ემუქრება თუ არა საქართველოს საშიში „ნიპას“ ვირუსის გავრცელება?! - მაია ბუწაშვილის პროგნოზი
რამდენიმე დღის წინ ინდოეთის ქალაქ კალკუტის მახლობლად სიცოცხლისთვის საშიში ნიპა-ვირუსით ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს მკურნალობენ, მათთან კონტაქტში მყოფნი კი კარანტინში არიან. ითქვა, რომ სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა ეს ცნობა მაინც არ აძლევს სიმშვიდის საფუძველს არაერთ კოვიდპანდემიაგამოვლილს... რა ვიცით ნიპა-ვირუსზე, რატომ ითვლება ის საშიშად და რამდენად შესაძლებელია ის საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, `კვირის პალიტრის~“კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი უპასუხებს.
- ნიპა-ვირუსი ახლა არ აღმოუჩენიათ, სხვადასხვა დროს იყო მისი აფეთქებები, მათ შორის ინდოეთში, სადაც ჯერ მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეყვანილი ჰყავს განსაკუთრებული პრიორიტეტის 10 ინფექციას შორის, აზიის სხვა ქვეყნებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და დღეიდან აეროპორტებში ატარებენ თერმოსკრინინგს, მეტ სიფრთხილეს იჩენენ, რომ ეს ვირუსი არ გადავიდეს მათ ქვეყნებში.
ცნობისთვის, ინდოეთში ბოლო აფეთქება 2018 წელს იყო და 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალურად დამთავრდა.
- როგორია ამ ვირუსის სიმპტომატიკა?
- ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, თუმცა გართულებებიც ხშირად ახლავს ფილტვების ანთებითა და ენცეფალიტით, ანუ თავის ტვინის ანთებით. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ნიპა-ვირუსს ახასიათებს მაღალი ლეტალობა, 40-დან 75%-მდე, იმის მიხედვით, თუ რამდენად მალე დაისმება დიაგნოზი და რამდენად კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწევა პაციენტს.
- როგორ ხდება გადადება?
- გადადება ხდება, ძირითადად, ცხოველებისგან. ეს ცხოველებია ღამურა და ღორი.
1998 წელს, როცა პირველად აღმოაჩინეს ნიპა-ვირუსი მალაიზიაში, ზუსტად ღორის ფერმერებს შორის დაფიქსირდა და ვირუსის აფეთქებას 100-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. მაშინ მილიონობით ღორი დახოცეს იმის შიშით, რომ ინფექცია არ გავრცელებულიყო.
ზოგიერთ ქვეყანაში პერიოდულად ღამურებსაც უტარდებათ მონიტორინგი, რათა ეს ვირუსი დროულად იქნეს აღმოჩენილი. თუ ცხოველისგან ამ ვირუსით დაბინძურებული საკვები გამოიყენა ადამიანმა, შეიძლება ამ გზითაც გადაეცეს ნიპა-ვირუსი, პირდაპირი გზით, ადამიანიდან ადამიანზე, უკიდურესად იშვიათია.
სხვათა შორის, ამ ვირუსს იმ სოფლის სახელი დაარქვეს, სადაც ის პირველად გამოვლინდა.
- როგორც კი ნიპა-ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთში, ახალი პანდემიის წინაშე ხომ არ ვდგავართო, არაერთში პანიკა გამოიწვია?
- რაც შეეხებას იმას, პანდემია გვემუქრება თუ არა, ასეთი ტიპის აფეთქებები ნიპა-ვირუსის ან სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციებისა სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა,ყველა აფეთქება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ პანდემიის საფრთხე არსებობს. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ სიტუაცია სრულიად კონტროლირებულია. კარანტინშია ყველა კონტაქტში მყოფი პირი და მათ ანალიზებით არ გამოუვლინდათ ინფექცია. ასე რომ, მაღალი ალბათობით, ეს აფეთქება მშვიდობიანად უნდა ჩამთავრდეს.
საქართველოში ნიპა-ვირუსი არასოდეს დაფიქსირებულა. ადამიანების არა, მაგრამ ცხოველებში მონიტორინგის კვლევები ჩაუტარებია ხოლმე დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ამ ვირუსის შემთხვევები არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, აღმოჩნდეს.
- პირად საუბრებში არაერთი წუხდა, რადგან საქართველოში ბევრი ინდოელი სწავლობს, ალბათობა არის, რომ ეს ვირუსი ჩვენშიც მოხვდეს ტრანსპორტით, მაგრამ თქვენ დაგვამშვიდეთ, რომ ადამიანიდან ადამიანზე თითქმის არ გადადის ნიპა-ვირუსი.
- ასეა. ტურისტები ამ მხრივ საშიშროებას არ წარმოადგენენ. ნებისმიერი ინფექცია, როცა მსოფლიოში ძალიან გაზრდილია გინდ ტვირთბრუნვა, მგზავრობა თუ მოგზაურობა, შესაძლოა რაღაც მომენტში სწრაფად გავრცელდეს, მაგრამ ვიმეორებ,
ასეთი მცირე აფეთქებები ყოველთვის არის მსოფლიოში, ყოველთვის არის პოტენციური რისკი. ამიტომაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყანა მზად არიან. ამას ემსახურება სწორედ აეროპორტის სკრინინგიც. თუმცა ამ წუთში რაიმე საფრთხეზე საუბარი ნაადრევია.
- როგორც ჩანს, ამ დღემდე მხოლოდ აზიის ქვეყნებშია ნიპა-ვირუსი დაფიქსირებული.
- დიახ, მალაიზიაში, სინგაპურში, ინდოეთში... სხვათა შორის, ცხოველებისგან გადადებული ინფექციები ხშირია ხოლმე, აზიის ქვეყნებიდან მოდის და ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, მეცხოველეობის დიდი ფერმები. გრიპის ვირუსიც ხშირად აზიის ქვეყნებიდან იწყება ხოლმე. `კოვიდიც~ ჩინეთიდან დაიწყო.
- თუ განსაკუთრებული განგაშის საფუძველი არა გვაქვს, რატომ შეიყვანა ჯანმომ ნიპა-ვირუსი იმ 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვში, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახლა არ შეუტანია ეს ვირუსი ამ ჩამონათალში, შეიტანა იმიტომ, რომ იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელთა გამოც ეს სია არსებობს. ეს კრიტერიუმებია ნიპა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არარსებობა, კონკრეტული მედიკამენტი და მაღალი სიკვდილიანობა.
- საქართველოში ერთხანს გრიპის ვირუსი მძვინვარებდა, ახლა თითქოს იკლო შემთხვევებმა, უკვე დაღმავალი პერიოდი გვაქვს?
- დეკემბერში იყო პიკი, ახლა შედარებით შემცირებულია შემთხვევები. წელს გრიპის ვირუსი ძალიან გავრცელდა, მათ შორის აცრილებშიც. ამან გარკვეული სკეპტიციზმი გამოიწვია ვაქცინის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ გრიპი არ დაგვემართება, ვაქცინაცია პრევენციაა იმაზე, რომ გართულებები არ გვექნება და დაგვიცავს ჰოსპიტალიზაციისგან, ფილტვების ანთებისგან, სიკვდილისგან. თავის დანიშნულებას წელსაც ძალიან კარგად ასრულებს ვაქცინა, ცალკეულ პირებს ემართებათ ვირუსი, თუმცა მსუბუქად გადააქვთ.
- თებერვალში ისევ აქვთ შემთხვევების მატების მოლოდინიო, ვინაიდან არდადეგები ახლახან დასრულდა. თქვენ რას იტყვით?
- ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ზოგიერთ წელს თებერვალ-მარტშიც ყოფილა ხოლმე გრიპის ახალი ტალღა. ამიტომ რეალურად შესაძლებელია.
- წელს რა ვირუსები დომინირებდა?
- როგორც ყველა, ამ სეზონზეც წამყვანია გრიპის ვირუსი, მაგრამ
წელსაც, როგორც სხვა დროს, გვხვდებოდა რესპირატორული სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი, როგორც კოვიდ-19-ის გამომწვევი, ისე ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ადრეც არსებობდა.
- ასევე ასახელებენ ე.წ. ჰონკონგის ვირუსსა და ღორის გრიპს.
- ცოტა არასწორად იყო კვალიფიცირებული. ღორის გრიპი ანუ H1N1 განსხვავებული არაა, ერთ-ერთი ქვეტიპის ვირუსია. ხალხს ეს სახელი აშინებს, თორემ არაფრით განსხვავებული და მძიმე არ არის.
ე.წ. ჰონკონგის ვირუსიც შტამია, ერთ-ერთი გრიპის ვირუსის ქვეტიპი. სწრაფი ტესტი ადგენს, რომ პაციენტს აქვს A ტიპის გრიპის ვირუსი, მაგრამ რომელი ქვეტიპის, ვერ ადგენს. თუმცა როგორც კი ეს Aტიპი აღმოაჩნდებათ, მერე გადათარგმნიან ხოლმე, რომ ღორის გრიპი აქვთ და იწყება ზედმეტი შფოთვა და პანიკა.
- გასულ წლებთან შედარებითთ, წელს როგორი სეზონი გვაქვს? უფრო მეტი მოავადე გვყავდა თუ უფრო ნაკლები?
- გავრცელებაზე ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგაწვდით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამწუხაროდ, აღარ აქვეყნებს, ადრე კი ეს ინფორმაცია პერიოდულად იდო ხოლმე საიტზე.
როგორც ერთი ინფექციონისტის თვალით, ვფიქრობ, წელს დაახლოებით 2 კვირით ადრე დაიწყო სეზონი. ამას ევროპის ქვეყნებშიც აღნიშნავდნენ. ამასთან, უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, წელს აშკარად სწრაფად ვრცელდებოდა და უფრო ადვილად, მათ შორის ვაქცინირებულებშიც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვაქცინირებულებში გართულებები არ გვქონია.
10 ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება
ჯანმოს მიერ ნიპა-ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები.
ეს ინფექციებია:
1. COVID-19 — კოვიდ-19 (კორონავირუსული დაავადება 2019);
2. Crimean-Congo hemorrhagic fever — ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება;
3. Ebola virus disease — ებოლას ვირუსული დაავადება (ებოლას ცხელება);
4. Marburg virus disease — მარბურგის ვირუსული დაავადება (მარბურგის ცხელება);
5. Lassa fever — ლასას ცხელება;
6. Middle East respiratory syndrome (MERS) — ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი;
7. Severe acute respiratory syndrome (SARS) — მწვავე რესპირატორული სინდრომი;
8. Nipah virus disease — ნიპას ვირუსული დაავადება;
9. Rift Valley fever — რიფტის ველის ცხელება;
10. Zika virus disease — ზიკას ვირუსული დაავადება.