„კაბინეტებში გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, ახლა დაველაპარაკებით საზოგადოებასო – ეს მიუღებელია!..“
ხელისუფლება მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიზანიც, მისი განმარტებით, აქამდე მიღებული კანონების "გვერდის ავლის გზების" ამოქოლვაა ქვეყნის "რევოლუციისგან დასაცავად". გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ უფრო მკაცრდება "გრანტების შესახებ" კანონი, იკრძალება "გარე ლობიზმი", ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა საზოგადოებისთვის გაცილებით დიდ შოკად იქცა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპირებს. ამის შესახებ 29 იანვარს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც გაირკვა, ეს ცვლილებები აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ტელეეთერიდან გაიგეს, ხოლო სტუ-ს რექტორ დავით გურგენიძის თქმით, მას ეს ამბავი წინადღით აცნობეს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ირაკლი მელაშვილთან.
- რთული სათქმელია, ამ ე.წ. რეფორმის უკან რა იდეები და ინტერესები დგას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს და საკუთარ ვალდებულებებს. ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ არა აქვთ არანაირი ანგარიშვალდებულება იმისა, რომ მოსახლეობას გააცნონ თავიანთი გეგმები, გაიარონ კონსულტაციები, შეათანხმონ გადაწყვეტილებები, ბოლოს და ბოლოს, გაიგონ მათი აზრი, ვისაც შეეხება მათი ე.წ. რეფორმები. კლასიკური ავტორიტარული რეჟიმის ნიშანია ის, როდესაც ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფი ფიქრობს, რომ მხოლოდ მან იცის, რა არის გასაკეთებელი, რომ არა აქვთ არანაირი ვალდებულება საზოგადოების ინფორმირების, მასთან კონსულტაციისა და შეთანხმების. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება. რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლებას მსგავსი რამ რომ ეკადრა, არც კი ვიცი, იქ რა დატრიალდებოდა, იმიტომ, რომ ნორმალურ სახელმწიფოებში ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ის ელაპარაკება საზოგადოებას, უხსნის თავის ნაბიჯებს და რეფორმებს პროფესიონალების მონაწილეობით ახორციელებს.
არავინ ვიცით, ვის თავში მომწიფდა ეს ყველაფერი. კობახიძე ამბობს, განათლების სისტემა მუდმივად იყო კრიტიკის საგანი, აი, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და ახლა აღმოჩნდა, რომ თსუ ჰარვარდი ყოფილა, სტუ კიდევ კემბრიჯიო. ვერ გაუგია, რომ ცვლილების წინააღმდეგი კი არ არის საზოგადოება, არამედ სჭირდება პასუხები კითხვებზე. ვინ, როგორ გააანალიზა და დაასკვნა, რომ ის, რასაც გვთავაზობენ, არის გზა, რომელიც გააუმჯობესებს განათლების სისტემას?! ადგნენ და ტელეეთერში უტიფრად გამოგვიცხადეს, რომ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ამ ორი უძველესი და ავტორიტეტული სასწავლო დაწესებულების გაერთიანების, მაგრამ არავის დაუსაბუთებია და აუხსნია, რატომ არის გაერთიანება ოპტიმალური გზა, რატომ გამოიწვევს ეს განათლების ხარისხის ამაღლებას და უკეთეს შედეგს. ამაზე არავინ არაფერს ამბობს.
გვითხრეს, რომ რამდენიმე კაცი კაბინეტებში დაჯდა, ასე გადაწყვიტა და ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ და მივიღოთ. გვიმტკიცებენ, რომ ისინი არიან გურუები, მხოლოდ მათ იციან, რა უნდა გაკეთდეს და არავის აქვს უფლება, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. გადაწყვეტილება მიიღეს და ამის მერე თქვეს, რომ დაელაპარაკებიან უნივერსიტეტებს და საზოგადოებასაც, თუ როგორ აპირებენ ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმას. აი, ეს მიდგომაა აბსოლუტურად მიუღებელი. ასე ექცეოდა წინა ხელისუფლებაც განათლების რეფორმას და რა მივიღეთ ამის შედეგად, ბევრად ავამაღლეთ განათლების დონე? ეჭვი მეპარება. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები ასე არ იქცევიან. არავინ ამბობს, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებები არ არის საჭირო, უამრავი რამ არის მოსაწესრიგებელი, დიახ, გვჭირდება თანამედროვე განათლების სისტემა, გვაკლია ინჟინრები, მაღალტექნოლოგიური კადრები, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმები, მაგრამ
მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ის არის, რაც უკვე ვთქვი - ვინ და როგორ გეგმავს და გაატარებს ამ რეფორმებს? ვინ იქნება პასუხისმგებელი მის შედეგებზე? ვინმემ აგო პასუხი წინა რეფორმების ჩავარდნაზე? მაღალი დონის უმაღლესი განათლება მივიღეთ ამის შედეგად?
არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს კორუფცია ნამდვილად გავიდა უნივერსიტეტებიდან ეროვნული გამოცდების სისტემის შემოღებით. მე ვამბობ სხვა რამეს - როდესაც სახელმწიფო გეგმავს რეფორმას, მან უნდა თქვას მკაფიოდ, სად ვართ ახლა, რა კონკრეტული პრობლემები გვაქვს, რა არის რეფორმის ამოცანა, რა საკითხები უნდა გადაიჭრას, რა გზებით, უნდა გვითხრან, 5 თუ 10 წლის შემდეგ რა შედეგი გვექნება.
- "ქართული ოცნება" მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს აანონსებს, ცვლილებები შედის გრანტების კანონში - დაზუსტდა "გრანტების" განმარტება: გრანტად მიიჩნევა არა მხოლოდ ის, რასაც აქამდეც განსაზღვრავდა კანონი, არამედ ნებისმიერი ერთი პირის მიერ მეორისთვის გადაცემული: ფულადი ან ნატურალური ფორმის რესურსები; ტექნიკური დახმარება; ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის, უნარების გაზიარება, მომსახურება და სხვა ფორმის დახმარება თუ ისინი მიმართულია ან შეიძლება მიმართული იყოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოსახდენად და ა.შ. ამ ნორმით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც "არსებითად საქართველოში საქმიანობს", ვალდებული იქნება დაფინანსების მიღებამდე მიმართოს მთავრობას ნებართვისათვის. იცვლება სისხლის სამართლის კოდექსიც - "გრანტების შესახებ" კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ესა თუ ის დარღვევა გამოიწვევს: ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობას, ხოლო "გარე ლობიზმი" 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც ემატება ახალი შეზღუდვა - თუ კომპანია ეწევა საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, მას დაეკისრება სანქცია - ჯერ 20. 000 ლარის ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი 40.000 ლარის.
- ამგვარი კანონები არათუ ცივილიზებულ ქვეყნებში არ არსებობს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ავტოკრატიულ რეჟიმებსაც კი არა აქვთ. მაგალითად, მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს ბელარუსსა და რუსეთშიც კი... ძალიან დიდ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. მარტივ მაგალითს მოვიყვან: მოგეხსენებათ, "ფეისბუქს" აქვს მონეტიზაციის ფუნქცია, ანუ შენ თუ აქვეყნებ პოსტს და მას მოჰყვება აუდიტორიის ინტერესი, ბევრი ადამიანი ნახავს და გამოეხმაურება, შენ შესაძლოა რამდენიმე ცენტი ჩაგერიცხოს ანგარიშზე, თუ მონეტიზაცია ჩართული გაქვს, მაგრამ თუ ეს პოლიტიკური შინაარსის პოსტი იქნება და ეს რამდენიმე ცენტი ჩაგერიცხა, ხელისუფლების აზრით, შეიძლება ეს მიჩნეულ იქნეს გრანტად ახლებური განმარტებით და პოსტის ავტორი ციხეში აღმოჩნდეს. ეს აბსურდია და ამას ყველა ხვდება. კობახიძე და პაპუაშვილი რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, ისეთი უვიცები არ არიან, რომ ვერ ხვდებოდნენ ამ აბსურდს, არ იცოდნენ, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ., მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი გარკვეულწილად წყობიდან არიან გამოსული. რატომღაც იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოაგვარებდნენ ურთიერთობას, ბოლო პერიოდში აშკარად ცდილობენ დასავლეთისკენ დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯები გაუშვან, მზად ვართ თქვენთან ურთიერთობისთვის, ოღონდ ერთი პირობა გვაქვს, ამ ავტოკრატიული მეთოდებით კიდევ კარგა ხანს უნდა ვმართოთ ქვეყანაო.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ სჯეროდათ, თუ ამერიკელების ინტერესებს დააკმაყოფილებდნენ, ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის საკითხს ფეხზე დაიკიდებდა და თვალს დახუჭავდა ყველაფერზე, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში. ჩანს, ფიქრობდნენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რიტორიკას თუ გაიმეორებდნენ ევროპის შესახებ, ამით აჩვენებდნენ ტრამპს, რომ მის გვერდით იდგნენ და ამით მოიპოვებდნენ მის კეთილგანწყობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ მუშაობს.
"ქართულმა ოცნებამ" დაიჯერა ზღაპრები, რომ დასავლეთს ფეხზე ჰკიდია დემოკრატიის ბედი ამა თუ იმ ქვეყანაში. მათ არ ესმით ერთი რამ - დასავლეთმა შეიძლება პრაგმატული მოტივებით თვალი დახუჭოს რესურსებით სავსე ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება. არანაირი მოტივაცია არც ტრამპს და არც ევროპელებს არა აქვთ, რომ ამ ანტიდემოკრატიულ სიურპრიზებს და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკას შეეგუონ.
დღეს "ქართულ ოცნებას" არავინ ელაპარაკება, არავინ ევაჭრება. ისინი კიდევ ჯიბრზე იღებენ ამ საშინელ კანონებს, ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ სამოქალაქო საზოგადოება, პარტიები, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რადგან იმედი აქვთ, როგორც ლუკაშენკოს დაელაპარაკნენ, იქნებ ამათაც დაელაპარაკოს ვინმე და ამათაც ბარტყების გადაყრა დაიწყონ, მაგრამ არავინ შემოდის ამათთან დიალოგში. საქმე ისაა, რომ "ქართულ ოცნებას" არა აქვს რაიმე წონა, მეტიც, ძალიან კომიკურად გამოიყურება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ ითამაშონ ტრამპისა და ევროპელების ურთიერთწინააღმდეგობაზე. ვერ ხვდებიან ერთ რამეს - ევროპასა და აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაერთხელ ჰქონიათ ერთმანეთში გაურკვევლობა და დაძაბული ურთიერთობა, მათ შორის გრენლანდიის საკითხზეც, მაგრამ ისინი ერთი ცივილიზაციის ნაწილები არიან, ისინი არ კამათობენ იმაზე, დემოკრატია საჭიროა თუ არა, ამერიკელები და ევროპელები კამათობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი დემოკრატია, რომელია უფრო სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. "ქართულ ოცნებას" ეს ვერ გაუგია. მეტიც, კვლავ სჯერათ საბჭოთა ზღაპრების, რომ დასავლეთი იმდენად ცინიკოსია, თუ მის ინტერესებს დააკმაყოფილებ, ყველაფერზე დახუჭავს თვალს.
- თუ გავიხსენებთ, რა შემთხვევაში ამოქმედდა აქამდე "მოსკოვის მექანიზმი", კიდევ ერთხელ აშკარად დავინახავთ, რა ურთულეს მდგომარეობაშია საქართველო.
- გეთანხმებით და ის, თუ როგორ განვითარდება პროცესები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის უკრაინაში ომზე, ირანში მიმდინარე მოვლენებზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის ა.წ. ივნისში სომხეთში ჩასატარებელი არჩევნები. თუ გაიმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანი, ეს ნიშნავს, რომ რეგიონიდან რუსეთის გასვლის პროექტი ჩართულია და ამერიკელების შემოსვლა იწყება ე.წ. ტრამპის გზით, რაც კიდევ უფრო მოსალოდნელს ხდის იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი გახდება. სულ ცოტა, ძალიან მკაცრად მოითხოვენ დემოკრატიზაციას, თავისუფალ არჩევნებს და ყველაფერ იმას, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს. იქნება სანქციების მუქარაც... მოგეხსენებათ, უნგრეთშიც არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ორბანის ხელისუფლება შეიცვლება, რაც ევროპას ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აამოქმედოს ერთიანი სანქციების სისტემა, რასაც მანამდე უნგრეთის ვეტოს გამო ვერ ახერხებდა. "ქართულ ოცნებას" დიდი პერსპექტივა არ უჩანს, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყანაში და დასავლეთის სიფრთხილეც ჩვენთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ არ ჩანს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა.
დღეს ქართველი საზოგადოების ამოცანაა ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენა. "ქართული ოცნება" მუდმივად თამაშობს ამაზე, მეტიც, ამდენი წლის განმავლობაში მთელი მისი პოლიტიკა იყო ასეთი: დაეყენებინა საზოგადოება ამგვარი არჩევანის წინაშე: ბიძინა ან მიშა, რაც მუშაობდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს მალე აღარ იმუშავებს.
- ხედავთ ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივის ჩანასახს მაინც?
- ჯერჯერობით ვერა. რაღაც პროცესები მიდის, თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელო. რატომღაც ახლა აჩემებული აქვთ გაერთიანების იდეა, არადა, გაერთიანება არ არის პანაცეა. თუ სისულელეში გაერთიანდებიან, ყველა ერთად გადაიჩეხება.
როდესაც ამ ტიპის რეჟიმს ებრძვი, შენ უნდა შექმნა მისი ალტერნატივა, ანუ ადამიანებს დაანახო, რატომ ხარ მასზე უკეთესი. ჯერჯერობით ოპოზიცია ალტერნატივას კი არ ქმნის, ხელისუფლების სარკისებრ ეფექტს გვთავაზობს - "ქართულ ოცნებას" რა დამოკიდებულებაც აქვს განსხვავებული აზრის მიმართ, იმავეს ვხედავთ ოპოზიციაშიც, რა აგრესიული რიტორიკაც აქვს ხელისუფლებას, იმნაირადვე ლაპარაკობს ოპოზიციაც და ა.შ. საზოგადოება უპირველესად ამ გარეგნული ნიშნებით აფასებს პოლიტიკურ ძალებს. ხელისუფლება და ოპოზიცია კიდევ ამ ნიშნებით იმდენად სარკისებურად ჰგვანან ერთმანეთს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს. ყველა გამოკითხვით ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით, მაგრამ ოპოზიცია ამ უკმაყოფილების კაპიტალიზაციას ვერ ახდენს, რადგან ვერ ახერხებს საზოგადოებას შესთავაზოს პროგრამა, იდეა, ლიდერები... ვერ არწმუნებს მოქალაქეებს, რომ რეალურად შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, რასაც უკეთესობა მოჰყვება.