"მანქანას წინ რაღაც შავი საგანი ჩამოუგორდა, ვერ გაარჩია..." - რას ჰყვება მერაბ კოსტავას ტრაგიკულ აღსასრულზე მისი დეიდაშვილი
ციცინო მაღლაფერიძე მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორია. ამავე დროს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ნათესავი - დეიდაშვილი. პროფესიით ქიმიკოსი უკვე 35 წელიწადია, ამ სახლ-მუზეუმში მუშაობს, ბევრი საინტერესო ამბის, ფაქტის, მოვლენისა თუ ისტორიის შესახებ ფლობს ინფორმაციას.
სწორედ ამიტომ, ციცინო მაღლაფერიძე ახლა Ambebi.ge-ს სტუმარია და მოგვითხრობს მერაბ კოსტავას მიერ განვლილი მეტად მძიმე და ტრაგიკული გზის შესახებ."მერაბ კოსტავა 1989 წელს გარდაიცვალა. მალევე, 1991 წელს ბატონი ზვიად გამსახურდიას თაოსონობით გაიხსნა ეს მუზეუმი. 1991 წლის იანვრიდან აქ ვარ და უკვე 35 წელი შეგვისრულდა. მუზეუმი ზანდუკელის ქუჩის #1-ში მდებარეობს. გამოვიდა, რომ აქ ნათესაობის ხაზით აღმოვჩნდი. მერაბ კოსტავას დედამ, ოლიკო დემურიამ მთხოვა, მოვსულიყავი. დედაჩემი და მერაბის დედა ბიძაშვილები იყვნენ.
მერაბი ამ სახლში ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ეს სახლი მის ბაბუას ვლადიმერ დემურიას ეკუთვნოდა. მერაბი მასთან გაიზარდა, ამას მიზეზები ჰქონდა - დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ დედა-შვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
მერაბს ძალიან უყვარდა ეს სახლი, რომელიც სამი ოთახი და დერეფანი იყო. მუზეუმის გახსნის წინ ოლიკო დეიდამ 2 ოთახი მუზეუმს დაუთმო. თავიდან ძალიან ვიწროდ ვიყავით, რადგან ერთ ოთახში ქალბატონი ოლიკო ცხოვრობდა. მთელი მასალა, რაც მერაბის გარდაცვალების შემდეგ დარჩა, მუზეუმს გადაეცა, რაც არც ისე ცოტა იყო.
ამ სივრცეში ძლივს ვატევდით, თან ექსპონატების დასაცავად სათანადო პირობები არ იყო. ქალბატონისგან, რომელიც ოლიკო დემურიას ოთახში საცხოვრებლად მისი გარდაცვალების შემდეგ (2003 წელს გარდაიცვალა) დარჩა, 2021 წელს მერიამ ის ოთახი გამოისყიდა და შეუერთა მუზეუმს.
შემდეგ 2022 წელს, ჩვენი ფონდიანად დროებით სხვა მისამართზე იმიტომ გადავედით, რომ სახლში რემონტი უნდა ჩატარებულიყო. რემონტის შედეგად სახლ-მუზეუმმა, მემორიალური ნაწილის გარდა, ის რაც მერაბის დროს იყო, ვეცადეთ, ისევე დაგვეტოვებინა. დაემატა სხვენი და სარდაფი. ექსპონატები კი შემდეგ ამ სივრცეში განლაგდა.
მოკლედ, თუ დაპატიმრების წლებს არ ჩავთვლით, მერაბი, სიცოცხლის ბოლომდე, ამ სახლში ცხოვრობდა. პირველად 1956 წელს დააპატიმრეს და ხუთიოდე თვე იყო პატიმრობაში. შემდეგ 1977 წელს და 10 წელი იხდიდა სასჯელს. ბუნებრივია, აქ მისთვის ძალიან ძვირფასი გარემო და ატმოსფერო იყო, მით უფრო, რომ ეს გარემო მის ბავშვობასაც უკავშირდებოდა. ეზოც ძალიან უყვარდა.
- ქალბატონ ოლიკოზე მოგვყევით... შვილის დაღუპვის შემდეგ 14 წელი უცოცხლია...
- ეს მუზეუმი ასაზრდოებდა... ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და მკაცრი დედა გახლდათ. მახსოვს, მერაბი ხანდახან საყვედურობდა, რატომ მაძალებდი მეცადენეობასო. შვილის დიდი მეგობარიც იყო. როგორც გითხარით, ოლიკო დეიდა, ავად იყო. (ერთი პერიოდი ძალიან მოდებული იყო ჭლექი და უფროსი დაც სწორედ ამ დიაგნოზით ჰყავდა გარდაცვლილი). ამიტომ ოლიკო დეიდას ჯანმრთელობაზე ყველა ზრუნავდა, მაგრამ ამ ნაავადმყოფარმა ქალმა, რომელიც ძალიან სუსტი გვეგონა, ბევრ გასაჭირს გაუძლო და რაც მთავარია, სულ მერაბის გვერდით იყო. არასოდეს უთქვამს, - რატომ აირჩიე ასეთი რთული გზა?! მისგან ასეთი საყვედური არასოდეს მომისმენია. პირიქით, სულ მის დახმარებას ცდილობდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ კი 24 საათი უნდოდა მასზე ესაუბრა.
- მუზეუმში მერაბ კოსტავას მემორიალური ოთახი მართლაც საინტერესოა...
- აქ მისი ნივთები ზუსტად იმ სახითაა გამმოფენილი, როგორ 1977 წელს, როდესაც დაპატიმრების შემდეგ სახლი დატოვა... აქ სრის სამფერა დროშები, რომლითაც შემდგომ მიტინგებზე გამოდიოდა, ასევე წმინდა ილია მართლის საზოგადოების დროშა, მერაბის ხელნაწერები, საბეჭდი მანქანა, არალეგალური ლიტერატურა, რასაც ბეჭდავდნენ, მისი ტანსაცმელი. არის კიდევ სხვა ნივთებიც და ვეცდებით, დრო და დრო ისინიც გამოვამზეუროთ.