შოკური ექსპერიმენტი ანუ რას მოგვიტანს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება?!
ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, რაც გულისხმობს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას, გვესაუბრება პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, რომელიც თავის დროზე განათლების მინისტრის მოადგილეც იყო. ამ თემაზე ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს, თსუ-ის უნივერსიტეტის რექტორი კი პასუხს თავს არიდებს.
"რეალურად შეერთებაზე კი არა, სტუ-ს გაუქმებაზეა ლაპარაკი"
დავით ზურაბიშვილი: - გაუგებარია, რისთვისაა საჭირო ასეთი მონსტრის შექმნა. მეორე მხრივ, წარმოუდგენელია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ ისე, რომ არ უთანხმებენ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ საბჭოებს. პროფესურა და პერსონალი ტელევიზიით იგებენ, რომ თურმე სხვა უნივერსიტეტს უერთებენ. რეალურად შეერთებაზე კი არა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებაზეა ლაპარაკი, რომელიც გახდება ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. "გეპეის" სტუდენტები ხუმრობენ კიდეც, "გეპეიში" ჩავაბარეთ და თსუ-ს ვამთავრებთო, და, ალბათ, უკმაყოფილოებიც არ არიან. ეს ხუმრობით, თსუ უფრო პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ თვითონ ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი ტრადიციები აქვს. ქართული ტექნიკური ინტელიგენცია მათგან გაიზარდა, აქვთ ლაბორატორიები და უამრავი პროგრამა.
ჩემი აზრით, ეს არის კობახიძის წამოწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი გამოვლენა. დაანონსებული რეფორმის გატარებაში პრობლემები შეექმნათ და ამაში ერთგვარი "გამოსავალი" დაინახეს, თუმცა რეალურად ეს გამოსავალი არ არის. ეს ე.წ. რეფორმა თავიდანვე არ ისახავდა მიზნად სისტემური პრობლემების მოგვარებას. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - აკადემიური სფეროდან ოპოზიციური აზრი განდევნილიყო. ხელისუფლების წრეებში გავრცელებულია ლეგენდა, თითქოს ილიას უნივერსიტეტი "ნაცების ბუდეა", "აკაცუკების" სამჭედლო და იქ ხალხს ტვინს ურეცხავენ. მახსოვს, "უცნობი" ერთ-ერთ შოუში ამბობდა, ერთი გოგონა მიშას დროს ჩვენთან ერთად აქციებზე იდგა, მერე "ილიაუნში" ისწავლა, ტვინი გადაუბრუნეს და ახლა რუსთაველზეა ყოველდღეო. პრაქტიკულად, ილიას უნივერსიტეტს დააბრალა, რომ "კარგი ბავშვი" შეცვალა. დარწმუნებული ვარ, კობახიძეც ასე ფიქრობს. ვითომ ნაკითხი და აკადემიურ სფეროსთან ნაზიარები ტიპია, სინამდვილეში ქართულ განათლების სისტემაზე წარმოდგენა არა აქვს. სწორედ ამის შედეგი იყო მისი გადაწყვეტილება, მოესპო "ნაცების ბუდე". ივანიშვილი აკადემიური სფეროთი მაინცდამაინც არასდროს ინტერესდებოდა. ქუთაისის უნივერსიტეტიც კი ბოლოს ბიუჯეტზე დასვა - ანუ თავად აღარ აფინანსებს და ეს საქმეც თავიდან მოიშორა.
2012 წლის შემდეგ, სანამ კობახიძე რეფორმებს წამოიწყებდა, საუნივერსიტეტო სფეროში პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძო უნივერსიტეტებში პოლიტიკური კონტროლი პრაქტიკულად აღარ არსებობს, არადა, ადრე მათ "ზონდერები" მართავდნენ. სახელმწიფო სასწავლებლებს, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს, ხელისუფლება აღარ აკონტროლებდა და ივანიშვილიც ამაზე თავს არ იკლავდა. თუმცა კობახიძემ ჩათვალა, რომ ასე არ უნდა გაგრძელებულიყო, დაიწყო ფიქრი, როგორ მოესპო "ილიაუნი". სწორედ ამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ მოიფიქრა ეს რეფორმა, რათა პირდაპირი დარტყმა არ გამოჩენილიყო. ამ გეგმის მთავარი პუნქტია ის იდიოტური პრინციპი - "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი", რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ჩანაფიქრი მარტივი და პრიმიტიული იყო: რადგან უნივერსიტეტებს ერთნაირი ფაკულტეტები აქვთ, ქალაქში მხოლოდ ერთი უნდა დავტოვოთ, დანარჩენებს კი წავართვათ - ანუ თსუ-ს დავუტოვებთ, "ილიაუნს" კი წავართმევთ. ილიას უნივერსიტეტს დარჩებოდა მხოლოდ უცხო ენები და განათლება, პროგრამების 70% გაუქმდებოდა, სტუდენტების რაოდენობა შემცირდებოდა და უნივერსიტეტიც, პრაქტიკულად, მოისპობოდა. მოგვიანებით ზედმეტი შენობების გაყიდვაც გახდებოდა შესაძლებელი, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ფაკულტეტი ძალიან კონკრეტული ცნებაა და უნივერსიტეტებს ისინი სულაც არა აქვთ იდენტური. მაგალითად, "ილიაუნში" ოთხი ფაკულტეტია, თსუ-ში კი - შვიდი. ილიას აქვს "მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთოდ არ გააჩნია. სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად იგივე ფაკულტეტები აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც. გამოდის, ამ პრინციპით "ილიაუნზე" მეტად პროსახელისუფლებო "გეპეის" აზიანებენ და მას თბილისიდან აქრობენ.
როცა დაინახეს, რომ პრინციპი "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი" უამრავ პრობლემას ქმნის, უნივერსიტეტების გაერთიანება გადაწყვიტეს. გეგმა ასეთია: პირველ წელს ყველას დატოვებენ, რომ თსუ დიდ "მონსტრად" იქცეს, მეორე-მესამე წელს კი პროგრამებსა და პერსონალს შეამცირებენ, "გეპეის" იურიდიულს საერთოდ გააუქმებენ და შენობებს დეველოპერებს მიჰყიდიან. "გეპეის" აკადემიური პერსონალიც ხვდება, რომ დიდხანს არავინ გააჩერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 104-წლიანი ტრადიცია აქვს. ასეთი ინსტიტუციური და აკადემიური მემკვიდრეობის ხელის ერთი დაკვრით გაუქმება დიდი უპატივცემულობაა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია. რაც კობახიძე პრემიერ-მინისტრად მოვიდა, ხელისუფლების უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება, თანაც იმ ხალხის ხარჯზე, ვინც ადრე მის მიმართ ლოიალური იყო ან პატივს სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მძიმე მდგომარეობაა, მსგავს გადაწყვეტილებებს მოყოლილი აქციები ხელისუფლებისთვის პოტენციურად დიდ საფრთხეს შეიცავს. თუ პროცესმა მასშტაბი შეიძინა, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს კიდეც.
- ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. რატომ მისცა კობახიძეს ამის უფლება, რაში აწყობს თავისივე მომხრეების გადაკიდება? და მეორე, არის იმის რესურსი, რომ მასშტაბურ აქციებში გადაიზარდოს და გადაწყვეტილება შეცვალონ?
- უნივერსიტეტების საკითხი კობახიძის იდეაა და ბიძინას ყოველთვის შეუძლია მას თავზე გადაამტვრიოს, თუ ჩათვლის, რომ ზედმეტ პრობლემებს უქმნის. კობახიძემ აიღო ნებართვა, მტრებს შეგიმცირებო, მაგრამ თუ მტრები მოუმრავლდა, არა მგონია, ეს ბიძინას მოეწონოს.
მასობრივი აქციები ქართული რეალობის გათვალისწინებით მეეჭვება, თუმცა ამ თემაზე პროტესტი ძალიან კონკრეტულია. როდესაც უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტობა შენს წინააღმდეგაა, ძნელია რეფორმის გატარება...
ე.წ. რუსული კანონი ბიძინასთვის პრინციპული იყო არა თავად კანონის გამო, არამედ არასამთავრობო სექტორის მოსასპობად. ახლა ის ცდილობს ამ ხალხის საერთოდ გაქრობას. ცხრაასი კანონი მიიღო, მაგრამ ხედავს, რომ ეკა გიგაური და ლომჯარია მაინც ფუნქციონირებენ\. მისთვის მთავარია არასამთავრობო სექტორის მოსპობა, რადგან მათ "დიფ სთეითის" აგენტებად მიიჩნევს...
ის, რასაც ჩვენთან აკეთებენ, მსოფლიოში უნიკალურია და რუსულ ანალოგიასაც არ ექვემდებარება. რუსეთში პირდაპირ გამოცხადებული დიქტატურაა, ჩვენთან კი შერჩევითია - კანონი გამოყენებული იქნება მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვისზეც ბიძინა მიუთითებს. მიიღეს ისეთი ნორმები, რომლებითაც ნებისმიერი ადამიანის დაჭერაა შესაძლებელი. რუსეთსა თუ ბელარუსშიც კი სამართლებრივი ნორმების ელემენტარულ ელემენტებს მაინც სცემენ პატივს, აქ კი საერთოდ საოცრებები წერია. შემოაქვთ ტერმინები, როგორიცაა "უცხო ძალა", რაც იურიდიულად გაუგებარია და მასში რუსეთი არასდროს იგულისხმება - მხოლოდ შეთქმულების თეორიები. ოდესმე ეს ხელისუფლება აღარ იქნება და ამ "ავგიას თავლების" გაწმენდა ადვილი არ იქნება. ქვეყანა პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი. შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს, ოღონდ ეს დრო მალე უნდა დადგეს.
- უნივერსიტეტების გაერთიანება და რეპრესიული კანონების კიდევ უფრო დამძიმება ერთდროულად გამოაცხადეს. უნივერსიტეტებზე ამ გადაწყვეტილებით ხომ არ უნდათ მეორის გადაფარვა, რადგან ამით ადამიანებს, ფაქტობრივად, პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავენ.
- არა მგონია, ეს გადაწყვეტილება სპეციალურად, რაიმეს გადასაფარად მიიღეს. უბრალოდ, "გენიალური" გამოსავალი იპოვეს - ამით "გეპეის" ხელისუფლების მომხრე პროფესურას წელს მაინც შეუნარჩუნეს სამსახური, რათა მერე ნელ-ნელა შეამცირონ. მათთვის მთავარია, "ილიაუნს" მოუთავონ ხელი. კიდევ არის სოხუმის უნივერსიტეტი, რომელსაც საერთოდ არაფრად აგდებენ და იქაც პროფესურა პრაქტიკულად უმუშევარი დარჩება. კობახიძე მგონი, სპეციალურად მუშაობს, რომ სხვადასხვა ფენაში ხელისუფლების უკმაყოფილო ხალხი გაამრავლოს.
სრულიად არასტაბილურ ვითარებაში ვართ, სახელმწიფოს ინსტიტუციური მექანიზმი აბსოლუტურად მოშლილია. ხვალ ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვას, წავედი და რაც გინდათ, ის ქენითო, დაიწყება სრული ქაოსი, რომლის აღწერაც კი რთულია. მთელი ხელისუფლება ერთ კაცზეა ჩამოკიდებული. ეს ვითომ მყარი სისტემა უცებ გახდება არაფერი...
"სტუდენტებისა და პროფესორების შენარჩუნების გარანტია აღებული მაქვს"
დავით გურგენიძე: - მე თავიდანვე ვთქვი და გავიმეორებ - შეიქმნება საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლა, ძალიან ძლიერი რეგიონში. შემდგომში ამას ძალიან ბევრი განშტოება აქვს - სასწავლო პროცესები, ასე ვთქვათ, კურიკულუმები, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ. ამაზე იყო ჩვენი საუბარი და კიდევ გაგრძელდება. ეს დღეებია შეხვედრები გვაქვს. პირადად მე შევხვდი აკადემიურ საბჭოს, პროფესორებს და დღეს უკვე ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებში გაიშალა ეს შეხვედრა. უკვე ზღვა მასალა შემოდის. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ და ეს ჩვეულებრივი მომენტია, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არიან ისეთებიც, ვისაც ეს მოსწონთ. მასალების შეგროვების შემდეგ ყველასთან მექნება შეხვედრა. მე სულ სამსახურში ვარ, ბატონ მინისტრთან ყოველდღიურად და ყოველ საათს მაქვს კონტაქტი. ჩვენ ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ბატონ ჯაბა სამუშიასთან, განვიხილავთ ამ თემას და მერე მოვახსენებთ საზოგადოებას.
- რას მიიღებენ ეს უნივერსიტეტები გაერთიანებით ისეთს, რასაც ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ვერ შეძლებდნენ?
- მარტივად აგიხსნით. მე ვთქვი და ახლა კიდევ გავიმეორებ: პირველი, რაც ყველაზე საინტერესოა პროფესორისა და მასწავლებლისთვის ის არის, რომ სტუდენტები ისწავლიან უფასოდ.
- ეს ხომ ისედაც ეგრე იქნებოდა? დაანონსდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულიად უფასო იქნება სწავლა.
- ერთი წამით, მომისმინეთ... ძალიან გთხოვთ, მე არა ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მეცნიერი და პედაგოგი. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილია. ასევე მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რას მოგვცემს ეს, ასე ვთქვათ, ახალი საინჟინრო სკოლა. ორივე უნივერსიტეტს გვაქვს "ცერნთან" (CERN - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - რედ.) ურთიერთობა, ასევე "კეკთან" იაპონიაში (KEK - მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია იაპონიაში - რედ). ჯერ პირადი შეხვედრები მექნება ამ დოკუმენტების განხილვის შემდეგ, მერე შეხვედრები მინისტრთან, მის მოადგილეებთან, პარლამენტის წევრებთან და გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას. ეს იქნება შეთანხმებული გადაწყვეტილება, ყველასი ერთად.
- აკადემიური თავისუფლების ხარისხი შენარჩუნდება?
- რა თქმა უნდა, ავტონომია შენარჩუნდება. აკადემიური თავისუფლების ხარისხი დღესაც არსებობს. ეს დღევანდელმა დღემაც დაამტკიცა და გუშინდელმაც - ჩვენ ეს გადაწყვეტილება ბატონ მინისტრთან ერთად მივიღეთ, რომ შევხვედროდით ყველას.
- ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს შერწყმით უშუალოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომია როგორ შენარჩუნდება?
- ეს არის პროგრამების, ფაკულტეტების, ინსტიტუტების შერწყმა, რაც სერიოზული პროცესია. მერწმუნეთ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველანი ერთად, რომელიც საქვეყნო და სასარგებლო იქნება.
- ის სამეცნიერო გრანტები, პროექტები, რომლებიც უშუალოდ ტექნიკური უნივერსიტეტის იყო, როგორ შენარჩუნდება?
- არაფერი არ გაუქმდება, პირიქით... უბრალოდ, ყოველივე ამას საუბარი სჭირდება.
- დიპლომების აღიარების საკითხი როგორ იქნება? თსუ-ს აქვს სათანადო კვალიფიკაცია, თუნდაც საინჟინრო მიმართულებით? დიპლომების საერთაშორისო აღიარების საკითხზე რა პასუხი აქვთ?
- თსუ დღესაც იძლევა სამედიცინო განათლებას...
- სამედიცინო უნივერსიტეტი ხომ არ ერთიანდება, ტექნიკურ მიმართულებაზეა საუბარი.
- ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თუ სახელმწიფო ამას გადაწყვეტს და აკადემიური წრეებიც დაეთანხმებიან, ეს გაკეთდება. რა თქმა უნდა, თსუ-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს მსოფლიოში, ორივე შედის 20000 ავტორიზებულ უნივერსიტეტში, ასევე ილიას უნივერსიტეტი პირველ შვიდასში. ეს ძალიან დიდი წარმატებაა 2250-ლარიანი გრანტის მქონე უნივერსიტეტებისთვის. თსუ-ც და ჩვენც ყოველთვის პირველ-მეორე ადგილზე ვართ ამიერკავკასიაში, მსოფლიოში კი ერთმანეთის მიყოლებით ვართ ათასში. ესეც დიდი წარმატებაა საქართველოსთვის.
- არსებობს რამე კვლევა, ეს შერწყმა ამ რეიტინგებზე რა გავლენას მოახდენს?
- რეიტინგებზე მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო გავლენას იქონიებს, უნივერსიტეტის ციტირების ინდექსი აიწევს. მინდა იცოდეთ - ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფო სახელმწიფოში, არ არის თსუ-ზე პატარა, თუ უფრო დიდი არა. ხან ჩვენი სტუდენტების რაოდენობაა მეტი, ხან მათი - ამას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტი მისი ასეთი ტექნოლოგიური პროცესებით კავკასიაში, რუსეთის კავკასიის ნაწილში - როსტოვი და კრასნოდარის მხარეც რომ მივამატოთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პირველი საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლაა რეგიონში... ასე რომ, ჩამოვა მინისტრი, ახლა ისრაელშია, ქართველოლოგიის ცენტრი უნდა გახსნას ისრაელის უნივერსიტეტში, ამასობაში მეც მზად ვიქნები და ყველა საკითხზე ვისაუბრებთ.
- არის გარანტია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობა შენარჩუნდება?
- კიდევ ერთხელ გეუბნებით - ჩვენ ამაზე საუბარი გვექნება. რა თქმა უნდა, ადამიანებს აღელვებთ და მეც მაღელვებს იდენტობის საკითხი. იმიტომ, რომ სამშობლო და იდენტობა და უნივერსიტეტი ერთია. ამაზე ვისაუბრებთ და მივალთ რაღაც გადაწყვეტილებამდე.
- ასეთი დიდი უნივერსიტეტების გაერთიანების პრეცედენტი თუ არსებობს?
- როგორ არ არსებობს, იტალიაშიც არის და სხვაგანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ყოფილა, მაგრამ იქ სხვა პრინციპებია, იქ კერძო უნივერსიტეტებია. შეიძლება კერძო უნივერსიტეტმა კერძო იყიდოს, სახელმწიფომ სახელმწიფო უნივერსიტეტი იყიდოს, სახელმწიფომ იყიდოს კერძო უნივერსიტეტი. ჩვენ ორივე სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ.
- გაქვთ გარანტია, რომ პროფესორებისა და სტუდენტთა რაოდენობა შენარჩუნდება?
- ამის გარანტია მე მიღებული მაქვს. ეს იყო ჩემი პირველი კითხვა ბატონ მინისტრთან და, რა თქმა უნდა, სტუდენტებისა და პროფესორების შენარჩუნების გარანტია მაქვს.
- რამდენწლიანი გარანტია გაქვთ?
- როგორც ამას კანონი არეგულირებს, როგორც არჩეული არიან. ყველა ოთხი წლით არის არჩეული, ზოგს სამი დარჩა, ზოგს ორი. რომც არ გაერთიანდეს და დავრჩეთ ასე, ყველა თავისი ვადით არის. მე, ჩემი ვადით ვარ, ხომ?
- მომავალ წელს ისევ რომ მოუნდეთ რაღაცის შეცვლა, რა იქნება მერე?
- არის გარანტია და ამ ყველაფერს კანონი არეგულირებს. ისე არ არის, მომინდა და შეცვალო. ამ გაერთიანებასაც კანონი უნდა, კანონში ცვლილება უნდა შევიდეს. განათლების კომიტეტშიც იქნება მსჯელობა და ამ ადამიანებს არაფერი არ მოაკლდებათ, თუ არ მოემატებათ.
რუსა მაჩაიძე