოდი, რომ ძალიან კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ადამიანია. სახლი ჰქონია ოჰაიში და ეტყობა, შაბათ-კვირას იქ ისვენებს და სავარაუდოდ, ამიტომაც ძალიან „სახლურად“ იყო გამოსული სასეირნოდ.
ზოგადად, კალიფორნია, ჰოლივუდი იმით გამოირჩევა, რომ ხშირად შეიძლება ცნობილ ადამიანებს შეხვდე. მე სხვებთანაც მაქვს გადაღებული ფოტოები და მიხარია, რომ ამ მხრივ კარგი გამოცდილება მაქვს. ჩემი აქაური მეგობრებისგან ვიცი, რომ რამდენიმე არც ისე კარგად ექცევა ფანებს, როცა სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სთავაზობენ. ყველას არ უხარია, არსებობენ ასეთი სელებრითებიც.
(სპეციალურად საიტისთვის)