რუსული „ისკანდერებისგან“ და „კინჟალებისგან“ სრულ დაცვას უკრაინა ვერ შეძლებს - კვირის პალიტრა

რუსული „ისკანდერებისგან“ და „კინჟალებისგან“ სრულ დაცვას უკრაინა ვერ შეძლებს

20 იანვარს უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ რუსეთმა გაუშვა 31 ერთეული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, რომელთა მოგერიება უკრაინელ მეზენიტეებს ძალიან გაუჭირდათ, რის გამოც რუსულმა "ისკანდერებმა" მწყობრიდან გამოიყვანეს დედაქალაქის სამი თბოელექტროსადგური, რამაც კიევში თითქმის სრული ბლექაუტი გამოიწვია და მისი მილიონობით მცხოვრები სითბოსა და შუქის გარეშე დატოვა ოცგრადუსიან ყინვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლეთის მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არ დამალა, რომ ასეთი ტრაგიკული შედეგი 20 იანვარს რუსული "ისკანდერების" შეტევის შემდეგ იმიტომ დადგა, რომ კიევის გარშემო განთავსებულ "პეტრიოტის" საზენიტო-სარაკეტო სისტემებს... არ გააჩნდათ რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტების მარაგი და ამაში დამნაშავე ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც დროულად არ გადაიხადა თავისი წილი ამერიკული "პეტრიოტის" ანტირაკეტების შესაძენად.

მეოთხე წელია უკრაინა თითქმის ყოველღამ დაუნდობლად იბომბება (მაგალითად, გასულ 2025 წელს მხოლოდ ოთხი ღამე იყო გამონაკლისი, როდესაც უკრაინაში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა) და ბოლო დროს ასეთი საჰაერო შეტევები უფრო ინტენსიური გახდა. რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან სტარტაღებული Искандер-М ტიპის კვაზიბალისტიკური და МиГ-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან გაშვებული Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად უკრაინელი მეზენიტეების განკარგულებაში მხოლოდ ამერიკული წარმოების "პეტრიოტის" სარაკეტო-საზენიტო სისტემებია, რადგან სხვა, დასავლურ საზენიტო საშუალებებს არ შეუძლიათ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა და თავად "პეტრიოტსაც" ეს მხოლოდ კონკრეტული ანტირაკეტით, PAჩ-3-ით თუ შეუძლია.

თუ რამდენად გამოიჩინეს თავი ამერიკელებისა და გერმანელების "პეტრიოტებმა" უკრაინის ცაში რუსული "ისკანდერების" მოგერიებაში, აქამდე უცნობი იყო, სანამ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ნება არ დართო "პეტრიოტის" საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაურს ინტერვიუ მიეცა, რომელშიც ის აცხადებს, რომ დღემდე მისმა დივიზიონმა 250 საჰაერო სამიზნის განადგურება შეძლო, რომელთა შორის 140-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა იყო. ეს სწორედ ის დივიზიონია, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს გაიგზავნა აშშ-ში "პეტრიოტების" შესასწავლად და მალევე მათ პირველად მსოფლიო ისტორიაში, 2023 წლის 4 მაისს, შეძლეს საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი "კინჟალის" ჩამოგდება.

უკრაინელი მეზენიტე ოფიცრის 140-ზე მეტი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ განცხადების გადამოწმება ძალიან რთულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაში ყველაზე მეტად სწორედ უკრაინელი მეზენიტეები გაიწაფნენ და ისიც მაშინ, როცა ძვირად ღირებული და დეფიციტური თითოეული ანტირაკეტის გაფრთხილება უწევთ, რათა ახლოს ჩაფრენილ რომელიმე რუსულ "გერანზე" არ მიახარჯონ.

ისრაელის საჰაერო თავდაცვამაც კარგად "წაივარჯიშა" ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერაში გასული წლის 12-დღიან საჰაერო ომში, მაგრამ ისრაელის არმიას ტრამპისგან გულუხვად ნაჩუქარი არც "პეტრიოტის" ანტირაკეტები აკლდა და არც საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და მიუხედავად ამისა, ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ისრაელის რამდენიმე მსხვილი ქალაქების ცენტრებამდეც კი მიაღწიეს.

ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად არანაკლებ ორი ანტირაკეტა უნდა იქნეს გაშვებული, ასეთი ფუფუნება კი უკრაინის გენშტაბს არა აქვს. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ "ზამთრის ომის" პერიოდში, როდესაც რუსი აგრესორები მიზანმიმართულად უტევენ უკრაინის თბო და ელექტროსადგურებს, უკრაინის ქალაქების მოსახლეობის გასაყინად რუსული მხარე უფრო მეტი "ისკანდერითა" და "კინჟალით" უტევს, რათა უკრაინელმა მეზენიტეებმა რაც შეიძლება მეტი "პეტრიოტის" ანტირაკეტები გახარჯონ.

ამასთან, თუკი ტრამპი მაინც გადაწყვეტს ირანზე საჰაერო შეტევას, ირანელები აუცილებლად გაუშვებენ ასობით ბალისტიკურ რაკეტას ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ და მათ მოსაგერიებლად ამერიკელებსა და ისრაელს უფრო მეტი "პეტრიოტის" ანტირაკეტის გამოყენება დასჭირდებათ, ეს კი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვას, რადგან ტრამპი ყოველთვის სწორედ ისრაელს დაეხმარება და არა უკრაინას. "პეტრიოტის" PAჩ-3 ტიპის ანტირაკეტებს მხოლოდ ამერიკული კომპანია Lოცკჰეედ Mარტინ-ი ამზადებს და მან გასულ, 2025 წელს 620 ასეთი რაკეტა გამოუშვა.

უკრაინას რუსეთი კი ყოველთვე "ისკანდერისა" და "კინჟალის" 60-მდე კვაზიბალისტიკური რაკეტით უტევს. უკრაინელ მეზენიტეებს ყველაზე მინიმუმ, თვეში 60 PAჩ-3 ტიპის ანტირაკეტის გახარჯვის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ ანუ წელიწადში 720 ანტირაკეტის, რაც არარეალურია, რადგან ამერიკული კომპანია წელიწადში მხოლოდ 620 ასეთ ანტირაკეტას აწარმოებს (თვეში 51-ს) და ამასთან, კონტრაქტი აქვს დადებული მსოფლიოს ოცამდე ქვეყანასთან, PAჩ-ის ტიპის ანტირაკეტის მიწოდებაზე.

უკრაინისთვის განკუთვნილ თითოეულ PAC-3 ტიპის ანტირაკეტას ევროპის ქვეყნები აშშ-ისგან 4,97 მლნ დოლარად ყიდულობენ, რაც ასევე შეუძლებელს ხდის, რომ უკრაინელ მეზენიტეებს "პეტრიოტები" მუდამ ბოლომდე "დატენილი" ჰქონდეთ ასეთი ძვირად ღირებული ანტირაკეტებით.

შესაბამისად, უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული ყველა რუსული "ისკანდერისა" და "კინჟალის" "პეტრიოტის" ანტირაკეტებით მოგერიების თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია ამ რუსული რაკეტების მწარმოებელი ქარხნების მწყობრიდან გამოყვანა ან "ისკანდერის" მობილური დანადგარების მიწაზე აფეთქება და "კინჟალის" გამშვები "მიგების" ციდან ჩამოგდება.