J2a1 - ქართული გენეტიკის საიდუმლო
მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ ქართველების გენეტიკა უნიკალურია: მტერთა სიმრავლისა და ბედის უკუღმართობის მიუხედავად, თანამედროვე ქართველები ახლოს დგანან იმ უძველეს ხალხთან, რომელიც კავკასიაში ნეოლითის თუ უფრო ადრეულ ხანაში ცხოვრობდა. ჩვენი სტუმარია საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე:
- ეთნოგენეტიკა სრულიად ახალი მიმართულებაა მეცნიერებაში, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ ჩამოყალიბდა. ის შეისწავლის ეთნოსების, ერების, ხალხების წარმოშობას და მათ მიგრაციას. ჩვენთან, საქართველოში, ეს მიმართულება 2010 წლიდან დაინერგა და განვითარდა, კვლევებიც 2010 წელს დავიწყეთ. გენეტიკის კვლევის ცენტრი ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს ცენტრი დღესაც არსებობს და, ძირითადად, ქართულ, კავკასიურ პოპულაციებს შეისწავლის.
- ვინ იყო ამ საქმის მოთავე?
- ამ საქმის სულისჩამდგმელი იყო დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ნასიძე, რომელიც გერმანიაში, ლაიფციგში მოღვაწეობდა. ის უკვე მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალი იყო, როცა თხოვნით მივმართეთ და ჩვენი ცენტრი მისი ხელმძღვანელობით და თანადგომით ჩამოვაყალიბეთ. ამის შემდეგ უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი ნამარხი ძვლების შესწავლა დაიწყეს. პარალელურად, 1200 გვარი შევისწავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათი გენეტიკური კოდი დავადგინეთ. ეს ძალზე ძვირად ღირებული კვლევაა, გენეტიკური კვლევისთვის საჭიროა სპეციალიზებული ლაბორატორია, რომელიც საქართველოში არა გვაქვს.
გენეტიკურმა კვლევებმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, რადგან ზუსტი მონაცემები მოგვცა არა მხოლოდ ერების, არამედ ცალკეული გვარების წარმოშობის, მათი ნათესაობისა და მიგრაციის შესახებ.
თუ აქამდე უამრავი ჰიპოთეზა არსებობდა იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ქართველები და საიდან მოვიდნენ, დნმ-ის კვლევამ დაადასტურა, რომ იმერლები, მეგრელები, ლაზები და საერთოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, ერთი გენეტიკური კოდის მქონე ხალხია. სხვათა შორის, ფერეიდნელი ქართველების დნმ-იც შევისწავლეთ და გავარკვიეთ, რომ მათი გენეტიკაც არ შეცვლილა.
- საუკუნეების წინანდელი ნამარხი ძვლების გენეტიკურ კოდს როგორ ადგენენ?
- ამ საკითხს კიდევ ერთი მეცნიერება - არქეოგენეტიკა შეისწავლის, რომელიც არქეოლოგიურ მასალასა და ძვლებს იკვლევს. მარტო ერთი ძვლის ნიმუშის დამუშავება და ანალიზი შეიძლება 10-20 ათასი დოლარიც დაჯდეს. ამიტომ ამ ანალიზს უცხოელი მეცნიერები ატარებენ, მათ მონაცემებს ჩვენი ცენტრი შეისწავლის და საბოლოო დასკვნებს ერთობლივად ვწერთ. ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა შეისწავლეს საქართველოში არსებული ნამარხი ძვლები და სენსაციური შედეგი მიიღეს: ადამიანებს, რომლებიც საქართველოში 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ, დღევანდელი ქართველების ანალოგიური დნმ ჰქონდათ - ანუ დადგინდა, რომ ჩვენ მათი უშუალო მემკვიდრეები ვართ. ამან ყველა საკამათო მოსაზრებას წერტილი დაუსვა და დაამტკიცა, რომ ქართველები არ არიან საიდანღაც მოსული ხალხი. მაშინ, როცა ევროპას ინდოევროპული ხალხების ტალღამ გადაუარა და ბევრი ერი ასე ჩამოყალიბდა, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
საქართველოში აღმოჩენილია რამდენიმე კერა, სადაც უძველესი ადამიანები ცხოვრობდნენ:
2021 წელს ასეთი კერა აღმოაჩინეს იმერეთში, საწურბლიის მღვიმეში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტშია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ქალი, რომელიც აქ 25 000 წლის წინ ცხოვრობდა. საბედნიეროდ, მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად და მისი დნმ-იც გაშიფრეს. ასეთივე კერები აღმოჩენილია ჭიათურაში - კოტიას მღვიმეში და ქართლში - გრაკალთან ახლოს, ჟინვალსა და მცხეთა-ნატახტრის ტერიტორიაზე; ამ კერებში აღმოჩენილი ნამარხების დნმ-ის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მათი გენეტიკური კოდი მსოფლიოში უძველესია.
ყველაზე ძველი დნმ, რომელიც მსოფლიოში აღმოუჩენიათ, საქართველოშია ნაპოვნი. კერძოდ, G2ა1 და ჟ2ა1;
შემთხვევითი არ არის, რომ ამ გენეტიკური კოდის მქონე მოსახლეობას მიაწერენ მსოფლიო ცივილიზაციის ბევრ მიღწევას, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ უძველესი ქვევრი საქართველოში აღმოაჩინეს და ის 8 ათასი წლის წინანდელია, მაგრამ ქვევრს პირველყოფილი ადამიანი ხომ ვერ გააკეთებდა? ამისათვის ქურა უნდა ჰქონოდა, ესე იგი, თიხის მოზელაც იცოდა. ანალოგიურია ღვინის და ხორბლის საკითხიც: მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ორივე საქართველოშია შექმნილი. გენეტიკური კვლევებითაც დასტურდება, რომ მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან წინარე ქართველური ტომები იდგნენ.
ძველი ნამარხების შესწავლამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი პირველი ცივილიზებული ადამიანი სწორედ ჩვენთან, კავკასიის რეგიონში ცხოვრობდა. თუ მსგავს გენეტიკურ მასალას მსოფლიოს სხვა წერტილში აღმოაჩენენ, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ქართული კულტურა უძველესია, როგორც, მაგალითად, შუმერული ან ხეთური... განსხვავება იმაშია, რომ ხეთები და შუმერები აღარ არსებობენ, მათი ენაც გაქრა, ხოლო ჩვენი ერი არსებობას განაგრძობს. საუკუნეების წინ როგორი გენეტიკური კოდის მქონე ხალხი დადიოდა სათაფლიაში, ჭიათურაში, გრაკალსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში, ისეთივე გენეტიკის მქონე ხალხი დადის დღესაც. საქართველოში ნაპოვნი ნამარხების ანალიზმა ეს შედეგი მოგვცა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხალხთა განსახლებაც კავკასიის რეგიონიდან მოხდა. აქ მცხოვრებმა ხალხებმა წაიღეს ხორბალი, ღვინო და რკინა როგორც აზიაში, ასევე ევროპულ ქვეყნებში.
J2a1 ანუ ჩვენი მსგავსი გენის მქონე ადამიანის ძვლები შვეიცარიაშიც იპოვეს: იქ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყინულის კაცი `ოტცი~ და აღმოჩნდა, რომ მისი გენეტიკა თანამედროვე სვანებსა და აფხაზებთან ყველაზე ახლოსაა. რკინის შემქმნელებად ხალიბებს მიიჩნევენ, ესეც ძველი ქართველური ტომია. ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგები დაადასტურეს უცხოეთის გენეტიკური კვლევის ცენტრებმაც და დაასკვნეს,
ქართველთა გენეტიკური მოცემულობა უძველესია მსოფლიოში; რაც მთავარია, მას ახასიათებს გენეტიკური უწყვეტობა: თანამედროვე ქართველები ძალიან ახლოს დგანან იმ ხალხთან, ვინც ამ ტერიტორიაზე ათასწლეულების წინ დააბიჯებდა.
ხათუნა ჩიგოგიძე