"ამერიკელები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას ამზადებენ - ირანის თემის მოგვარების შემდეგ" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: ვის დარჩება კავკასია?! - კვირის პალიტრა

"ამერიკელები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას ამზადებენ - ირანის თემის მოგვარების შემდეგ" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: ვის დარჩება კავკასია?!

ბოლო თვეებში საქართველოს შესახებ საერთაშორისო დიპლომატია მკვეთრად გამკაცრდა. თუ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს "ვენის მექანიზმის" ამოქმედება მხოლოდ გაფრთხილებად, ე.წ. ყვითელ ბარათად აღიქმებოდა, დღეს უკვე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება ცხადყოფს, რომ პარტნიორების მოთმინება ამოწურულია. ქართველი ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აღარ შემოიფარგლება კითხვებით და პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, სახელმწიფოს საერთაშორისო სანდოობასა და მის პოლიტიკურ მომავალს. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, რა რისკების წინაშე ვდგავართ და არსებობს თუ არა გამოსავალი ამ კრიტიკული ვითარებიდან, ამ თემებზე­ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- როდესაც ვაანალიზებთ დასავლური ელიტების დამოკიდებულებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ჩართულობას საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი ლოგიკით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერების ლოგიკით კი საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, ისინი რეალურად რუსეთს ებრძვიან საქართველოსთვის. მათთვის შიდაპოლიტიკური პროცესები და ადამიანის უფლებების საკითხები ინსტრუმენტებად გამოიყენება, მთავარი მიზანი კი რუსეთის გადაჭარბებული გავლენის შემცირებაა საქართველოში.

დასავლელი ელიტების აზრით, საბოლოოდ საქართველო რუსეთს მაინც ჩამოშორდება და სწორედ ამიტომ ცდილობენ აქ საკუთარი პოლიტიკური წონა წინასწარ გაიმყარონ. მათ ეს მცდელობა არ ექნებოდათ, რომ არ სჯეროდეთ, რომ ამერიკის ზეწოლა­ რუსეთზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გამო, მზარდი ტენდენციის ნაწილია და საბოლოოდ რუსეთის უკან დახევით დასრულდება.

დასავლეთ ევროპას არა აქვს საკმარისი ძალისმიერი ბერკეტები რეგიონში, თუმცა იციან, რომ ამერიკული ფაქტორი ამ დეფიციტს ავსებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების დინამიკას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქცევასა და რეჟიმის გამკაცრებისკენ მისწრაფებას, ამის ლოგიკაც საგარეო კონტექსტიდან გამომდინარეობს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ირანის მოვლენების შემდეგ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო ჩართულობა რეგიონში გარდაუვალია და, ადრე თუ გვიან, ზეწოლა საქართველოზეც გადმოვა. სწორედ ამიტომ­ ცდილობენ მაქსიმალურად გამყარებული პოზიციები ჰქონდეთ, რათა ამერიკელებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" ადვილად დასამხობია. რეჟიმის გამკაცრება ამ ლოგიკის ნაწილია.

- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ირანის მოვლენების შემდეგ შეიძლება­ საქართველო აღმოჩნდეს ამერიკული ზეწოლის ობიექტი? რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციას "ოცნებასთან"?

- ამერიკელებისა და ირანელების მოლაპარაკების მაგიდა უკვე არსებობს და ის ომანშია, კონკრეტულად, დედაქალაქ მასკატში. ირანის ელიტისთვის ომანი უნიკალური და სანდო შუამავალია, ისინი არ ენდობიან სხვა არც ერთ მხარეს. ამის ისტორიული მიზეზიც არსებობს: ჰორმუზგანის რეგიონსა და ომანს შორის ძლიერი ნათესაური კავშირებია, რაც მე პირადად კარგად ვიცი, ბენდერ-აბასში სამი წელი ვიცხოვრე.

რეალურად დღეს ამერიკისა და ირანის დავის ერთადერთი სერიოზული საკითხი გამდიდრებული ურანია. საუბარია დაახლოებით ორ ტონაზე. ამერიკელებს სურთ 20-60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის გატანა ირანიდან. ირანი მზად არის ეს არაოფიციალურად გააკეთოს, უხმაუროდ, სახის დაკარგვის გარეშე, ტრამპის ადმინისტრაციას კი სურს, ეს საჯარო იყოს პოლიტიკური ეფექტისა და შიდა პიარისთვის. ირანელებისთვის ურანის გადაცემა, ფაქტობრივად, კაპიტულაციის ტოლფასია. აქ არის მთავარი ჩიხი - თუ შეთანხმება ვერ შედგა, ყველაფერი მზად არის სამხედრო ესკალაციისთვის, რასაც ირანისთვის უკიდურესად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ქვეყანა ისედაც შიდაეთნიკური დაძაბულობის ზღვარზეა...

ირანის დესტაბილიზაცია საქართველოსთვის სერიოზული მაგალითია და სწორედ ამიტომ ცდილობს პრემიერი კობახიძე შიდაპოლიტიკური სივრცის მაქსიმალურად გამკაცრებას, ივანიშვილს არ სურს გახდეს რეგიონში "მეორე ნომერი" ირანის შემდეგ.

- რას ცვლის "ქართული ოცნებისთვის" ირანში ხელისუფლების შეცვლა?

- თუ ამერიკა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ფორმით შევა - ავიამზიდებით, სარაკეტო კრეისერებითა და საჰაერო კომპონენტით (ეს, მინიმუმ, 6-8-თვიან პერიოდს მოიცავს), ავტომატურად ნიშნავს­ ზეწოლას რეგიონის ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის საქართველოზეც. საქართველო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბია და სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციის კონტექსტში მასზე ყურადღება გარდაუვალია.

- ამერიკის ზეწოლამ როგორ შეიძლება შეცვალოს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი?

- თუ რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი დაეცემა, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას ასევე ანტიამერიკულად აღიქვამს, ეს შესაძლოა ძლიერ ემოციურ სტიმულად ექცეს. ასეთ ვითარებაში, ამერიკული ზეწოლის პარალელურად, საზოგადოებრივი ენერგეტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ მაღალ დონეზე ავა და პოლიტიკური მანიფესტაციების განახლების წინა პირობაც შეიქმნება. ხელისუფლება ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცდილობს მაქსიმალური სიმკაცრით გააკონტროლოს შიდაპოლიტიკური მუხტი, რათა პროცესები არ გავიდეს მისი კონტროლის ფარგლებს გარეთ. წარმოიდგინეთ, ირანის ცენტრალური ხელისუფლების დეზინტეგრაციამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მთლიან რეგიონზე. ქურთები, დრუზები და სხვა ჯგუფები სრულიად სხვა მოტივაციით იმოქმედებენ. ყველა დაიწყებს საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროექტების გააქტიურებას. მათ შორის იქნებიან აზერბაიჯანელებიც, რომლებიც ეცდებიან "ორი აზერბაიჯანის" გაერთიანების პერსპექტივა წამოსწიონ. ამით რეგიონი ერთიანად "დაიქოქება" უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს არის. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ქართველი საზოგადოების შიდაპოლიტიკურ კონტექსტს არ შეეხება? შეეხება და დიდი დოზებითაც...

- ამ ვითარებაში ოპოზიციას თუ ატყობთ რაიმესთვის მზადებას?

- ოპოზიცია რეალურად მხოლოდ სახელწოდებით არის ოპოზიცია. ამ პოლი­ტი­კურ ჯგუფს არ გააჩნია არც ენერგეტიკა და არც ლიდერი ჰყავს. სხვა შემთხვევაში ამ მანიფესტაციების შედეგები შეიძლება თვისებრივად განსხვავებული ყოფილიყო. საუბარია იმაზე, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ენერგეტიკა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს და ეს საქართველოზეც გადმოვიდეს, და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება.

- კი, მაგრამ ეს "დაქოქილი" ენერგეტიკა ვიღაცამ ხომ უნდა მართოს?

- როცა ამბობთ, ვიღაცამ უნდა მართოსო, ქვეყნის შიგნიდან მართვას გულისხმობთ? როგორ გეკადრებათ! როდის ყოფილა საქართველოში პროცესები ქვეყნის შიგნიდან მართული? სწორედ ამიტომ ღელავს ხელისუფლება, რომ გარედან არ მოადგეს სერიოზული რისკები.

ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივი ლიდერების არ ეშინია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არ არსებობენ. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ივანიშვილს ჯაფარიძე ან გვარამია აღელვებს? პრობლემა სხვა რამეშია: თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის და ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან სწრაფად შექმნის დასაყრდენს. შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებას ამ დასაყრდენით დააშანტაჟებს, ხელი არ დაადოო, თორემ…სხვანაირად პროტესტი არსად არ "იქოქება"...

- "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ამკაცრებს კანონებს, ზღუდავს ფინანსურ ნაკადებს და ცდილობს ყველა შესაძლო არხის გადაკეტვას, საიდანაც დასავლური ფული შეიძლება შემოვიდეს, შესაძლებელია თუ არა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა?

- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ამერიკის დამოკიდებულება. ამ ეტაპზე ამერიკელებს საქართველოს საკითხზე პოლიტიკური პაუზა აქვთ აღებული. მიამიტი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამერიკელები საქართველოსთან დაკავშირებულ რაღაც გადაწყვეტილებას ამზადებენ. ქრონოლოგიაც მეტ-ნაკლებად ცნობილია: ირანის საკითხის მოგვარების შემდეგ. ერთადერთი ინტრიგა ის იყო, ამერიკელები საქართველოს თემას უკრაინის კონტექსტში განიხილავდნენ... ირანის საკითხის დასრულების შემდეგ გადმოინაცვლებდნენ ამიერკავკასიაზე. მაგრამ განიხილავენ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ჭრილში თუ წინა აზიის კონტექსტით, აი, ეს იყო მთავარი კითხვა. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს საკითხში პოლიტიკური აქტუალიზაციის ეტაპი დაიწყება ამერიკის მცდელობით, ბიძინა ივანიშვილის "გადაბირებით". ივანიშვილი მიამიტი ნამდვილად არ არის. ენჯეოების ფულით რომელ ქვეყანაში მომხდარა სახელმწიფო გადატრიალება? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რა ენჯეოები, რა გიგაური - ამაზე საუბარიც კი უხერხულია. ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი ყველამ იცის: ასეთ პროცესებს ან თავად ამერიკული ელიტა ხელმძღვანელობს, ან ყველაფერი მასთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ხელისუფლების დაწესებული შეზღუდვები უფრო სიგნალია ამერიკისთვის, ვიდრე რეალური ინსტრუმენტი. ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ აკონტროლებს ვითარებას.

- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ამერიკის პასუხი ივანიშვილის სიგნალზე?

- ამერიკის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დატოვოს ანტიამერიკული პლატფორმა. მთავარი ინტრიგა ის არი, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რესურსი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ეტაპზე ამერიკელებს არ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის ჩანაცვლება პრიორიტეტია. მათი მიზანია, საქართველო ჩამოშორდეს ანტიამერიკულ პოლიტიკურ კურსს. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, პრობლემები გარდაუვალია. თუმცა, თუ ამერიკული ზეწოლით მოხერხდება ქვეყნის რუსული ორბიტიდან გამოყვანა, თანამდევი პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება.

ხათუნა ბახტურიძე