რა დროს არის შესაძლებელი ნაადრევად საპენსიო დანაზოგიდან ფულის გამოტანა - კვირის პალიტრა

რა დროს არის შესაძლებელი ნაადრევად საპენსიო დანაზოგიდან ფულის გამოტანა

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა რეესტრში. მებაღეობის მოწმობა დაკარგულია. მამა (დედაც) გარდაცვლილია. როგორ და სად შეიძლება (რომელ არქივში) მოვიძიო მოწმობა? ვიცი, მამა სად მუშაობდა, რა თანამდებობაზე. დაახლოებით რომელ წლებში გადაეცა ნაკვეთი, ეგეც მახსოვს და რაც მთავარია, მიწის ზუსტი ადგილიც. ხის ქოხიც გვედგა იქ, სამწუხაროდ, დანგრეული და მოპარულია მასალა, მაგრამ ნაკვეთის შემომღობავი ბადე და რკინის ბოძები მოჭრილია, მაგრამ გადანაჭერი კუთხის ბოძები არის. მივმართე იუსტიციის სახლს და მებაღეობის მოწმობა ვერ მომინახეს, პასუხიც ვერ მითხრეს, სად შეიძლება მოვიძიო.

- მებაღეობის წიგნაკი უნდა მოიძიოთ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ის მოიცავს საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციას და დოკუმენტაციაც უნდა გამოითხოვოთ აღნიშნული ბიუროდან.

მაქვს პრობლემა "თიბისი დაზღვევასთან" - 10/02/2024 წელს მომივიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზღვევა მედავებოდა 4.860 ლარს. მე არა მაქვს ამ თანხის დაფარვის საშუალება, ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ეს თანხა უსამართლო და უსაფუძვლოა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა უცხო ნომერმა და მითხრა, რომ საქმე გადაცემულია სასამართლოზე. როგორ მოვიქცე? არის შანსი, რომ გავაპროტესტო ან მოვითხოვო, საიდან გამოვიდა ეს კონკრეტული თანხა? რომ არ გამოვცხადდე სასამართლოში, რა მოჰყვება ამას? ვარ 23 წლის უმუშევარი მოქალაქე.

- თუ საქმე უკვე სასამართლოშია, უნდა შეიტანოთ შესაგებელი (პასუხი) დაზღვევის სარჩელთან დაკავშირებით, უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ არის ეს თანხა არაგონივრული, ასევე მიუთითოთ ის გარემოებები, რის გამოც თანხის გადახდას ვერ შეძლებთ. ვინაიდან თქვენი ბრალეულობით მოხდა შემთხვევა, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ამიტომ აჯობებს, ეცადოთ მოურიგდეთ მხარეს გარკვეულ თანხაზე, დაუსახელოთ თანხა, თუ რისი გადახდა შეგიძლიათ. თუ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებით, არც პასუხს წარადგენთ, გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შემდეგ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და 10 წელი იქნებით მოვალეთა რეესტრში, თქვენს სახელზე რეგისტრირებული ნებისმიერი ქონება ან ანგარიშები დაგიყადაღდებათ.

ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით 7 წელი და ახლახან დავცალეთ. რომ შევედით, იყო ძველი გამათბობელი და ძველი ნივთები, რადგან პატრონი ადრეც აქირავებდა ამ ბინას. ახლა ითხოვს რემონტის გაკეთებას. ეკისრება თუ არა დამქირავებელს ბუნებრივი ცვეთით დაზიანებული ნივთების შეკეთება? როგორ უნდა დავამტკიცო, რომ ბინაში მე არაფერი დამიზიანებია?

- თუ დაქირავებულ საცხოვრებელში დამქირავებლის ქმედებას მოჰყვა რემონტის დაზიანება, მაშინ დამქირავებელი აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს, მაგრამ, თუ საცხოვრებელი სახლის რემონტმა განიცადა ბუნებრივი ცვეთა, დამქირავებელი არაა ვალდებული აუნაზღაუროს გამქირავებელს რაიმე. დამქირავებელი იხდის საიჯარო ქირას, ხოლო თუ გამქირავებელს სურს მისი უძრავი ქონების გარემონტება, უნდა გაარემონტოს თავისი ხარჯით.

მე და ჩემმა მეუღლემ თანაცხოვრების პერიოდში შევიძინეთ ბინა და ერთად ვიხდიდით ბანკის ვალსაც, დახმარება მის მშობლებს არ გაუწევიათ. ბინა არის ჩემი ქმრის სახელზე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. გვყავს არასრულწლოვანი შვილი. აქვს თუ არა უფლება ჩემი ქმრის მშობლებს ამ ქონებიდან წილი მოითხოვონ, როცა მათ წვლილი არ შეუტანიათ ამ ქონების შეძენაში?

- თქვენი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენთ თქვენ (თუ იმყოფებით რეგისტრირებულ ქორწინებაში), თქვენი შვილი და მეუღლის მშობლები. შესაბამისად, მათ აქვთ სამკვიდროს მიღების უფლება. ამისათვის უნდა მიმართონ ნოტარიუსს 6 თვის ვადაში განცხადებით, თუ 6 თვის ვადაში არ მიმართეს, მემკვიდრეობის მიღება მოუწევთ ფაქტობრივი ფლობის დადასტურების გზით. ანალოგიური წესით უნდა მიმართოთ ნოტარიუსს თქვენც.

მეუღლე გარდაიცვალა და დავრჩი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ქონება იყო მეუღლის სახელზე და მას ადევს ყადაღა, დავა ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან. რა შეიძლება გავაკეთო, რომ არ გამიყიდონ ქონება და არ დავრჩეთ მე და ჩემი შვილები ქუჩაში? თანხა საკმაოდ დიდია და გადახდას ვერ შევძლებთ. სხვა გამოსავალი თუ არსებობს?

- გახსენით სამკვიდრო მოწმობა, შემდეგ როგორც თქვენი მეუღლის მემკვიდრე მიბრძანდით შემოსავლების სამსახურში და დაადგინეთ, რა თანხის გამო ადევს ქონებას ყადაღა, შესაძლოა თანხა არ იყოს დიდი ოდენობის. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაფაროთ ვალდებულებები, რომელთა საფუძველზეც ქონებას ადევს ყადაღა.

მშობლების გარდაცვალებიდან 14 წელია გასული და ამ დრომდე არ გადმომიფორმებია საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის სოფელში. მე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ჯერჯერობით, არა მაქვს აღდგენილი საქართველოს მოქალაქეობა. ერთი წელია დავბრუნდი საქართველოში და ვცხოვრობ მშობლების სახლში, რა საბუთები დამჭირდება, რომ ეს ქონება გადმოვიდეს ჩემს სახელზე. სხვა დედმამიშვილი არა მყავს. ვის უნდა მივმართო? მითხრეს, რომ იუსტიციაში ვერ გავიფორმებ..

- პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს განცხადებით, თუმცა ვინაიდან მშობლების გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ მიგიმართავთ, ნოტარიუსი გეტყვით უარს, შემდგომ სასამართლოს უნდა მიმართოთ იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით, უნდა დაადასტუროთ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდგომ თქვენ ფაქტობრივად ფლობდით მათ ქონებას. მას შემდეგ, რაც დადგინდება ფაქტობრივი ფლობა, შეძლებთ სამკვიდრო მოწმობის აღებას, რის საფუძველზეც დაირეგისტრირებთ ქონებას.

- ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა უფლება საპენსიო დანაზოგი გავიტანო?

- "საპენსიო სააგენტოს შესახებ" კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: საპენსიო ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში) მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა. ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის - 60; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთ­ჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო სააგენტოში განაცხადის საფუძველზე. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.