"პარიზისა და ნიუ-იორკის შემდეგ სად იმუშავებ, სულერთი არ არისო?" - ქართული თეატრის ორი ვიქტორ ნინიძე - რას იხსენებს მანანა ნინიძე მამასა და ბაბუაზე?
ქართული თეატრის ისტორიაში თავისი წვლილი შეიტანა ორმა ვიქტორ ნინიძემ, ისინი მამა-შვილი იყვნენ. გასული საუკუნის 20-იან წლებში თბილისის თეატრალურ ცხოვრებას ახალმა თეატრმა აუწყო ფეხი. მსახიობმა და რეჟისორმა ვიქტორ ათანასეს ძე ნინიძემ, ჯერ "სანაგიტთეატრი" ჩამოაყალიბა, ხოლო რამდენიმე წელიწადში, მის ბაზაზე, თბილისის სანიტარული კულტურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა (1928 წელს). მისი ვაჟი, შემდგომში ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი - ვიქტორ ნინიძე ამ თეატრის ხშირი სტუმარი იყო ბავშვობიდანვე. უმცროსი ვიქტორის დებიუტი სცენაზე მაშინ შედგა, როცა 1934 წელს, შალვა დადიანის პიესაში „აჯილღა“, ახალგაზრდა გიმნაზისტის როლის შემსრულებელი დასჭირდათ. ბაბუასა და მამას იხსენებს ქალბატონი მანანა ნინიძე.
ბაბუას შესახებ
- სანკულტურის თეატრი რატომ ერქვა? ზუსტ დასახელებას გეტყვით, ეს იყო ქალაქ თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების სანკულტურის სახლთან არსებული სანკულტურის თეატრი. წარმოდგენები იმართებოდა პლეხანოვის სახელობის კლუბში. თავიდან არსებობდა, როგორც მოძრავი თეატრი და სანიტარული აგიტაციური პროპაგანდის გარკვეულ სახეს წარმოადგენდა. მერე სტაციონარულ სახელმწიფო თეატრად გადაკეთდა. 1945-46 წლების სეზონის ერთ-ერთი აფიშა გვაუწყებს: „თბილისის სანკულტურის სახლის მიერ ჩატარებული იქნება ქართულ ენაზე პროფესორ მესტიაშვილის ლექცია „ფილტვების ჭლექი და მისი თანამედროვე მკურნალობა“. ლექციის შემდეგ ნაჩვენები იქნება „სევდიანი პიესა“ - ავტორი გ. ქელბაქიანი.“
ბაბუა ასკანაში (ოზურგეთის რაიონი) დაიბადა და ჭაბუკობის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოფლის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1905 წლიდან ჭიათურის თეატრში მუშაობდა. 4 წლის შემდეგ გახდა თბილისის სახალხო სახლის მსახიობი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა კლუბთან არსებული დრამწრეების რეჟისორიც იყო და მსახიობიც. ის შესანიშნავად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს. დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა. ოზურგეთში პროფესიული თეატრი ბაბუამ ჩამოაყალიბა. სანკულტურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო ამ თეატრის არსებობის დღიდან, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უფროსი ვიქტორ ნინიძე თანაავტორია წიგნისა „თბილისის სანკულტურის თეატრი“.
სანკულტურის თეატრის ცხოვრებიდან
- თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი რეჟისორები და მსახიობები. ვასო ყუშიტაშვილმა ორი სპექტაკლი დადგა, ერთში - შირვანზადეს „პატიოსნებისთვის“ მამაჩემიც მონაწილეობდა. სხვათა შორის, ყუშიტაშვილი ამერიკასა და საფრანგეთში მუშაობის შემდეგ, საქართველოში რომ ჩამოვიდა, ზუგდიდის თეატრში დაიწყო მუშაობა. ერთხელ, მამაჩემს უკითხავს: პარიზსა და ნიუ-იორკში მუშაობდით და ზუგდიდში რამ მიგიყვანათო? რაზეც ასე უპასუხია: "შე "დურაკო", პარიზისა და ნიუ-იორკის შემდეგ სად იმუშავებ, სულერთი არ არისო?"
სკოლის დამთავრების შემდეგ მამაჩემი სწავლობდა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე და პარალელურად, სანკულტურის თეატრის მსახიობიც იყო. მამა იხსენებდა შეხვედრას და ურთიერთობას არაჩვეულებრივ მსახიობთან - ნუცა ჩხეიძესთან. უკვე ხანდაზმული ქალბატონი სპექტაკლ „მოჩვენებანში“ მონაწილეობდა და სცენიდან გამოსვლის შემდეგ მამაჩემი საგრიმიორომდე მიაცილებდა ხოლმე, რის გამოც, თავს ბედნიერ ადამიანად თვლიდა.
სპექტაკლში შესანიშნავად თამაშობდა ნიკოლოზ ხორავა, ძალიან სიმპათიური კაცი იყო. „მოჩვენებანი“ ისე ჩინებულად დადგა ცნობილმა რეჟისორმა - შოთა აღსაბაძემ, რომ წარმოდგენას გამოეხმაურა გაზეთი „მუშა“, სადაც დაიბეჭდა წერილი სათაურით - „დიდი სპექტაკლი პატარა თეატრში“. იმ პერიოდის ქართული თეატრის ისტორიაში ეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
სანკულტურის თეატრში დადგმული სპექტაკლების ამსახველი ფოტოებიდან ერთ-ერთზე ასეთი მინაწერია: „ჩემს მეორე ნათლიას! ნათლიას გიწოდებ იმიტომ, რომ 15 წლის ჩამოშორებული, შენ დამაბრუნე ქართულ თეატრში. მადლობა ყველაფრისთვის, შენი ნუცა ჩხეიძე".
მადლობის ადრესატი საქართველოს სახალხო არტისტი უფროსი ვიქტორ ნინიძე გახლდათ.
უმცროსი ვიქტორის პირველი როლი
- 14 წლისა იყო მამაჩემი, როცა თეატრში პირველი როლი შეასრულა, გიმნაზისტი ითამაშა. რეჟისორი ნიკო გოძიაშვილი დგამდა პიესას „აჯილღა“. პირობის თანახმად, თუ ვიქტორი სწავლაში ჩამორჩებოდა, ამ როლს აღარ შეასრულებდა. ერთხელ, მამამ რომელიღაც საგანში დაბალი ნიშანი მიიღო. უფროსმა ვიქტორმა რეჟისორი გამოიძახა და გიმნაზისტის როლის ახალი შემსრულებლის მოძებნა დაავალა. არადა, ათ დღეში პრემიერა უნდა გამართულიყო. მამაჩემი დაემორჩილა თეატრის დირექტორის, ანუ მამამისის განკარგულებას. ვერც ნიკო გოძიაშვილის დიპლომატიურმა მოლაპარაკებამ გაჭრა, ბაბუა პრინციპული იყო.
რეჟისორი მამაჩემს უკან გაჰყვა და უთხრა: გარეთ დამელოდეო. თეატრის პარტერის ფანჯრები ქსენიევის ქუჩაზე (მერე შეროზიას ქუჩა ერქვა) გამოდიოდა. ნიკომ ფანჯარა გააღო, ხელები გადმოსწია და მამაჩემი ასწია. ასე აღმოჩნდა მამა ისევ თეატრში და გაიარა რეპეტიცია იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც. ნიკო გოძიაშვილს ფანჯრიდან „შეჰყავდა“ უმცროსი ვიქტორი თეატრში. უფროსი ვიქტორი რეპეტიციებზე არ გამოჩენილა. დადგა პრემიერის დღე და სპექტაკლის ჩაბარებაზე სამხატვრო საბჭო შეიკრიბა. როცა ბაბუამ სცენაზე დაინახა მამაჩემი, ძალიან გაბრაზდა... პიესის ავტორი შალვა დადიანი ესწრებოდა წარმოდგენას და მან სთხოვა ბაბუაჩემს: თუ ჩემი ხათრი გაქვს, აპატიეო. დაუთმო ბატონ შალვას უფროსმა ვიქტორმა და ასე დარჩა სპექტაკლში მომავალი მსახიობი, უმცროსი ვიქტორ ნინიძე.
ეპიზოდები მამასა და ბაბუაზე
- მამას მონაწილეობით სპექტაკლები სანკულტურის თეატრში არ მინახავს იმიტომ, რომ ის 1947 წლიდან (მაშინ 4 წლისა ვიყავი) სოხუმის თეატრში მუშაობდა. რუსთაველის თეატრში გადმოვიდა 1972 წელს და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. ომის შემდგომი პერიოდის ერთ ფოტოზე ასახულია აკაკი ხორავას სტუმრობა სანკულტურის თეატრში, სადაც მსახიობებს შორის მამაჩემიც არის, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცს თამაშობდა იმ დღეს წარმოდგენილ სპექტაკლში. შენახული მაქვს დიდი სტატია გაზეთიდან „საბჭოთა აფხაზეთი“, წერილს ჰქვია „კვიცი გვარზე ხტის“. მამა ძალიან პოპულარული იყო სოხუმში და ბაბუა როცა ჩავიდა იქ, გაზეთის ამ სტატიისთვის ერთად გადაუღეს ფოტო მამა-შვილს.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანზე ბაბუაჩემის ხელმოწერაც არის. ეს დოკუმენტი შვეიცარიაში აღმოაჩინა გურამ შარაძემ და მან მითხრა ამის შესახებ, თუმცა ეს ფაქტი ჩვენი ოჯახისთვის ცნობილი იყო. არსებობს მეორე დოკუმენტი - 1919 წლის 12 მარტის დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი, რომელიც უფრო პოპულარულია საზოგადოებაში. სხვათა შორის, იმ პირველ აქტზე სანდრო ახმეტელის ხელმოწერაცაა. ახმეტელი და ბაბუაჩემი მეგობრები იყვნენ და მამაჩემი სანდროს მონათლულია.
ბაბუას 1937 წელს გადაუხადეს თეატრში მოღვაწეობის 30 წლის იუბილე, იმ საღამოს პროგრამა მაქვს. ასევე, გამოსცეს პროლეტარულ სტილში დაწერილი ბუკლეტი „ვიქტორ ნინიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ბაბუაჩემის კიდევ ერთი დიდი იუბილე გაიმართა 1957 წელს რუსთაველის თეატრში, რომელიც აკაკი ხორავას მიჰყავდა. იმ დროს თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ივანე კოზლოვსკი და მასაც უმღერია ბაბუას საღამოზე.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)