შოკის კვირა: გრანტების კანონის გამკაცრებიდან უნივერსიტეტების გაერთიანებამდე - კვირის პალიტრა

შოკის კვირა: გრანტების კანონის გამკაცრებიდან უნივერსიტეტების გაერთიანებამდე

ოპოზიციის გაერთიანებას უნივერსიტეტების გაერთიანებამ დაასწროო, ხუმრობდნენ სოცქსელებში. თუმცა სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ არის - მთავრობა ორი ქართული უძველესი უნივერსიტეტის, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას აპირებს, ერქმევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ასე ხსნის: "უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს"

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. იმ პროფესორებმა თუ განათლების საკითხის მკვლევრებმა, რომლებმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ისურვეს, გაერთიანების ამბავი უარყოფითად შეაფასეს - მათი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ ეს, პრინციპში, გაერთიანებას კი არა, სტუ-ს გაუქმებას ნიშნავს. ოპოზიციამ პოლიტიკური მოტივები დაინახა - ხელისუფლებას უმაღლეს სასწავლებლებზე სრული კონტროლის დამყარება სურსო.

მოდი, გვერდით გადავდოთ პოლიტიკური შეთქმულებების თეორიები და ვთქვათ, რომ დიახ, საქართველოს განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია. თსუ-სა და სტუ-ს რეიტინგები მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ... გაერთიანება არის გამოსავალი?

ორი ასეთი უნივერსიტეტის გაერთიანება-არგაერთიანება იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ, წესით, ამ საკითხს წინ უნდა უძღოდეს მრავალთვიანი დისკუსია, უნდა იყოს გათვალისწინებული მეცნიერების, სტუდენტების, ექსპერტების და საერთოდ, საზოგადოების აზრი (კარგი იქნებოდა, საქმეში ჩართულიყვნენ უცხოელი სპეციალისტებიც). მეთოდურად, პუნქტობრივად, დეტალურად უნდა დასაბუთებულიყო,­ თუ რატომ არის კარგი ასეთი გაერთიანება და „მეორე მხარე ასევე მეთოდურად მოიყვანდა თავის არგუმენტებს; გამოიკვეთებოდა ძირითადი ასპექტები, შეიქმნებოდა საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ უკვე უნდა ყოფილიყო მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

გასაგებია, რომ დღევანდელ სუპერპოლარიზებულ გარემოში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ძნელია, რადგან ყველაფერი დადის პოლიტიკამდე, უსაგნო ბრალდებებამდე და იმის გარკვევამდე, თუ ვინ არის "რუსი" და ვინ "აკაცუკი", თუმცა მცდელობა მაინც უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ხომ ცნობილია, რომ გამოვიდა დებატების ინიციატივით მმართველი გუნდი. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაღა უნდა იყოს? დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, ერთი მხრივ, იმ პროფესორებსა და განათლების ექსპერტებს, რომლებიც­ ეწინააღმდეგებიან გაერთიანებას, და მეორე­ მხრივ, მთავრობის წარმომადგენლებს, მაყურ­ებელი კი საკუთარ დასკვნებს­ გამოიტანდა...

რა თქმა უნდა, ზოგჯერ საჭიროა რევოლუციური რეფორმები, მაგრამ ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოიტანოს. მთავარი­ კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რატომ ან როგორ ასწევს სწავლის დონეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ერთი რექტორით სათავეში (ყიდვა-გაყიდვა ხომ არ არის, რომ ორი ურემონტო ბინდა გაყიდო და ერთი რემონტიანი იყიდო)? დაანონ­სებულია, რომ არც აკადემიური პერსონალი იცვლება და არც ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა მცირდება? არ შეიძლებოდა, რომ თსუ-სა და სტუ-შიც ცალ-ცალკე ამაღლებულიყო სწავლის დონე? იმედია, ამ დღეებში ზემოხსენებულ კითხვებზე არგუმენტებს მოვისმენთ.

დებატების ინიციატივა

მმართველი გუნდი გამოვიდა დებატების ინიციატივით. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც, ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართველ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

ოპოზიცია გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას. მაგალითად, ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის პირადად ირაკლი კობახიძესთან.­ მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი გახარიამ დისკუსია პირდაპირ ივანიშვილთან მოითხოვეს. იქით ოპოზიციის ნაწილი ამბობს,­ რომ სადებატო არაფერია და რომელიმე სტუდიაში პირისპირ დასხდომა "ოცნების" გაპრავება იქნება. ისე, რა ამის პასუხია და, ოპოზიციონერებიც იშვიათად სხდებიან ერთმანეთთან დებატებისთვის - "მე იმასთან არ დავჯდების"“პრინციპით.

ამასობაში დააზუსტა "ოცნებამაც" - დებატებს ვაპირებთ მხოლოდ იმათთან, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ და დამნაშავეები არ არიანო.­ თეორიულად ("ოცნებას" არ დაუზუსტებია,­ ვის გულისხმობდა) ასეთი პარტია არის სამი: "იაგო ხვიჩიას "გირჩი", რომელიც "ოცნებაზე" მეტად ოპოზიციას ერჩის და თან 2025 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა; გახარიას პარტია, რადგან პარლამენტში შევიდა­ და მონაწილეობდა ადგილობრივი­ თვითმ­მართველობის არჩევნებში. და "ლელო", რომელიც ასევე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის­ საარჩევნო პროცესში. თუმცა ბოლო სიტყვა "ოცნებაზეა", რადგან გახარიას მოღალატედ და დამნაშავედ თვლიან (ჩორჩანას საგუშაგოს საქმე, 20 ივნისის მოვლენების საქმე), "ლელოს" კი კოლექტიურ "ნაცმოძრაობად". ასე რომ, ვინ ვის უნდა ედებატოს, ჯერ კიდევ უცნობია.

ჩვენს თავს პროგნოზის გაკეთების უფლებას მივცემთ - სავარაუდოდ, არანაირი დებატები არ გაიმართება. არადა, კარგი იქნებოდა, ოღონდ არა შერჩევითობის პრინციპით, არამედ სრულად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგისა და დისკუსიის დაწყება კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად... თუმცა ზოგჯერ გვგონია, რომ ეს ცუდი სიზმარი არასოდეს დასრულდება.

"გრანტების შესახებ“ კანონი მკაცრდება

გამკაცრება ასე გამოიყურება: ცვლილება შევა "გრანტების შესახებ" კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება: "გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურა­ლური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური­ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება...

"გრანტების შესახებ" კანონით დადგენილი წესების დარღვევა კი სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

"ამასთან, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე".

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.

"ასევე, ცვლილება შევა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური­ ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, დაჯარიმდება 20.000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40.000 ლარის ოდენობით".

მოკლედ ვიტყვით - ეს ცვლილებები­ იძლევა საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასანქცირდეს და საერთოდ აღარ მოუნდეს პოლიტიკისკენ გახედვა. უცნაურია, რაში სჭირდება "ოცნებას" ამ ეტაპზე კანონის კიდევ უფრო გამკაცრება - დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტისა და ქუჩაში პროტესტის დინამიკის ფონზე, მას არაფერი ემუქრება. მეორეც - ქანჩების დაუსრულებლად მოჭერა და გამკაცრება გამოსავალი არ არის. პირიქით, არის რისკი, რომ კიდევ­ ერთი ასეთი გამკაცრება იყოს ბოლო წვეთი“(მით უმეტეს, მუდმივი დაძაბულობისა და დროში გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე), მათ შორის მმართველი პარტიის დღევანდელი მომხრეებისთვის. ეს არის თვითდაზიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და რატომ ვერ ხედავენ ამას "ოცნებაში", გაუგებარია.

გიორგი კვიტაშვილი