„დიახ, შესაძლოა ირან-აშშ-ის კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცეს“ - კვირის პალიტრა

„დიახ, შესაძლოა ირან-აშშ-ის კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცეს“

რანთან სამხედრო და დიპლომატიური დაძაბულობა ახალ, უფრო სახიფათო­ ფაზაში რომ შედის, ამას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი­ ადასტურებს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანისკენ უკვე მიდის ამერიკული სამხედრო ფლოტის დიდი და მძლავრი ხომალდები, პარალელურად კი ამბობს, რომ მათი გამოყენება სასურველი არ იქნება, თუ თეირანი მოთხოვნებს შეასრულებს. ვაშინგტონის პირობები უცვლელია: ბირთვულ იარაღზე უარი და ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა. ამ განცხადებებს ირანი მკაცრი სკეპტიციზმით პასუხობს: თეირანი ამერიკას არალოიალურობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ დიპლომატიურ პროცესებზე უარს არ ამბობს, თუ ზეწოლისა და სამხედრო შანტაჟის გარეშე წარიმართება. მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი­ გვესაუბრება.

- ორი მთავარი გარემოებაა, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განსაზღვრავს: პირველი - რეგიონში განლაგებული შეერთებული შტატების მასშტაბური სამხედრო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ირანის სიახლოვეს. ასეთი რაოდენობისა და კონცენტრაციის სამხედრო ძალა იშვიათად გვხვდება. აშკარად გაზრდილია საზღვაო დაჯგუფება, რომელიც პოტენციურად შეტევითი ოპერაციების ბირთვია. გაძლიერებულია სახმელეთო კონტინგენტიც სხვადასხვა ბაზაზე­ - იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ისრაელში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბოლო დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოხდა ამ ძალების ინტენსიური გადაადგილება და კონცენტრაცია, რამაც შექმნა ყველა აუცილებელი წინა პირობა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის. საუბარია არა მხოლოდ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაზე, არამედ თავდაცვით კომპონენტზეც, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც გათვლილია ბალისტიკური დარტყმების განეიტრალებაზე, ლოგისტიკურ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზებში მყოფი სამოქალაქო პერსონალის სწრაფ ევაკუაციას კრიზისის შემთხვევაში. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ სამხედრო სცენარი განიხილება და ტექნიკური მზადყოფნა არის. ცოტა ხანში დაიწყება შეტევა ირანზე. ეს იქნება­ მასშტაბური და ხანგრძლივი შეტევა და არა ერთჯერადი აქცია. მთავარი გაურკვევლობა ამ ეტაპზე ის არის, როდის ჩაითვლება კონკრეტული მომენტი ოპერაციის დასაწყებად ხელსაყრელად.

- რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური კონცენტრაციის პარალელურად ტრამპი ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს. რას უნდა ველოდოთ ახლა ირანის პოლიტიკური ელიტისგან, ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში თუ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან?

- ამერიკელების მოთხოვნა ბირთვული პროგრამებისა და ბალისტიკური შესაძლებლობების სრულად შეწყვეტაა, ეს კი ერთადერთი ბერკეტია, რომელიც ირანს აძლევს საშუალებას რეგიონში პოტენციური მოწინააღმდეგეები, პირველ რიგში, ისრაელი და საუდის არაბეთის ქვეყნები შეაკავოს. ამიტომ ირანი კატეგორიულად არ დათანხმდება ამ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, აშშ-ის ბოლო შეთავაზება ფარულად მიმართულია რეჟიმის შეცვლაზე. ამ ფონზე რეგიონში მობილიზებული უზარმაზარი სამხედრო ჯგუფის სწრაფად უკან წაყვანა წარმოუდგენელია.

ყველა ნიშნით ჩანს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. ტრამპის განცხადებები მოლაპარაკებაზე ცდაა, რომ პასუხისმგებლობა ირანს დააკისროს. თეთრ სახლში შესანიშნავად იციან, რომ თეირანი ამაზე უარს იტყვის, ეს კი სამხედრო ოპერაციის საბაბს შექმნის.

- რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ირანსა­ და ამერიკას შორის ვითარება კრიტიკულად დაძაბული იყო და მსოფლიო წუთი-წუთზე ელოდა ირანზე ამერიკის შეტევას, საუდის არაბეთმა, კატარმა, ომანმა და ისრაელმაც კი თეთრ სახლს კულუარულად სთხოვეს, რომ თავი შეეკავებინა ირანის დაბომბვისგან, რადგან ეს გამოიწვევდა ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმებს ამ ქვეყნებში. თქვენი აზრით, ახლა როგორია ამ ქვეყნების პოზიცია?

- დიახ, ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო დარტყმა ირანის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიწვევს თეირანის საპასუხო შეტევებს, საპასუხო დარტყმებს მიაყენებენ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო ბაზას, რომლებიც რეგიონშია განლაგებული, მათ შორის ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, კატარს, იორდანიას, ერაყსა და ისრაელს. სხვათა შორის, იმ პერიოდისთვის არც აშშ იყო მზად საპასუხო დარტყმის მიღებისთვის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საჭირო რაოდენობით განთავსება რეგიონში და სხვა ტექნიკური ღონისძიებები ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. სწორედ ამიტომ გადადო თეთრმა სახლმა სამხედრო ოპერაცია. ახლა პენტაგონში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მთავრდება და თითქმის მზად არის ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებისთვის. აღარც ჩანს ობიექტური მიზეზი, რატომ უნდა გადაიდოს ოპერაცია კიდევ ერთხელ.

- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ირანზე დარტყმას რეგიონული და გლობალური მასშტაბით?

- რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად შეცვლის რეგიონს და არა მხოლოდ მას. ირანი ე.წ. ბოროტების ღერძის ერთ-ერთი­ მთავარი საყრდენია რუსეთსა და ჩინეთთან ერთად. მისი ამოგლეჯა ამ ღერძიდან უდიდეს გეოპოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს ამ სისტემას. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ოპერაცია - შეცვლიან რეჟიმს თუ ის გადარჩება და სიტუაცია სამოქალაქო ომამდე მივა, რაც შესაძლოა ირანის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. ირანი მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სპარსელები მხოლოდ 60%-ს შეადგენენ, დანარჩენი ეთნიკური უმცირესობებია, რომლებიც არცთუ ისე მცირე რაოდენობით არიან. ამიტომ მოვლენების განვითარება არაპროგნოზირებადია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ეხმარებიან ირანს - აწვდიან ტექნოლოგიებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, სადაზვერვო ინფორმაციას. ამიტომ ეს ამერიკელებისთვის იოლი გასეირნება არ იქნება, თუმცა ყველა შემთხვევაში სერიოზულად დაასუსტებს მოსკოვს და ეს ირიბად უკრაინის ომზეც აისახება.

- ასეთ შემთხვევაში რამდენად რეალურად მიიჩნევთ თქვენ ირანის დაშლის საფრთხეს?

- თუ კონფლიქტი გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო დაპირისპირებაში, მაშინ ირანის დროებითი დეზინტეგრაციაც შესაძლებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ირანი, როგორც სახელმწიფო, გაქრება. უფრო რეალურია გარდამავალი ქაოსის პერიოდი და შემდგომი კონსოლიდაცია.

- ირანზე შესაძლო სამხედრო შეტევის კონტექსტში თქვენ საქართველოს გამოწვევად დევნილების საკითხი დაასახელეთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ერთადერთი პრობლემა იქნება თუ იზიარებთ იმ ანალიტიკოსების აზრს, რომ ირანის დეზინტეგრაციის შემთხვევაში შესაძლოა ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონი ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს შეუერთდეს და საქართველო ორი დიდი თურქულენოვანი ქვეყნის შუაში აღმოჩნდეს?

- ჩემი შეფასებით, ეს არარეალისტური სცენარია. ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები ინტეგრირებული არიან ირანულ სახელმწიფოში, მათ შორის აიათოლების ელიტაშიც ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის ასეთი გაერთიანება პოლიტიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით კატასტროფა იქნება. ალიევისთვის წარმოუდგენელია, რომ მჭიდრო კონტაქტი ჩამოყალიბდეს ირანის აზერბაიჯანთან. ეს რეგიონი გამოირჩევა სრულიად სხვა პოლიტიკური კულტურით, ტრადიციებითა და გარემოთი, ამიტომ ორი აზერბაიჯანის გაერთიანებისა და ახალი სახელმწიფოს შექმნის იდეა აბსურდულია. ახალი პოლიტიკური ან ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც გულისხმობს ახალ პოლიტიკურ ელიტებს, ავტომატურად ეჭვს იწვევს და შლის სანდოობას. შესაძლოა დროებით იყოს კონტაქტები და პოზიტიური პროცესები, განსაკუთრებით ემანსიპირებულ სამხრეთ აზერბაიჯანში, მაგრამ მათი გაერთიანება შეუძლებელია. ირანის დეზინტეგრაციის პირობებში საქართველოსთვის ორი ძირითადი პრობლემა დგას დღის წესრიგში: ლტოლვილთა ნაკადის დიდი მასა, რაც ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ სისტემასა და რესურსებზე მძიმე ზეწოლას მოახდენს, და ფასების ზრდა. თუ ამერიკელები ვერ შეძლებენ ორმუზის სრუტის კონტროლის შენარჩუნებას (ირანს შეუძლია მისი ჩაკეტვა, ამისთვის მრავალი ეფექტური საშუალება აქვს), ეს გამოიწვევს ნავთობის გლობალური მიწოდების მნიშვნელოვან შემცირებას და შედეგად ნავთობპროდუქტებზე ფასების­ მკვეთრ ზრდას. ეკონომიკურად ეს ძალიან რთული გამოწვევა იქნება, რადგან ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება პროდუქციის წარმოებასა და გადაზიდვაზე­, რაც პროდუქტების ფასების ზოგად მატებას გამოიწვევს. ბაზრები ამ ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებენ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი და რა შედეგებს მოიტანს რეგიონში.

- შეიძლება ეს კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცეს?

- უკიდურესი სცენარია, მაგრამ რისკი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროცესები კონტროლიდან გამოვა. შედეგების სპექტრი უზარმაზარია, დაწყებული რეგიონული გადალაგებით, დასრულებული რუსეთის შიდა დესტაბილიზაციით ან, პირიქით, ახალი ესკალაციით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ირანში.

ხათუნა ბახტურიძე