ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებიც ვერ იქცნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელებად - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებიც ვერ იქცნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელებად

სანამ იმ ახალგაზრდებს გადავხედავთ, რომლებიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ვერ გახდნენ და სამუდამოდ პერსპექტიულ ახალგაზრდებად დარჩნენ, მოდი, გავარკვიოთ ამ პრობლემის მიზეზები.

მთავარი მიზეზები, რის გამოც ნიჭიერ ფეხბურთელებს კარიერის შენარჩუნება უჭირთ: ეგო და ურთიერთობების პრობლემებია; ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ხშირად მწვრთნელისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა. ფეხბურთელები პატარა ასაკიდანვე ეზიარებიან პოპულარობას, რაც განაპირობებს მეტისმეტად გაზრდილ ეგოს. თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი - თუ ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს, მისი დრო კლუბში შესაძლოა ძალიან მოკლე აღმოჩნდეს. შთამბეჭდავი თამაში შეგეძლოს, მაგრამ ძლიერი კომუნიკაციისა და სოციალური უნარების გარეშე ეს პოტენციალი წყალში ჩაიყრება.

ნარკოტიკები და ალკოჰოლი - ეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ საზოგადოდ სპორტსა და შოუბიზნესში. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება არა მარტო ფეხბურთელის თამაშზე, არამედ მის ქცევაზეც უარყოფითად მოქმედებს.

ადაპტაცია - ახალ სათამაშო სტილებსა და ტაქტიკებთან შეგუება მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული საკითხია. ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ ახერხებს სიახლეების მიღებას ან საკუთარი თამაშის მორგებას გუნდის სტილზე. შეიძლება ბუნებრივი ნიჭი გქონდეს დრიბლინგში ან სხვა ელემენტში, მაგრამ თუ სწრაფად ვერ ეწყობი გუნდის საერთო თამაშს, პროგრესს ვერ მიაღწევ.

არასტაბილურობა - მაშინაც კი, როცა ფეხბურთელს მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონი უმაგრებს ზურგს, არასტაბილურმა თამაშმა შესაძლოა მისი კარიერა ჩრდილში მოაქციოს. ერთი ცუდი სეზონი იშვიათად ამთავრებს ფეხბურთელის კარიერას, თუმცა არცთუ იშვიათად მოთამაშემ შეიძლება ერთ სეზონზე ბრწყინვალედ იასპარეზოს და შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოს, შემდეგ კი ვეღარ გაიმეოროს ეს წარმატება.

"სუპერმარიო" ბალოტელი

balotelii-1769979009.jpg

ბალოტელის მიიჩნევდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად როგორც უნარების, ისე ნიჭის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვლინდა. მისი მთავარი პრობლემა ქცევასთან იყო დაკავშირებული - მსოფლიოს წამყვანი მწვრთნელები მას "უმართავს" უწოდებდნენ. ამან ძალზე დააზიანა მისი რეპუტაცია; მოურინიო და კლოპიც ხშირად საუბრობდნენ მის ცუდ ქცევაზე, იურგენ კლოპმა კი ის "ლივერპულიდან" გაუშვა.

ზოგი ჟურნალისტი და თანაგუნდელი მას "ნიჭის შთამბეჭდავ მფლანგველს" უწოდებდა, ფეხბურთში გამორჩეული შესაძლებლობებით, მაგრამ ისეთი ქცევით, რომელიც მასთან მუშაობას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ეს ეგოსა და სოციალური განვითარების პრობლემის კლასიკური მაგალითია, რომელიც კარიერასა და შესაძლებლობებზე დიდ გავლენას ახდენს.

როისტონ დრენტე

თუ არსებობს ისტორია, რომელიც როისტონ დრენტეს კარიერას შეაჯამებდა, სწორედ ეს ამბავია, რომელიც ტიმ ჰოვარდმა მოჰყვა "ევერტონში" ჰოლანდიელთან ერთად გატარებული დროის შემდეგ. მან კარიერა "რეალ მადრიდის" აკადემიაში დაიწყო მაშინ, როცა იქ რაულიც და რობერტო კარლოსიც თამაშობდნენ, თუმცა მისმა მენტალიტეტმა კარიერა გაუნადგურა. "ევერტონში" ჩვენ გვყავდა რამდენიმე ფსიქოლოგიიდან ამოვარდნილი ტიპი და სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ ყველაზე მეტად. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იყო როისტონ დრენტე. ჩვენ "ევერტონი" ვართ - სახელოებდაკაპიწებული მშრომელი ფუტკრები, როისტონი კი "როლს-როისებით" მოდიოდა ვარჯიშზე, მუდმივად აგვიანებდა, თვალებს ძლივს ახელდა... როგორც ჩანს, სავარჯიშო ბაზაზე დამონტაჟებული კამერების შესახებ არასდროს სმენია - ერთხელ ღამით მეგობრებთან ერთად სავარჯიშო ბაზაზე მოვიდა და ჯაკუზიში ისხდნენ.… მე, უბრალოდ, ვფიქრობდი: "მეგობარო, შენ არასწორ კლუბში ხარ".

ჯეკ უილშირი

სანამ ბუკაიო საკა არსენალის "ვარსკვლავბიჭუნა" გახდებოდა, მანამდე ჯეკ უილშირი იყო. ნახევარმცველმა სახელი მაშინ გაითქვა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე, სულ რაღაც 19 წლის ასაკში, "ბარსელონის" საუკეთესო ნახევარდაცვას კონკურენცია მარტომ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბისა და ნაკრების დონეზე ღირსეული კარიერა ჰქონდა, ყველაფერი შეიძლებოდა ბევრად უკეთ დასრულებულიყო.

ახალგაზრდობაში უილშირმა ისეთი მძიმე ტრავმა მიიღო, ქირურგები ფიქრობდნენ, ნორმალურად სიარულსაც ვერ შეძლებს, არათუ მაღალი დონის ფეხბურთის თამაშსო. ტრავმას ტრავმა მოჰყვა, რამაც მძიმე კვალი დაამჩნია ნახევარმცველს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ახლა 32 წლის უილშირი ლონდონელების საშინაო სტადიონ "ემირეიტსზე" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის.

რიკარდო კვარეშმა

6d860b9e-0985-4d54-adfd-42d388221a48-1769979009.jpg

რიკარდო კვარეშმა ის ფეხბურთელია, რომელიც ვარსკვლავად უნდა ქცეულიყო, მაგრამ სწრაფად დაკარგა ბრწყინვალება. პორტუგალიელს უმაღლესი დონის ტექნიკა ჰქონდა და მას კრიშტიანუ რონალდუსაც ადარებდნენ. როგორც "ბარსელონაში", ისე "ჩელსიში", მისი პირველი სეზონი გოლებით, ასისტებითა და თვალისმომჭრელი დრიბლინგით იყო სავსე. სამწუხაროდ, ეს სანახაობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ყოველ ახალ გუნდში მისი თამაში უარესდებოდა, რის გამოც მოედანზე იშვიათად ხვდებოდა.

"ბარსელონაში", "ლა ლიგის" პირველ სეზონში, მან 10 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და 12 შეხვედრაში სათადარიგოდ შევიდა. მიუხედავად სტაბილური თამაშისა, მან უარი თქვა კლუბში დარჩენაზე, სანამ ფრანკ რაიკარდი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მოგვიანებით ის ერთი სეზონით "ჩელსიში" გაანათხოვრეს - იქ ცუდად არ უთამაშია, თუმცა ეს მის წინა კამპანიებს აშკარად ჩამოუვარდებოდა. მისი ბოლო დიდი წარმატება პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატის მოგება იყო. თუმცა საკლუბო კარიერაში მისი პირველი გუნდი პიკად დარჩა, ხოლო მომდევნო სეზონებში ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის სრულ პოტენციალს ვერ ავლენდა.

რაფაელ ვან დერ ვაარტი

43cfaed4-a693-470d-935a-3ba5b2e9b4bc-1769979009.jpg

ვან დერ ვაარტი "რეალ მადრიდისთვის" ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და დიდებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნიდერლანდელ ფეხბურთელს აკლდა ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ ტაქტიკურ პროცესებსა და განხილვებში. თითოეულ გუნდში, სადაც თამაშობდა, მისი თამაში ნელ-ნელა სუსტდებოდა და ის საშუალოზე დაბალი დონის ლიგის ფეხბურთელად იქცა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, სადაც მან ითამაშა, "რეალ მადრიდი" იყო. ესპანურ გუნდში მან სადებიუტო მატჩი წინასეზონურ 2:1 გამარჯვებით ჩაატარა, სადაც საგოლე გადაცემები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები ჰქონდა. თუმცა დროთა განმავლობაში მისი გოლები და ასისტები იშვიათი გახდა. ვარსკვლავიდან სათადარიგომდე დაქვეითებამ მის თამაშსა და იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა. ამან განაპირობა ვარაუდები მწვრთნელთან მისი ცუდი ურთიერთობის შესახებ. მისმა პასიურმა ჩართულობამ იმედი გაუცრუა როგორც მწვრთნელებს, ისე გულშემატკივრებს. საბოლოოდ, ის ჩამოშორდა ფეხბურთის სამყაროს და სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე.

ადრიანო

ამ სიას ვერ დავასრულებდით ადრიანო რიბეიროს, მეტსახელად "ლ,იმპერატორეს" ანუ "იმპერატორის" გარეშე, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც "უდიდესი დაკარგული ნიჭის" ფეხბურთელად. "ინტერსა" და ბრაზილიის ნაკრებში დომინანტი ფორვარდის ელვისებური აღმასვლა შეჩერდა ღრმა დეპრესიისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, რაც 2004 წელს მამის გარდაცვალებას მოჰყვა და სწრაფად გამოიწვია თამაშის დონის, კონცენტრაციისა და მოტივაციის მკვეთრი დაქვეითება.

ბრაზილიამ არაერთი გამორჩეული შემტევი ფეხბურთელი გამოზარდა - პელეს დიდებული ეპოქით დაწყებული, დღევანდელ ნეიმარის ლიდერობით პერიოდამდე. თუმცა ადრიანო განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც კი დიდი შთაბეჭდილება დატოვა ადრიანოს თამაშმა. "ის ნამდვილი მხეცი იყო. მომწონდა მასთან თამაში, მის წინააღმდეგ თამაშიც, მაგრამ დასანანია, რომ ეს ცოტა ხანს გაგრძელდა... ყველაფრის მიზეზი მენტალური მხარეა. თუ თავში არა გაქვს დალაგებული პრიორიტეტები, მაშინ ყველაფერი ძალიან რთულდება".

ადრიანომ "ინტერში" 177 მატჩში 74 გოლი გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებში საერთაშორისო დონეზე კიდევ 27 დაამატა - ეს მაჩვენებლები ბევრ ცენტრალურ ფორვარდს დააკმაყოფილებდა. თუმცა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ის რეკორდსმენიც შეიძლებოდა გამხდარიყო.

მისი კარიერის პიკი ხანმოკლე აღმოჩნდა, ხოლო საჯარო დაღმასვლა მტკივნეული სანახავი იყო. დღეს უკვე 42 წლის ადრიანომ ცოტა ხნის წინ ინტერვიუში The Players’ Tribune-სთან გულწრფელად ისაუბრა ალკოჰოლიზმთან ბრძოლაზე.

24 წლის ადრიანოს კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ უნდა ყოფილიყო, თუმცა ტურნირის შემდეგ "ინტერის" ფორვარდის მოტივაცია უფრო დაეცა.

"ვილა კრუზეიროში ერთადერთი რამ, რასაც ვეძებ, სიმშვიდეა. აქ ფეხშიშველი დავდივარ, შორტებით. დომინოს ვთამაშობ, ბორდიურზე ვზივარ, ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებ, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად ვცეკვავ და იატაკზე მძინავს".

ეს, ერთი შეხედვით, არ ჰგავს იმ ცხოვრებას, რომელიც იმ ფეხბურთელს შეეფერება, ვინც ხალხს დღემდე სიყვარულით ახსენდება. თუმცა ადრიანო ამტკიცებს, რომ სწორედ აქ უნდა იყოს —მისი "სული ფაველაშია დამარხული", რადგან ამ ნაცნობ ქუჩებში შეუძლია გააცოცხლოს მოგონებები იმ ცხოვრებაზე, რომელიც მამამისმა გაატარა.

2021 წელს ის "მარაკანას" სტადიონის დიდების ბილიკის სიაში შეიყვანეს, რამაც ადრიანო ცრემლებამდე მიიყვანა. ეს პატივი ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ მოთამაშეებს ერგებათ ხოლმე და ადრიანოც ამ სიაშია ისეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად, როგორიც არიან რონალდინიო, პელე, რომარიო, ზიკო და გარინჩა...

ნიკოლოზ თევდორაშვილი