„ეს კორუფციასთან ბრძოლა შიდაპარტიულ სტრუქტურებში ერთი ჯგუფის მეორით ჩანაცვლებაა“ - კვირის პალიტრა

„ეს კორუფციასთან ბრძოლა შიდაპარტიულ სტრუქტურებში ერთი ჯგუფის მეორით ჩანაცვლებაა“

სამართალდამცავები აგრძელებენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წარდგენას. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს წაუყენეს ბრალი. პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა ღუდუშაურმა უკანონოდ შეწყვიტა ტენდერი და 2023 წლის 10 მაისს მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და ხელმძღვანელობასთან ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა. შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო სამინისტრომ მინიმუმ 2.138.000 ლარით მეტი გადაუხადა.

პროკურატურამ ილია ღუდუშაურისთვის 500.000-ლარიანი გირაო მოითხოვა, ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ბრალდებულია ასევე მისი ძმაც. გასული წლის ივლისში ძალოვანებმა ვლადიმერ­ ღუდუშაურიც დააკავეს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილ უფროსს სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავებ­ოდნენ, მაგრამ ის მაშინ პატიმრობას გადაურჩა და 10.000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ვლადიმერ ღუდუშაურის შემთხვევაში საუბარია თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე, სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭებაზე. ის ერთ-ერთი პირველი იყო თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვიდან, რომელიც დააკავეს.

საზოგადოება ყოველდღიურად იგებს­ არაერთი კორუფციული სქემის ამბავს, სადაც მილიონობით ლარის მიტაცებაზეა საუბარი. ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, ბევრიც ციხეშია, ბევრს უკვე შეეცვალა პატიმრობა არასაპატიმრო გირაოთი. რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" ყოველივე ამის გამომზეურება? რატომ არ გამოვლინდა წლების განმავლობაში ეს კორუფციული სქემები? ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ხდება პოლიტიკური პრობლემების გადასაფარად, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის "ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირების შედეგი და ახლა ხელისუფლება ცდილობს მოპარული ფული დააბრუნებინონ ყოფილ ჩინოვნიკებს.­ რას ფიქრობს ამ სკანდალურ დაკავებებზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 76 წლის ვარ და არ მინახავს მთავრობა, რომელიც კორუფციაში არ ყოფილიყოს გარეული. საერთოდ, კორუფციის მოსპობა მთელ მსოფლიოში შეუძლებელია, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა შიდაპარტიულ სტრუქტურებში ერთი ჯგუფის მეორით ჩანაცვლებაა.

- ილია ღუდუშაურს ედავებიან, რომ ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას მოაგებინა. ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დონეზე წყდება, თუ ამაში შეიძლება ჩართული ყოფილიყო თუნდაც ჯანდაცვის მინისტრი, ან სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირები?

- ინსტიტუციური კორუფცია მარტო არ ვრცელდება, ეს არის ჯაჭვი, რომელიც სულ ზევით მიდის. იღებდა თუ არა ე.წ. ატკატებს მინისტრი, არ ვიცი, მაგრამ თავის მოადგილეს აშკარად ხელს აფარებდა, ისევე როგორც ხელს აფარებდნენ უფრო მაღლა მყოფები. ეს არის ხისტად სტრუქტურირებული ვერტიკალი, სხვანაირად დაიშლება. ეს ინსტიტუციური კორუფციული სქემაა, რომელიც სათავეში მიდის. რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ მისი ინიციატივა იყოო, ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში, დაუსჯელობის სინდრომი იქნებოდა. თუ ვინმე არ აფარებდა ხელს, უფრო ფრთხილად იქნებოდა.

- თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად ატარებენ ტენდერებს?

- მიხეილ სააკაშვილმა ტენდერები მხოლოდ ფასს მიუსადაგა და არა ხარისხს. შედეგად წლების შემდეგ მივიღეთ ის, რომ ვაკის პარკში მოხდა ის საშინელი ამბავი, ბავშვი რომ დაიღუპა. იაფი ჩინური აპარატები იყიდეს და რელემ არ იმუშავა. ტენდერები ხარისხზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ჩვენი კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია.

- როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა, რომ მსგავსი გარიგებები არ ხდებოდეს?

- გარიგებები რომ აღმოიხვრას, პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ და არა ვიღაც-ვიღაცების ბიძაშვილები. ეკონომისტი და მეტ-ნაკლებად გონიერი ადამიანია მიხეილ სარჯველაძე, დანარჩენი მინისტრები დილეტანტები არიან, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.

- მილიონობით თანხების მითვისებაზეა საუბარი. არადა, ამ დარღვევებზე მუდმივად საუბრობდა მედია. ახლა მიხვდა მოქმედი გუნდი, რომ კორუფცია იყო, თუ ეს კლანების დაპირისპირებაა?

- ეს არის ერთი გავლენის ჯგუფის ჩანაცვლება მეორე გავლენის ჯგუფით. 37 წელი ზუსტად ამით დაიწყო, პირველად, ინტელიგენტები, ვთქვათ, ოსიპ მანდელშტამი კი არ დაიჭირეს, დაიჭირეს მარშალი ტუხაჩევსკი, არტუზოვი... ჯერ ჩეკაში დაიწყო წმენდა, პარტიულ ელიტაში,­ თანამოაზრეებს იჭერდნენ. საერთოდ, ეს ჰიტლერის შემუშავებული ტექნოლოგიაა, ე.წ. გრძელი დანების ღამე, როცა ძალაუფლებაში მოსული პირი თანამოაზრეებს იცილებს, რომ მარტო დარჩეს. მიზანი იყო აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცება. აი, რაღაც ამდაგვართან გვაქვს საქმე.

- მინისტრები და ჩინოვნიკები ხედავენ, რომ გუნდის ყოფილ წევრებს წაუყენეს­ ბრალდებები და გავლენიანი მაღალჩინოსნები ციხეში არიან, ამის შემდეგ ნუთუ დღეს ხელისუფლებაში მყოფები იმავე დანაშაულს ჩაიდენენ?

- თუ დასცალდათ, რასაკვირველია, ჩაიდენენ. როგორც მოგახსენეთ, ეს ხისტად სტრუქტურირებული პირამიდული კორუფციული სისტემაა. ამ სქემებზე მედია ხშირად ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინ დუმდნენ, იმიტომ, რომ თანამოაზრეები იყვნენ თანამდებობებზე და ხელს აფარებდნენ. მოდი, ვთქვათ, განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ან ვინმეს წაუყენებენ ბრალს? არა, დუმილს ამჯობინებენ. ახლა იჭერენ მათ, ვინც ხელისუფლებას არ სჭირდება. მათი ჯგუფები საკმაოდ გავლენიანი იყო. 10 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, ჰქონდათ ძალაუფლება და გავლენები, რომელიც თანამდებობის დასრულებით არ დამთავრებულა. ეს რვაფეხას საცეცებივით არის, "ქართული ოცნების" მთელი პარტიული სისტემა გავლენის ჯგუფებით არის გაჯერებული. ამიტომ მიდის ახლა მათი ამოძირკვა, ჯერ თავიდან დაიწყეს და მერე ნელ-ნელა გაგრძელდება. რიგით მონაწილეებს, ვფიქრობ, არ დაიჭერენ. ღარიბაშვილი და ლილუაშვილიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ისინიც აღმოჩენილიყვნენ ციხეში. სერგო ორჯონიკიძეს წარმოედგინა, რომ თავის მოკვლა დასჭირდებოდა? ან ეჟოვი, რომელიც ენ-კა-ვე-დეს ხელმძღვანელი იყო, წარმოიდგენდა, რომ დახვრეტდნენ, ან გენრიხ იაგოდას წარმოედგინა? არავინ წარმოიდგენს ამას, როცა ხელისუფლების სათავეშია. ეს ხალხი დღევანდელობით ცხოვრობს და როგორც წესი, ძალიან გამჭრიახი და ჭკვიანი არ არის.

- ილია ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ასევე მისი ძმაც. ბოლო დროს დაკავებულ არაერთ ჩინოვნიკს შეეცვალა­ პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით, თუმცა მოპარული მილიონობით ლარი ბიუჯეტში არ დაბრუნებულა. ამ თანხების დაბრუნების შანსი რამდენად არის?

- ალბათ, ფულს აბრუნებენ, მაგრამ არაოფიციალურად, სხვანაირად არ გამოუშვებდნენ არავის.

- გადაწყდა რომ ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები გაერთიანდეს, რა შეფასებას მისცემთ ამას?

- ეს არის არაპროფესიონალიზმის აშკარა გამოვლინება. ეს არის იმის სრული ნგრევა, რასაც აშენებდნენ ჩემი წინაპრები, ჩემი ბაბუა და ჩემი დიდი ბაბუა, რომელსაც სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გასაღები ებარა.

ამ გაერთიანებით ორივე უნივერსიტეტი დაკარგავს ფუნქციას, რეიტ­ინგს და საბოლოოდ მსხვერპლი იქნება ჩვენი სტუდენტობა, რომელიც სათანადო განათლებას ვერ მიიღებს.

აღარ იქნება შესაძლებელი ერასმუსისა და სხვა პროგრამების გამოყენება და საზღვარგარეთ ჩვენი ახალგაზრდები ვეღარ წავლენ. ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ განათლების ფილოსოფიაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უშვებს მეცნიერებს, პოლიტექნიკური ინსტიტუტი - ინჟინრებს. იქ სხვა ტიპის განათლებაა, სხვა ტიპის პროფესორ-მასწავლებლები სჭირდება.

რაც დღეს ხდება, ტრაგედიაა, დანაშაულია, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგავთ ზოგად სამეცნიერო განათლებასაც და ვიწროსპეციალიზებულ ტექნიკურ განათლებასაც.

ეს ცდაა, რომ ის დამოუკიდებლობა,­ რომლებიც უნივერსიტეტებს, თვითმმართველობებს, აკადემიურ საბჭოს აქვს, მოსპონ, გახადონ სტრუქტურირებული, მთა­ვრობას დამორჩილებული სტრუქტურა.

მერე ხელოვნებას მიადგებიან, თეატრებს დაუკარგავენ თავისუფლებას და როგორც იყო კომუნისტების დროს, დავდგამთ, ვთქვათ, "რაიკომის მდივანს".

უმთავრესია მიიღონ ყურმოჭრილი შემსრულებლების კასტა, რასაც ქართული მენტალიტეტი, ქართული სული არ დაუშვებს. არა აქვს მნიშვნელობა, ამის გამო გამოვა თუ არა პროფესურა ქუჩაში, ვიღაც გამოვა, ვიღაცა სახლში დაჯდება, ვიღაც სამზარეულოში მეზობელთან ყავას დალევს და იქ შეაგინებს ამას. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ მოიქცევა ახალგაზრდობა. სისტემა პროფესორ-მასწავლებლებისთვის არ არსებობს, არადა, მათ უნდა გაზარდონ თაობები. საერთოდ, ვინ არის მთავრობა? მთავრობა არის ხალხის მოსამსახურე, მოჯამაგირე, ჩვენ ჩვენი გადასახადებით ვუხდით მათ ხელფასებს, იმათ კი ჩათვალეს, რომ თვითონ უნდა გვმართონ. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი აზრი, რომელიც მათ სურთ. ეს კი შეიძლება მათთვის ძალიან ტრაგიკულად დასრულდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირი გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა კი არ მოსპო იდეოლოგიურად, არამედ ჩუმმა, გამოუთქმელმა, ასე ვთქვათ, სამზარეულოს პროტესტმა, როცა მთელი საზოგადოება იყო განმსჭვალული ანტიკომუნისტური იდეებით. ეს დრო აქაც მალე მოვა. ამ ფაქტს რაც ახლა ხდება, შეიძლება დადებითი შედეგი ჰქონდეს და ვფიქრობ, მთლიანად გააერთიანებს სტუდენტურ საზოგადოებას.