შეიძინე წიგნი და დაეხმარე ხევსურეთის უკანასკნელ მეციხოვნეს
გამომცემლობა "პალიტრა L“-ის ცნობილი ტრადიციული საქველმოქმედო აქცია, "გადაიხადე, რამდენიც გინდა", ბრუნდება. მისი მთავარი ადრესატი ამჯერად ნიკო არდოტელი და მისი ოჯახია. ხევსურეთის მკვიდრი პოეტი და მასწავლებელი ნიკო (მურღვა) არდოტელი 23 წლის განმავლობაში მესაზღვრედ მუშაობდა და შარშან გავიდა პენსიაზე. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საზღვრისპირა სოფელი ურთულესი ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცარიელდა, ნიკო არდოტელს მშობლიური კერა არ მიუტოვებია. სამსახურისა და მოსწავლეების გარეშე დარჩენილი მასწავლებელი თავის მეუღლესთან ერთად, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ცხოვრებას საკუთარ მიწა-წყალზე აგრძელებს - სწამს, რომ ამ კუთხეს ყველაზე კარგად სწორედ აქ გაზრდილი ადამიანი იცნობს და იცავს. ამ ღირსეული მიზნის მიღწევაში ნიკო არდოტელის მხარდასაჭერად "პალიტრა L“-მა გადაწყვიტა განაახლოს კამპანია "გადაიხადე, რამდენიც გინდა".
30 იანვრიდან მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სამი გამორჩეული წიგნიდან ნებისმიერი მათთვის სასურველ ფასად: დეიმონ გალგუტის "პირობა"; თეონა დოლენჯაშვილის "ექსპედიცია"; მარიამ წიკლაურის "ჩვენი სახლი"
შეთავაზების პირობები: შეიძინე წიგნი იმ ფასად, რაც შენთვის მისაღებია; 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას; 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება ნიკო არდოტელს მზის პანელებისა და წყლის სისტემის მოსაწყობად. ჩვენ შეგვიძლია ამ ზამთარს ნიკოსა და მარინას რთული ყოველდღიურობა ცოტათი მაინც გავათბოთ.
ერთ მომხმარებელზე გაიცემა სამი წიგნი. შეთავაზებით ისარგებლებთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძინე წიგნი და დაეხმარე ხევსურეთის უკანასკნელ მეციხოვნეს.

პირიქითა ხევსურეთში, იქ, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის, ციხე-სოფელი არდოტი მოსახლეობისგან თანდათან დაიცალა. 1843 წელს აქ 446 კაცი ცხოვრობდა, დღეს კი სოფლის ისტორიულ ნაწილს, მის მრავალსაუკუნოვან კოშკებსა და ნასახლარებს მხოლოდ ნიკო არდოტელი და მისი მეუღლე აცოცხლებენ. ნიკო უბრალო მცხოვრები არ არის. ის 23 წლის განმავლობაში მესაზღვრედ მსახურობდა და მუცოს სექტორზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავდა. დღეს პენსიაზე გასული პოეტი მეუღლესთან, მარინა დაიაურთან ერთად, არდოტის ერთადერთი მცველია.
არდოტში ცხოვრება გმირობის ტოლფასია, თუმცა ეს გმირობა ყოველდღიურ გაჭირვებაზე გადის. ნიკო და მარინა 50 სულ საქონელს უვლიან, რათა ბარში მყოფ შვილებს ლუკმაპური გაუგზავნონ, ყველაზე მეტად კი ყოფიერება ზამთარში მძიმდება. ამ იზოლაციაში ყველაზე მეტად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა თრგუნავთ. ზამთრის ყინვაში, როცა სოფელში არც ცხელი წყალია და არც გამართული ელექტროენერგია, ყოველი დღე ბრძოლაა. "ყველაზე მეტად მეუღლის ყურება მტკივა... ხელები ეყინება, როცა სარეცხს გარეთ, ტაშტში რეცხავს. მთაში ცხელი წყალი და ელემენტარული გაყვანილობა ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია".
ნიკოსა და მარინას ოცნებაა, ჰქონდეთ გამართული ენერგოსისტემა, რათა მთაში დარჩენა მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა კი არა, ღირსეული ცხოვრება იყოს.
ნიკო არდოტელი, კაცი, რომელიც "ძალიან ხათრიანად დადის სამზეოში", მთაში ყოფა-ცხოვრებასა და სამშობლოს გამძაფრებულ სიყვარულზე გვიამბობს:
- ძველ არდოტში, კოშკებში, მარტო მე ვცხოვრობ, ზევით კიდევ ერთია, ზურა არდოტელი, ორი ოჯახი ვართ მუდმივ მცხოვრები. ზაფხულობით 8 ოჯახი ამოდის და ცოტა სიცოცხლით ივსება სოფელი...
11 და-ძმანი ვიყავით, მე მე-9 ვარ, ახლა ექვსნი ვართ სამზეოზე... ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, 1982 წელს, სოფელ გამარჯვებაში გადავსახლდით. კარგი პედაგოგები მყავდნენ, პაჭყიათ მიხეილი, გვარად არაბული,¬მასწავლიდა ქართულ ენა-ლიტერატურას და მან მითხრა, გამჩნევ, ლიტერატურა გიყვარს და ფილოლოგად უნდა გაგზარდოო. მისი მეუღლე, სოფიკო ვარდანაშვილი, გერმანულს მასწავლიდა. გაკვეთილების მერე ცოლ-ქმარი თავისთან მეპატიჟებოდა და ისე მხვდებოდნენ,¬როგორც საკუთარ შვილს - პურს მაჭმევდნენ, მამეცადინებდნენ, უფრო შემაყვარეს ქართული ლიტერატურა. უნიჭიერესი კაცი იყო პაჭყიათ მიხეილი... ისტორიაც ძალიან მიყვარდა¬და უპრობლემოდ ჩავირიცხე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. რადგან სადიპლომო დავიცავი და უმაღლესი წარჩინებით¬დავამთავრე, იმავე¬წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში¬დავიწყე მუშაობა, მეცნიერი მუშაკი ვიყავი¬რელიგიის განყოფილებაში. 1991-95 წელს შატილში გაიხსნა სკოლა,¬ფილოლოგი არ ჰყავდათ, მთხოვეს და მასწავლებლად წამოვედი. 35 მოსწავლე მყავდა. მერე დუშეთის გამგეობის დახმარებით არდოტში¬ოთხწლიანი სკოლა გავხსენი, სადაც 12 ბავშვი იყო (სოფელში 15 ოჯახი ვიყავით, 51 სული). მერე თანდათან სიკვდილიანობა ჩამოვარდა... გადამცემი რადიო ვითხოვე, სხვა კავშირი აქ არ იყო, შვეულმფრენს გამოვიძახებდი ხოლმე, ცუდ ამინდებში ვერ მოფრინავდა¬და ამის გამო 3 კაცი დაიღუპა,¬ნელ-ნელა დაცარიელდა მთა. ხეობაში სულ 49 კაცია დაღუპული ზვავისგან, ქვისა და წყლისგან. მდინარეზე გასასვლელი ხიდები არ იყო, არც გზა გვქონდა და, ძირითადად, ეს ხდებოდა დაღუპვის მიზეზი, ამას შეეწირა ჩემი 8 წლის ძმა - წყალმა წამართვა, მამაც მდინარეში დამეხრჩო, მისი ცხედარი 69-ე დღეს იპოვეს.
90-იან წლებში დაიწყო და 1995 წელს უკვე დაცარიელდა სოფელი... სადაც ვიყავი, ჩემი ოჯახი მუდმივად თან მყავდა. მერე სასაზღვრო ჯარში დავიწყე მუშაობა. ვალერი ჩხეიძემ მიმიღო პოლიციაში, პარალელურად, 1997-2002 წლამდე, გამგებლად ვმუშაობდი. სულ სხვებზე რომ ფიქრობ, არ გინდა სამხედროში იყოო, მკითხა ჩხეიძემ. ვუთხარი, ერთ თვალზე კატარაქტა მაქვს, არ მივარგა მხედველობა-მეთქი, მიპასუხა, თოფის სროლას ორი თვალი არ სჭირდებაო. მიმიღეს ჯარში, სადაც 23 წელი ვიმსახურე. შარშან დავანებე თავი, ოჯახური მეურნეობა მაქვს, დამხმარე ვეღარავინ ვნახე და ჯარიდან წამოვედი. მეურნეობას მე და ჩემი მეუღლე, მარინა¬დაიაური ვუძღვებით,¬ბავშვები ბარში არიან, ისევ მათთვის ვწვალობთ. 50 სული საქონელი გვყავს და, ძირითადად, რძის ნაწარმი გვაქვს, ზოგს ოჯახს ვახმართ, ზოგიც გამარჯვებაში¬ჩააქვს მარინას. მე სულ მთაში¬ვარ. სანამ მთა ჩაიკეტება, პროდუქტებს¬ვიმარაგებთ... ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ საოჯახო სასტუმროს გაკეთება, ისე, მაქვს სურვილი.
1991 წელს ზვიად გამსახურდიას და ნოდარ ნათაძეს შევხვდით, რის მერეც 1 მილიონი გამოყვეს და ორ კვირაში მუცოდან არდოტში გზა შემოიყვანეს. ცხონებულმა ზვიადმა გვითხრა, ხევსურეთის ყველა სოფელში იქნება მცირე ჰესი და საავტომობილო გზაო, მაგრამ აღარ დააცალეს სიცოცხლე. გზა შარშანწინებში არჭილომდე¬შევიდა, წინა წლებში 5 მილიონი იყო გამოყოფილი, არდოტში ჰესი უნდა აშენებულიყო, მაგრამ... ახლა მზის პანელებზე ვართ, მათ ვადა უკვე ამოეწურათ, იშლება... ხელოვნური აკუმულატორი გვაქვს და ასე წვალებით გაგვაქვს წუთისოფელი. ჭირს აქ ზამთარში, მაგრამ მთავარია, ფიზიკურად ვიყოთ კარგად. შეშით ვთბებით, სადღაც 200 მეტრი გვიწევს ზურგით ამოტანა, საავტომობილო გზა არა გვაქვს. ციხე-კოშკებში ვართ და აქამდე გზის მოყვანა არც მიმაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ რაღაც ერთი 100 მეტრით რომ მოახლოვდეს, ესეც შეღავათი იქნებოდა.
გულღიად მინდა გითხრათ - ძალიან მიჭირს ამ ადგილის მიტოვება, წინაპართა ნახელავი, ნაშენები, ნაკეთები საქმე, ყველაფერი ცოცხლდება ჩემს სულში, ძველ ბილიკებზე დავდივარ და ძალიან მიჭირს არდოტის დატოვება. ჩემი სოფელიც სასაზღვრო ზოლში შედის, როგორმე ეს ზოლი უნდა გაძლიერდეს, ცოტა პირობების გაუმჯობესებაა საჭირო. პირიქითა ხევსურეთს მცირე ჰესები სჭირდება, უნდა იყოს საავტომობილო გზა და ამ გზებს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭოს, ვერ იწმინდება ისე, როგორც საჭიროა. აუცილებელია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, რომელიც ხარვეზებით მუშაობს. კარგია, რომ ინტერნეტი გაკეთდა, მეც მაქვს ამაზე ნაწვალები, გიორგი ბახტაძემ დააფინანსა და 2019 წლიდან გვაქვს. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას უფასო ინტერნეტი მაინც გაუკეთონ, ცოტა ხელი შეგვიწყონ. არავინ გვკითხულობს, პირადად ჩემთან არავინ მოსულა, რა გიჭირს, ცოცხალი თუ ხარო. ვფიქრობ, ზევით, სამინისტროებში არ მიდის ჩვენი გასაჭირი...
მამულის ერთგულად ვართ გაჩენილები, აქ ვდგავართ და ვიდგებით... თამარიდან მოყოლებული, ჩვენი წინაპრები მეციხოვნეებად¬იდგნენ და როგორია ადექი, დაიხურე ქუდი და წადი?! ეს სამშობლოა, წინაპართა საძვალეები აქაა და უნდა მივხედოთ ერთმანეთს. მართლის მთქმელი მინდა ვიყო და თუ ვინმეს შეუძლია, ხელი გამოგვიწოდოს... ერთადერთი ექიმია მთელ შატილში,¬მიშა ჭინჭარაული, ეს ადამიანი ჩვენი იმედია.¬ცოტა ხათრიანი კაცია, მასაც სჭირდება დახმარება, კარგი იქნება, წამლები და ექიმისთვის საჭირო ატრიბუტები შეუძინონ.
საქართველოს ისტორიის ფონდის მონაცემებით, 1860 წელს შატილში 715, მუცოში - 636, ხახაბოში - 693, ხოლო არდოტში 446 კაცი ცხოვრობდა. ახლა მთელ თემში თითო-ოროლა, 6 სოფელში ათიოდე ოჯახი თუა. ძალიან დასანანია, ხევსურეთის სოფლები რომ იცლება. წინაპრები თუ ფიქრობდნენ, ჩვენც ხომ უნდა ვიფიქროთ მამულის გადარჩენაზე? ჩვენს წინაპრებს სტუმარმასპინძლობა არ შეშლიათ, მაგრამ საკუთარი მიწის გასხვისება, გაყიდვა გამორიცხულია. ამ მიწის შვილები ვართ, ზღუდედ¬უნდა ვიდგეთ, საქართველოს მცველებად, განა დაზეპირებული სიტყვებით ვამბობ? მტერი თუ წამოვა, მე აქ ვიჯდე, გავატარო და ქვეყანა ამიწიოკოს? ეგ დრო არასოდეს იქნება, ჩვენ სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს. ეგ უნდოდა თემურ-ლენგს 1386 წელს, მაგრამ ამ ხეობაზე არ გამოატარეს. რომ დავთმოთ, მაშინ სულყველა უნდა დავიხოცოთ - ქალიც და კაციც. სიმრავლე გვინდა, პირობები გვინდა... მარტივად და გულღიად ვლაპარაკობ, მინდა საშუალება მქონდეს ხელისუფლებას შევხვდე, ხათრიანად მათქმევინა ჩვენი გასაჭირი. "განა არ იცით, უბაროდ მთანიც რომ არა ბარობენ?" - ვაჟა ამბობს. დიახ, ბარი უნდა დაგვეხმაროს, ანუ ხელისუფლება, ჩვენ კი მათ იმაში ვჭირდებით, საკუთარ სიცოცხლეს დავდებთ, სამშობლოს და ხალხს რომ ვუერთგულოთ.
ახლა მურღვას სახლში ვცხოვრობ. მურღვა ფშაური სიტყვაა (ხევსურულად მირღვა) და სალიტერატუროზე მღვრიეს ნიშნავს. ჩვენი წინაპარი - ჭინჭართ გიორგით¬გიორგი ("მურღვა") მე-12 საუკუნეში გუდანიდან როცა გადმოვიდა, მაგარი მებრძოლი კაცი ყოფილა და მურღვა, ანუ მეომარი შეურქმევიათ, მღვრიე ხასიათის კაცი ყოფილა. მისი შთამომავალი, მურღვაის¬ძენი, მურღვანი ვართ არდოტში.
ჩვენი კოშკი თვითონ აღვადგინე 1995 წელს, მე-12 საუკუნის კოშკში დავფუძნდი. მას პიქტოგრამებიც ზედა აქვს, გუდანის ჯვარშიც მესამე სკამი ჩვენია...
ლიტერატურა მიყვარს ძალიან, მაგის გარეშე მთაში ჩემნაირი კაცი ვერ იცხოვრებს, მინდა თუ არა, ეს სულში¬ზის. არ ვიცი, გენეტიკით, ჯიშ-ჯილაგით თუ საიდან მოდის, მაგრამ ის მაცოცხლებს და მაძლებინებს საწუთროს. ბარში მხოლოდ მაშინ ჩამოვდივარ, ექიმებთან რომ ვარ მისასვლელი, დანარჩენი, სულ აქ ვარ, აქ ცაც ჩემია, დედამიწაც, მთაც, ვარსკვლავებიც, სამყაროც... ბავშვობიდან აქ ვარ შეჩვეული, ყველაფრის ბატონ-პატრონი და თავისუფალი კაცი ვარ... "არსად წამსვლელი არა ვარ,/არსად გამდგმელი ნაბიჯის,/მხოლოდ ამ მთებმა იციან, /რა მიხარია, რა მიჭირს", - ასეა. ჩემთვის ექიმები ეს მთები არიან, ესენი მშველიან. უბრალოდ, ძალიან ხათრიანად დავდივარ სამზეოში, არავის ვაწუხებ. ერთადერთი კრებული მაქვს, 1994 წელს გამომიცა ცხონებულმა ზურაბ ჯაფარიძემ, დათვისჯვარზე დაიღუპა, დიდი პოეტი იყო. ზურამ კრებული საჩუქრად მომიტანა და ყდაზე ჩემი გვარ-სახელი რომ დავინახე, გავოცდი. მას მერე აღარაფერი გამომიცია, ნაწერები კი მაქვს, ალაგ-ალაგ ვწერ რვეულში... მეუღლე მიცუდანაა, მარინა¬დაიაური. ხელშეწყობა გვჭირდება,¬გვინდა მთაში ვიყოთ, აქ გავაგრძელოთ სიცოცხლე. ჰესი რომ გვქონდეს, ერთმანეთსაც გავატანინებდით, სოფელსაც და ამ დალოცვილ¬მხარესაც გავაცოცხლებდით. მადლობა გულშემატკივრობისთვის, იქნება ჩვენი სატკივარი ზევითაც ვიღაცამ გულთან მიიტანოს და ხეობის გადარჩენაზე იზრუნოს.