კიმ ჩენ ინის და - ყველაზე საშიში ქალი მსოფლიოში
კიმ იო ჯონგი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსი და, დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მედიისთვის მუდმივი ყურადღების ობიექტიც. ჩრდილოეთ კორეაში
მას ხშირად მოიხსენიებენ "მეორე ყველაზე ძლიერ ადამიანად", ზოგი ექსპერტი კი "მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქალს" უწოდებს.
"პრინცესას" მისია
როგორც მთა პექტუს დინასტიის "ღვთაებრივ პრინცესას" (გადმოცემის თანახმად, პექტუ მთაა, სადაც კიმ ჩენ ინისა და კიმ იო ჯონგის მამა, კიმ ჩენ ირი დაიბადა), კიმ იო ჯონგს არ ემუქრება პოლიტიკური თანამდებობიდან გათავისუფლება, რისი შიშითაც მის ავტორიტარულ ქვეყანაში ოფიციალური პირები ცხოვრობენ... მაგრამ როგორც კიმ ჩენ ინის ადმინისტრაციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მთავარ პროპაგანდისტსა და, სავარაუდოდ, ძალაუფლების მემკვიდრეს, წესით, მმართველი ელიტის მსგავსად, გააზრებული დაუნდობლობა უნდა ახასიათებდეს. თავისთავად უცნაურობაა, რომ დიქტატორული სტილის ლიდერი ქალი გამოჩნდა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩრდილოეთი კორეაა, სადაც მამაკაცები დომინირებენ, თუმცა ფაქტია, რომ კიმ იო ჯონგი ძალაუფლების მწვერვალზე ავიდა და სწორედ ის განსაზღვრავს საკუთარი მთავრობის პოლიტიკას სხვა ქვეყნების, უმთავრესად კი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიმართ, თანაც ისე, რომ მასზე ორჯერ უფროსი ასაკის მამაკაცები კანკალებენ და ქედს იხრიან მის წინაშე. კიმ იო ჯონგის სიტყვები არათუ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, არამედ რეგიონულ დინამიკაზეც პირდაპირ მოქმედებს და სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი დიქტატორის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრედაც სწორედ ის მიიჩნევა. მოწოდებით პრინცესა, რომელსაც თავისი "ბნელი სამეფოს" აღორძინების დიდი მოლოდინი ჰქონდა, აღიზარდა იმ რწმენით, რომ მისი მისიაა ან გააერთიანოს ჩრდილოეთი კორეა სამხრეთთან, ან ამ ბრძოლაში მოკვდეს! როგორც ქვეყნის ისტორიისა და მმართველი დინასტიის მკვლევრები წერენ, ის დაუნდობელი და ძალზე საშიშია.

სასტიკი, მაგრამ მომხიბლავი
კიმ იო ჯონგი - პირველი ქალი, რომელიც ბირთვული დარტყმებით იმუქრება, ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ქალია. სასტიკი, მაგრამ მომხიბლავი, ის უცხოელ ლიდერებს სარკასტულად ემუქრება და შეურაცხყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა კორეის მმართველი დინასტიის ქალების ისტორიაში.
მას ძმის მთავრობაში ორი მაღალი თანამდებობა უკავია და მუდმივად დიქტატორის გვერდითაა სამხედრო დემონსტრაციებსა და საერთაშორისო სამიტებზე. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორმხრივი შეხვედრისა და ჩინეთის სამხედრო აღლუმზე პეკინში. ასევე სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინთან, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრების დროს. ძმის მსგავსად, მისი პირადი ცხოვრების დიდი ნაწილი საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს. კიმ იო ჯონგი დაახლოებით 38-39 წლისაა და კიმ ჩენ ირის (კიმ ჩენ ინის მამა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 1994-2011 წლამდე, მის გარდაცვალებამდე) შვილებიდან ერთადერთი ქალიშვილია. პირველად საჯაროდ ის მამის დაკრძალვაზე გამოჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2014 წელს კიმ იო ჯონგი ერთი თვის განმავლობაში კიმ ჩენ ინის მოვალეობებს ასრულებდა, როდესაც დიქტატორი მოულოდნელად გაუჩინარდა.

შვეიცარიული სკოლა
კიმ იო ჯონგი დაიბადა 1987 წელს (ზოგი წყაროს მიხედვით, 1988 წელს) კიმ ჩენ ირისა და კო იონგ ჰის ოჯახში. ბავშვობა ერთხანს შვეიცარიაში გაატარა, სადაც ძმასთან, კიმ ჩენ ინთან ერთად სწავლობდა. დასავლური გამოცდილება, ექსპერტების აზრით, დაეხმარა მას სტრატეგიული აზროვნებისა და დიპლომატიური უნარების ჩამოყალიბებაში, რამაც მოგვიანებით პოლიტიკაში სწრაფი წარმატება მოუტანა. ამის შემდეგ კიმ იო ჯონგი სამშობლოში დაბრუნდა და ბაბუისა და„მუდმივი პრეზიდენტის, კიმ ირ სენის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტი დაამთავრა.
სწრაფი, შეუჩერებელი
მამის გარდაცვალების შემდეგ კიმ იო ჯონგმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი პარტიულ იერარქიაში. ის ხელმძღვანელობს კორეის მუშათა პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტს, რომლის ამოცანებია:
სახელმწიფო მედიის გაკონტროლება;
მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედება;
ქვეყნის პოლიტიკური და საგარეო გადაწყვეტილებების სტრატეგიული მხარდაჭერა.
2021 წელს სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ცნობით, ის გახდა ქვეყნის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სახელმწიფო საქმეთა კომისიის წევრი.
სკანდალები
კიმ იო ჯონგი საერთაშორისო სარბიელზე არცთუ ისე ხშირად ჩანს, თუმცა სადაც გამოჩნდება, ყოველთვის ხმაურს იწვევს: 2018 წელს ის ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე ასრულებდა სპეციალური წარმომადგენლის როლს სეულის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, რაც "რბილი ძალის" დიპლომატიურ მანევრად შეფასდა. თუმცა მისი განცხადებები აშშ-სა და სამხრეთ კორეის შესახებ ხშირად უხეში და კონფრონტაციულია. მაგალითად, 2022 წელს საერთაშორისო მედიამ აიტაცა მისი სკანდალური სიტყვები, როდესაც სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური დახმარების შეთავაზებაზე მან თქვა: "ჯობს მოკეტოს!", თავად პრეზიდენტს კი "მიამიტი და ბავშვური" უწოდა. კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეის მთავრობა "იდიოტებად" მოიხსენია და ქვეყნის პოლიტიკა მკვეთრად გააკრიტიკა.
დიქტატორის დამ "უაზრო და ნაძირალა" უწოდა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრსაც, თავად ქვეყანას კი "სამწუხარო ბედს" დაჰპირდა, სრული განადგურებითა და გაღარიბებით. მსოფლიოსთვის კარგად ცნობილია კიდევ ერთი სკანდალი, როცა კიმ იო ჯონგმა სამხრეთი კორეა დაადანაშაულა მის ქვეყანაში კორონავირუსის მიზანმიმართულ გავრცელებაში, საზღვარზე ნაგვით სავსე ბუშტებისა და პროპაგანდისტული ბროშურების გადატანის მეშვეობით.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა სამხრეთ კორეის მხარდაჭერა გააძლიერა, თეთრ სახლში ყოფნისას ქალბატონმა კიმმა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "მოხუცი მომავლის გარეშე" უწოდა. თუმცა ყველაზე გავლენიანი დის ამერიკაზე შეტევა ამით არ დასრულებულა. კიმ იო ჯონგი პრეზიდენტ ტრამპსაც აკრიტიკებს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, მისი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ "ყველაზე მტრული და კონფრონტაციული ნება" გამოავლინა.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, განაახლოს მოლაპარაკებები კიმ ჩენ ინთან მას შემდეგ, რაც 2018-2019 წლებში ორი წარუმატებელი დენუკლეარიზაციის სამიტი გაიმართა. პასუხად კიმ იო ჯონგმა აშშ-ის ლიდერი გააფრთხილა, არ მიმართოს ბირთვული განიარაღების ან სამხრეთ კორეის მხარდაჭერის მცდელობებს და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები "მეორე მხარის (ჩრდილოეთ კორეის) დაცინვაა". 2017 წელს იო ჯონგი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ვერშემდგარი პოეტი და უზენაესი ლიდერი
ძლიერი, საინტერესო და საშიში
დღეს კიმ იო ჯონგი ჩრდილოეთ კორეის მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომლის ქმედებები, განცხადებები და ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკურ ტონს განსაზღვრავს და რეგიონში ძალთა ბალანსზე აისახება. ექსპერტთა ნაწილი მას მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამს, თუმცა, ფაქტობრივად, საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ჯერჯერობით, მაინც კიმ ჩენ ინი იღებს. მიუხედავად ამისა, არავინ იცის, კიდევ რა მწვერვალებს დაიპყრობს "ყველაზე საშიში ქალი" მსოფლიოში, რომელიც წარმოადგენს ოჯახს, რომლის ძალაუფლებისკენ ლტოლვა გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ რეპრესიებს, ბირთვულ საშიშროებას და გლობალური ქაოსის საფრთხეს მსოფლიოსთვის.
შორენა ბიწაძე