„გვეუბნებიან, თუ არ გინდა დაისაჯო, დაჯექი სახლში და მოკეტეო“
თუ ოდესმე გიმუშავიათ ორგანიზაციაში, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებდა, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრებაზე შეგიძლიათ აღარც იოცნებოთ და თუ გაბედავთ, წლობით ციხეში მოგიწევთ ჯდომა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის და აკრძალვების გამკაცრება გამოხატვის თავისუფლებასაც ეხება - თუ უცხოეთიდან რომელიმე ორგანიზაცია კი არა, ნათესავი ან მეგობარი მაინც ჩაგირიცხავთ ფულს, ან სულაც რაიმე მატერიალურ ან არამატერიალურ დახმარებას გაგიწევთ, მაგალითად, გამოგიგზავნით წიგნებს, ტანსაცმელს ან ონლაინ გასწავლით თუნდაც ასტრონომიის ან გეოფიზიკის საფუძვლებს და მერე თქვენ ხელისუფლებაზე კრიტიკულ აზრს გამოხატავთ, ან პოლიტიკაზე იტყვით ისეთ რამეს, რაც "ოცნებას" არ მოეწონება, მაინც დაგიჭერენ. სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, ამ საკითხებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.
- სულ ცოტა ხნის წინ, ე.წ. ტროტუარების კანონის მიღებით, ფაქტობრივად, დანაშაულად გამოაცხადეს ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია. როდესაც არ გაძლევენ ტროტუარზე დგომის უფლებას, მაშინ რისი უფლება გვრჩება - ხეებზე ავიდეთ? კანონში, რომლის მიღებასაც ახლა აპირებენ, უკვე ფინანსური თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი. აქამდეც ხომ შეზღუდული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების მიღების შესაძლებლობა, მედიასაშუალებებს საერთოდ აუკრძალეს უცხოური გრანტების მიღება, აიკრძალა არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების უცხოეთიდან დაფინანსება, მაგრამ დარჩენილი იყო ფიზიკური პირების დაფინანსების შესაძლებლობა. ჰოდა, მოტვინეს, რომ იმ აკრძალვებს, რომლებიც აქამდე ჰქონდათ დაწესებული, შეიძლება გვერდი აუარონ სწორედ ფიზიკური პირების მეშვეობით - ანუ უცხოურმა ორგანიზაციამ, დავუშვათ, ან ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ფული გადაურიცხონ, ვთქვათ, აქტივისტებს, ფიზიკურ პირებს, რომლებიც შემდგომ ამ ფულს მიაწვდიან მედიასაშუალებას ან არასამთავრობო ორგანიზაციას, ან გამოიყენებენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედებისთვის და ასე აუვლიან გვერდს დაწესებულ აკრძალვებს. მაგრამ ასეთ დროს პრობლემური ის არის, მე თუ ვიღაცამ ფული გამომიგზავნა, ხელისუფლებისთვის იმის დამტკიცება რთული იქნება, რომ მე ამ ფულს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად ვიყენებ. მე დღესაც ვამბობ რაღაცებს ისე, რომ არავის დაფინანსებას არ ვიღებ, მაგრამ აი, თუ ვინმემ გამომიგზავნა ფული - მაშინ უკვე ექვს წლამდე პატიმრობას მომისჯიან ამ ფინანსური დახმარების საზოგადოებრივ აზრზე ან ხელისუფლებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ან არსებობდეს, ან არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუ არ არსებობს, იტყვიან, არსებობსო. რა, არ იჭერდნენ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრისთვის? იჭერდნენ და დღესაც დაიჭერენ, გაუჭირდებათ?
- თქვენ როგორ გგონიათ?
- მე ვფიქრობ, გაუჭირდებათ. რამდენიმე კაცი შეიძლება დააპატიმრონ და მიუსაჯონ, მაგრამ ყველას ვერ დააპატიმრებენ. ყოველივე ეს ხომ იმისათვის კეთდება, როგორმე ჩაკეტონ პროტესტის უწყვეტი ტალღა. ამ კანონებით გვეუბნებიან, თუ არ გინდა დაისაჯო, დაჯექი სახლში და მოკეტეო. ვინმესთან დებატების გამართვის აზრსაც ვერ ვხედავ, რადგან ხელისუფლებას დახშული აქვს შეცნობის არხები... პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ბრიფინგებს რომ მართავენ, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. ბოლო შემთხვევა ავიღოთ - ეუთოს ექსპერტების მისიაზე, რომელიც უნდა ჩამოვიდეს და გამოიძიოს, რა ხდება და რა მოხდა, უკვე მიიტანეს შეტევა. ყველა სახელმწიფო ცდება, ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა შეუმცდარი, მთელი მსოფლიო ებრძვის საქართველოს. ის "დიფსთეითი" ერევა ყველას - შეერთებულ შტატებს, მთელ ევროპას, ყველას მოერია, ერთი ივანიშვილსა და კობახიძეს ვერ მოერია. მთლად ჭკუიდან გადასული უნდა იყო, რომ ასეთ რაღაცებს ამბობდე, მაგრამ უბედურება ის არის, ვიღაცებს ალალად სჯერათ ამათი სისულელეების...
- ამ ინიციატივების მეორე ნაწილი ეხება პარტიებში გაწევრების აკრძალვას... ეს რატომ ხდება, არსებული ოპოზიციის სისუსტის ფონზე პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენის ეშინიათ?
- რა გითხრათ... პარტიის წევრობა და პარტიის შექმნა ჩვენი თანამოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, ეს აკრძალვები კი არაკონსტიტუციურია, მაგრამ ამასაც არად დაგიდევენ. ნახეთ, რა გააკეთეს - ჯერ ხომ ჩაწერეს ისეთი ნორმები კანონში, რომელიც ასევე არაკონსტიტუციურია, მაგრამ კონსტიტუციას თუ დავივიწყებთ, შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, რომ გააუქმოს, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები. თუ პარტია აკრძალეს, მაშინ იმ პარტიაში ვეღარ შეხვალთ ხომ? ის პარტია აღარ არსებობს. ახლა ახალი პარტიის შექმნაზე - ვინც იმ პარტიაში იყო, იმათ უკრძალავენ რომელიმე პარტიაში შესვლას. ე.ი. იმ პარტიის წევრები ვინც იყვნენ, აღმოჩნდებიან იმ კონსტიტუციური უფლების გარეშე, რომელიც მათ აძლევს პარტიის წევრობის უფლებას. კიდევ სხვა საფუძველიც მოიგონეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდი... სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიული ტერმინი არ არის, იურიდიული ტერმინია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. უამრავი ორგანიზაცია არსებობს ამ სტატუსის მატარებელი, განსხვავებით პარტიებისგან - პარტია ბევრად ცოტაა. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაგან ზოგი ქალთა უფლებებს იცავს, ზოგი შშმ პირთა უფლებებს, ზოგი სოციალურად შეჭირვებულებს საადვოკატო მომსახურებას უწევს, ზოგი, ვთქვათ, მეფუტკრეობის განვითარებაზე ზრუნავს და ა.შ., დაფინანსებას იღებდა, ახლა ვიღა აიღებს დიდი უცხოური ფონდებისგან, რომლებიც ხელს უწყობდნენ საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სიკეთის კეთებას. აი, თუ ვინმე მუშაობდა ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებდა, ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, პარტიის წევრობა. ესეც პირდაპირ არაკონსტიტუციურია. მაგალითად, მე დამიკვეთა ანალიტიკური წერილი რომელიღაც ევროპულმა ჟურნალმა, დავწერე, ავიღე ჰონორარი და მორჩა. თუ ამის მერე რამეს ვიტყვი პოლიტიკაზე და ღმერთმა დაიფაროს, თვითონ იმ სტატიაში იყოს რაიმე პოლიტიკური მოვლენის შეფასება, შეუძლიათ პირდაპირ გამიშვან ციხეში. ესეც ხომ არის ცდა პირში საცობის დაცვისა, რომ ხმა არავინ ამოიღოს. და როცა ლაპარაკია პოლიტიკაზე, ყველაფერი შეიძლება იგულისხმებოდეს - განათლების პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა... ამიტომ ნებისმიერ რამეზე გამოთქმული აზრი უკვე შეუძლიათ ჩათვალონ საზოგადოებრივ აზრზე ან ხელისუფლებაზე ზემოქმედების ცდად. არადა, ჩვენ ხომ იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ რაღაცაზე, როცა ვამბობთ, რომ ეს არასწორია, აი, ამას გვიკრძალავენ. ამიტომ მგონია, რომ ეს აკრძალვაც ვერ იმუშავებს, ვერ შეძლებენ ამის აღსრულებას. არც ჩვენი დაშინება გამოუვათ. შეეცდებიან პოლიტიკურ ცხოვრებასაც უფრო მეტად შეუშალონ ხელი, მაგრამ რამდენად გამოუვათ, უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენს მოითმენს ხალხი.
რუსა მაჩაიძე