"ახლაც  ყურში ჩამესმის უკრაინელი მებრძოლის სიტყვები: თუ რუსებს გუმისთაზე არ შევაჩერებთ, დნეპრთან მოგვიწევს მათთან გამკლავება" - კვირის პალიტრა

"ახლაც  ყურში ჩამესმის უკრაინელი მებრძოლის სიტყვები: თუ რუსებს გუმისთაზე არ შევაჩერებთ, დნეპრთან მოგვიწევს მათთან გამკლავება"

რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 34 წლის წინ დაიწყო. მაშინ სამშობლოში საკუთარ მიწა-წყალს იცავდა რუსებისა და მათ მიერ ზურგგამაგრებული სეპარატისტებისგან. დღემდე კარგად ახსოვს ქართველების მხარდამხარ მებრძოლი უკრაინელი მებრძოლის სიტყვები: "თუ რუსებს გუმისთაზე არ შევაჩერებთ, დნეპრთან მოგვიწევს მათთან გამკლავება". აკაკი­ ბერიანიძეს ახლა უკრაინელების მხარდამხარ, დნეპრთან უწევს რუსებთან გამკლავება. მისი ამბავი არ არის მხოლოდ ერთი მებრძოლის ისტორია, ეს არის რუსეთთან შეურიგებელი დაპირისპირების ქრონიკა და უპირობო თავგანწირვა. დღეს ის ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მიმართულებებზე იბრძვის და საბრძოლო მოქმედებებსა და სამხედრო დაზვერვის ოპერაციებში მონაწილეობისათვის, ასევე უკრაინისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვისაა დაჯილდოებული.

- თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩემთვის არჩევანი კი არა, აუცილებლობა იყო. ჩემი მდგომარეობა და შესაძლებლობები მაძლევდა იმის საშუალებას, რომ სხვა გზით წავსულიყავი, გამეგრძელებინა­ პოლიტიკური აქტივობა, სხვადასხვა საერთაშორისო­ პლატფორმაზე ჰუმანიტარულ დახმარებაში­ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ის ბიჭები, რომლებთან ერთადაც აფხაზეთში ვიბრძოდი, შემდეგ კი 2008 წელს უკრაინელების მხარდაჭერა, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პირველად უკრაინელებს აფხაზეთში შევხვდი. მაშინ მითხრეს და ახლაც ყურში ჩამესმის მათი ნათქვამი, რომ თუ რუსებს გუმისთაზე არ შეაჩერებდნენ, დნეპრთან მოუწევდათ მათთან ბრძოლა. ისინი "უნა-უნსოს" წევრები იყვნენ. ყველაზე კრიტიკულ მიმართულებებზე იბრძოდნენ. ბევრი ქართველი გადაარჩინეს, ბევრი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დღეს ეს ტრაგიკული წინასწარმეტყველება რეალობად იქცა. აქ დიდი ისტორია იწერება ქართველი მებრძოლების ხელით, ისტორია, რომელსაც ბევრი დღემდე სათანადოდ ვერ აფასებს. ამიტომაც იყო, რომ ომის დაწყებისთანავე ქართველები შევიკრიბეთ. პირველივე დღეს თვითმფრინავზე არ აგვიშვეს, რამდენჯერმე დაგვაბრუნეს. საბოლოოდ უკრაინის საელჩოს დახმარებით მეგობრებთან ერთად თითქმის არალეგალურად ჩავედი.

ბახმუტი, ბუჩა, გოსტომელი, ხერსონი, კრამატორსკი, ლიმანი - ქართველები ყველა ცხელ წერტილში ვიბრძვით. რასაც რუსების გავლილ ტერიტორიებზე ვხედავთ, სიტყვებით ძნელად გადმოსაცემია. რა აღარ გვინახავს: დამარხული გვამები თავების გარეშე, დახვრეტილი და ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობა. ტყვეების წამება ცალკე საშინელებაა. ომი ხომ თავისთავად საშინელებაა, მაგრამ ამ საშინელებასაც კი თავისი წესები აქვს, რომელსაც რუსები არაფრად დაგიდევენ.

- ახლახან მნიშვნელოვანი დავალებიდან დაბრუნდით. როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

- ოპერაცია უნიკალური იყო, მასში შეიარაღებული რობოტები მონაწილეობდნენ. შეიძლება ითქვას, მსოფლიოში პირველად შეიარაღებულმა რობოტებმა მოახერხეს სამხედროების დატყვევება. სხვათა შორის, ორმოც კაცზეა საუბარი.

- რას გვეტყვით ამ რობოტების შესახებ?

- დისტანციურად მართვადი სისტემა­ აღჭურვილია კამერებით, მუშაობს დაცულ რადიოსიხშირეებზე და აქვს ვერბალური­ კომუნიკაციის ფუნქციაც. ოპერატორს შეუძლია მოწინააღმდეგეს პირდაპირ მიმართოს და მოსთხოვოს იარაღის დაყრა. ოპერაცია იწყება ტერიტორიის საცეცხლე დამუ­შავებით, რის შემდეგაც ზონაში შედის სადაზვერვო დრონი. კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული იყო შეიარაღებული­ დრონი და სახმელეთო რობოტული პლატფორმები. ასეთი მიდგომა საბრძოლო მოქმე­დებებისთვის შედარებით ახალი ტაქტიკური კონცეფციაა, რომელიც ცოცხალი ძალის დანაკარგის მინიმიზაციას ისახავს მიზნად. ბოლო პერიოდში უკრაინაში აქტიურად ვითარდება არაერთი ინოვაციური საბრძოლო და ტექნოლოგიური მეთოდი. ეს პრაქტიკა უკვე აყალიბებს თანამედროვე ომის ახალ ტაქტიკურ მოდელებს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში სარაკეტო და საავიაციო მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ უკრაინაში იყო კონცენტრირებული, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი გონებრივი და საინჟინრო რესურსიც აქ დარჩა. დღეს ამ ომში ჩართული არიან როგორც გამოცდილი სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდები, რომლებსაც გასაოცარი კომპიუტერული, ტექნიკური და საინჟინრო ცოდნა აქვთ. ეს რობოტული სისტემები, ძირითადად, ბორბლიან პლატფორმებზე დამონტაჟებული სხვადასხვა სახის შეიარაღებაა. ბევრი აქაური ხელმარჯვე ოსტატების ნამუშევარია, ზოგ შემთხვევაში ჩვეულებრივ სამოქალაქო მანქანებზეც კი აქვთ დამაგრებული სარაკეტო გამშვები მოწყობილობები და ნაღმსატყორცნები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გამოცდილება მომავალში საქართველოსთვისაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენი რელიეფი გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას, მცირე ავიაციისა და რობოტული ტექნიკის გამოყენებით მტრის შეკავება და განდევნა გაცილებით ეფექტურად არის შესაძლებელი.

- რუსებს თუ აქვთ მსგავსი ტექნიკა?

- არა, ისინი უფრო ცოცხალ ძალას ეყრდნობიან. მათ უკან დგანან რუსეთის­ გენერალური შტაბის სარეზერვო-სადესანტო ბრიგადების ელიტური დანაყოფები, რომლებიც უშუალოდ უკან მოჰყვებიან "ხორცსაკეპ მასალად" გამოყენებულ მასას, რათა უკან დახევა არ დაუშვან. თუ ვინმე დანებებას ან პოზიციების დატოვებას შეეცდება იქვე ხვრეტენ, ზოგჯერ წამებითაც კლავენ. სადაზვერვო დრონის საშუალებით ვნახე, რუსი ჯარისკაცი დანებებას აპირებდა, სრულიად გაშიშვლდა და ჩვენკენ წამოვიდა, თუმცა რუსებმა ევ-პი-ვი-დრონით გაანადგურეს. მათი სისასტიკე სპონტანური კი არა, სისტემური პოლიტიკის ნაწილია.

- ფრონტზე არსებული ვითარება იძლევა მოლაპარაკებების პერსპექტივას?

- მოლაპარაკებებზე საუბარი უფრო ფიქციაა და საზოგადოებრივი დაძაბულობის დროებითი განტვირთვის მცდელობას ჰგავს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დაახლოებით 900-1000-კილომეტრიან მონაკვეთზე. ომი სეგმენტურ ხასიათს ატარებს, ანუ სხვადასხვა მიმართულებაზე ინტენსივობა განსხვავებულია.

- ხშირად მსმენია, რუსები და უკრაინელები­ ერთი ცნობიერების ხალხიაო.

- ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ერია. განსხვავებული ცნობიერება, განსხვავებული ღირებულებები აქვთ. თავისუფლებისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ერის მომავალს. ერი, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობა არ არის, განწირულია. ამიტომ ვამბობ, რომ თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა ერისთვის. უცხოელ მებრძოლებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტი ქართველები ვართ და, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობაც ჩვენში ყველაზე დიდია. უკრაინელებს ყველაზე მეტად ქართველების თავზეხელაღებულობა უკვირთ, თავგანწირვა და თვითირონია. ერთხელ სამი ქართველი ორი კვირა ვიყავით ალყაში. უკრაინელებს რაციაზე რომ დავუკავშირდით, გაგიჟდნენ, როგორ გადარჩითო. ჩვენ ვუთხარით, როგორც სტუმართმოყვარე ერს გვჩვევია, ღირსეულად ვმასპინძლობდით რუსულ ბომბებს-მეთქი და სიცილით დაიხოცნენ, ნორმალურები არა ხართო.

- უკრაინელების და არა მარტო მათი გაოცება მოახერხა თქვენმა ქალიშვილმა, მარიამმა, რომელმაც საქართველოდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე ჩამოგაკითხათ.

- მარიამის გამოჩენა ნამდვილი შოკი იყო. ბიჭები გაოცებულები იყვნენ, ქართველი­ ჯარისკაცის მამის ამბავი ვიცოდით, მაგრამ ჯარისკაცის შვილის ამბავი აღარ გაგვეგონა და ახლა ეგეც გვეცოდინებაო. რომ დამირეკა და მითხრა, მამა ლვოვში ვარო, ტელეფონი გამიშეშდა ხელში, ერთადერთი, რისი თქმაც მოვახერხე, ეს იყო, ამ მამაძაღლს აქ რა უნდა-მეთქი! სიამაყესთან ერთად ძალიან დიდი შფოთვაც მომიტანა, ათი სიკვდილი გავათავე, ვიდრე ლვოვიდან ჩემამდე მოაღწევდა. აი, ეს არის ქართველი ქალის გენეტიკა - უშიშრობა და ღირსება. აქ საოცარი გოგონები იბრძვიან: ქეთი ლეშკაშელი, ნენე, გვანცა... არიან სხვებიც, რომელთა სახელებს მიზეზთა გამო ვერ დავასახელებ. ჩემი მარიამი ერთადერთი ქართველი გოგონა არ არის, რომელმაც ოჯახის წევრს შუა ომში ჩამოაკითხა. ჩვენს თანამებრძოლს, ნიკა ჭურაძეს შეყვარებულმა იაკო ფრანგიშვილმა ჩამოაკითხა. იაკომაც ისეთივე სარისკო გზა გამოიარა, როგორიც ჩემმა გოგონამ.

- უკრაინაში ომის დასრულებამდე აპირებთ დარჩენას?

- ომში ჩამოსვლის პირველივე დღეს ვთქვი, აქ ვიქნები ომის დასრულებამდე, თუ ღმერთი ამის ძალას და საშუალებას მომცემს-მეთქი.

- ალბათ, არაერთი ჭრილობაც გექნებათ.

- ამაზე საუბარი არ მიყვარს, არ მინდა ჩემი 96 წლის დედამ რაიმეს მოჰკრას ყური და ინერვიულოს.

- რას ეტყვით ქართველებს?

- თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა­ მოვიკითხო მთელი საქართველო, ჩვენი მეომრების ოჯახები, დაღუპული მეგობ­რების შვილები. ერთადერთი სათხოვარი მაქვს - იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. თავისუფლება ყველაზე დიდი განძია, რაც უფალმა მოგვცა.

ხათუნა ბახტურიძე