ტრამპის ორი საბაბი ირანზე დასარტყმელად
2 თებერვალს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის დღეს, ამერიკული რაკეტები და ბომბები ირანის ობიექტებზე შეიძლება უკვე ეცემოდნენ, რადგან გასული კვირის ბოლოს აშშ-მა დაასრულა ძლიერი საჰაერო და საზღვაო დაჯგუფების თავმოყრა ირანის სიახლოვეს და აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ორი კატეგორიული პირობა წაუყენა ირანის ხელისუფლებას, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ამერიკული სამხედრო მანქანის ამოქმედებით დაემუქრა.
"მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი - არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე - შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ორი კვირის წინ 837 კაცის ჩამოხრჩობა შევაჩერე, მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ, - განაცხადა გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და დასძინა, - ამჟამად ირანისკენ ძალიან მძლავრი ბევრი ხომალდი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება" - ანუ ტრამპმა ორი ძირითადი საბაბი: ირანის ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება მოიშველია, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც აშშ მზად იყო შეიარაღებული ზემოქმედება დაეწყო ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.
პირველი საბაბი - ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტა აქტუალური გახლდათ გასულ წელსაც, როდესაც 2025 წლის 22 ივნისს ამერიკამ პირველად დაბომბა ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები 14 ცალი მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი ბომბით, რის შემდეგაც ტრამპი გულზე მჯიღს იცემდა და აცხადებდა, ჩემმა მაგარმა მფრინავებმა ირანის სამივე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი ისე დაბომბეს, იქ ყველაფერი განადგურდაო. თუმცა მაშინ თვით აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებშიც კი არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა.
და თუკი შარშან სწორედ ტრამპი გახლდათ მართალი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება-გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ახლა როგორ გამოადგება საბაბად ისევ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, თუკი ისინი ისედაც უკვე განადგურებულია?
ამასთან, 31 იანვარს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აბას არაღჩიმ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: "ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს; ეს მოიცავს "ბირთვული იარაღის არარსებობის" უზრუნველყოფას და სანქციების მოხსნის გარანტიას".
ამით ოფიციალურმა ირანმა სცადა ტრამპის პირველი საბაბის - არანაირი ბირთვული იარაღის გაქარწყლება და თავადვე განაცხადა, ირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნასო, მაგრამ რამდენად გამოდგება ეს თეთრი სახლის "ბობოქარი" ბინადრის გადასარწმუნებლად?
მეორე საბაბის მოშველიება - მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება უკვე ძალიან დაგვიანებულია, რადგან ირანის ქალაქების ქუჩებში მომიტინგეებს, ძირითადად, 8-9 იანვარს ესროდნენ ირანის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები (სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მომიტინგეების ნაწილი ასევე უარს არ ამბობდა პოლიციის შენობებისა და მანქანების დაწვაზე), სწორედ იმ დროს, როდესაც ტრამპი მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებდა, ნახეთ, რა მაგარი ვარ, ვენესუელის პრეზიდენტი მადურო რა ადვილად მოვიტაცეო.
საბედნიეროდ, ამ დღეებში ირანის ქუჩებში დემონსტრანტებს აღარ ესვრიან, იმიტომაც, რომ ქუჩებში მასობრივი დახვრეტების შემდეგ ხალხი სახლებში გამოიკეტა და ტრამპმა ახლა როგორ უნდა გაამართლოს ირანზე დარტყმა იმით, რომ ამ ქვეყნის ქუჩებში კიდევ ესვრიან მომიტინგეებს?
მაშინ, როდესაც ირანის ქუჩებში მართლაც ხვრეტდნენ მომიტინგეებს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მათ პირდაპირ მოუწოდა, გააგრძელეთ ირანის ხელისუფლების ინსტიტუტების აღება, დახმარება უკვე გზაშიაო! ტრამპის ეს მოწოდება ირანელი დემონსტრანტების უდიდესი ნაწილის ყურამდე ვერ მივიდოდა, რადგან აიათოლების რეჟიმმა ინტერნეტი გამორთო, მაგრამ ტრამპის ეს მოწოდება ხომ გახლდათ პროვოკაციული? თუნდაც იმიტომ, რომ არავითარი დახმარება არ ყოფილა გზაში და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით კარიბის ზღვაში, ვენესუელის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს იყო თავმოყრილი ატომური ავიამზიდისა და მისი თანმხლები საესკადრო ნაღმოსნების, სარაკეტო ფრეგატებისა და ატომური წყალქვეშა ნავის ჩათვლით და ეს ყველაფერი ერთი კაცის (მეუღლესთან ერთად) მოსატაცებლად?!
იანვრის მიწურულს გამოჩნდა, რომ ტრამპი რამდენიმე დღეში, ალბათ, მართლაც გასცემდა ბრძანებას ირანზე საჰაერო იერიშის მისატანად, რადგან აშშ-მა ირანის გარშემო ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზებში, აგრეთვე ხმელთაშუა, წითელ და არაბეთის ზღვებში ისეთ მნიშვნელოვან საჰაერო და საზღვაო ძალას მოუყარა თავი, როგორიც იქ არ ყოფილა 2025 წლის 22 ივნისს, ირანზე აშშ-ის პირველი საჰაერო შეტევისას. ამერიკული საჰაერო შეტევების სამიზნეები შეიძლება ისევ გახდნენ ირანის ბირთვული ობიექტები, აეროდრომები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და მიწისქვეშა ბუნკერები.
მაგრამ მარტო საჰაერო დაბომბვებით აშშ და მის უკან მდგარი ისრაელი მაინც ვერ მიაღწევენ ირანში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის ჩამოგდებას, ამას სახმელეთო ოპერაციაც სჭირდება, ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციებში ამერიკელი სამხედროების ჩართვა კი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - ტრამპი ამერიკას კორეის, ვიეტნამისა თუ ავღანეთის ომების მსგავს ახალი ომის ჭაობში ჩაითრევს, რაც არის კიდეც რუსეთისა და ჩინეთის ფარული სურვილიც.
შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციაში იმის დიდი იმედი აქვთ, რომ აიათოლების რეჟიმის სამთავრობო რეზიდენციებისა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ობიექტების ამერიკული თვითმფრინავებიდან დაბომბვის შემდეგ ირანელი მომიტინგეები ხელახლა მასობრივად გამოვლენ ქუჩაში და სწორედ ისინი გახდებიან ის სახმელეთო ძალა, რომელიც აიათოლების ხელისუფლებას ჩამოაგდებს, მაგრამ ეს მომენტი პრეზიდენტმა ტრამპმა ხელიდან გაუშვა ა.წ.-ის დამდეგს, როდესაც ირანიდან 11 280 კმ-ით დაშორებულ ვენესუელაში ავტობუსის ყოფილი მძღოლის, პრეზიდენტ მადუროს მოტაცების გრანდიოზულ ოპერაციას გეგმავდა დიდძალი სამხედრო ძალის მობილიზებით ვენესუელის სიახლოვეს.
სიმბოლური იქნებოდა, თუკი აშშ 1-ლ თებერვალს წამოიწყებდა შეტევას აიათოლების რეჟიმის დასამხობად, რადგან სწორედ 1979 წლის 1-ლი თებერვლიდან იღებს სათავეს აიათოლების 47-წლიანი ხელისუფლება ირანში.