"ყირამალა დუქანაო" - ონიდან შქმერისკენ მიმავალ გზაზე, რიონის პირზე მართლა იყო ეს დუქანი და ყირამალა იმიტომ ერქვა, რომ..." - რას იხსენებს მუსიკოსის შვილი?
მდიდარი ბუნების მქონე ნიჭიერი ადამიანები პოპულარობას და დიდებას არასდროს ხარბდებიან. ასე იყო მწერლისა და მუსიკოსის, ბორის გუგეშაშვილის შემთხვევაშიც. წლებია, მისი ლექსები ქართულ სიმღერებში "ცოცხლობს", იმდენად ბუნებრივად და გულწრფელად, რომ ბევრს ხალხურიც კი ჰგონია. სწორედ მისი პოეზია იყო გუგეშაშვილების მომღერალი ოჯახის მთავარი რეპერტუარი. პოეტს მშობლიურ რაჭასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა. მამის შემოქმედების და ცხოვრების შესახებ, უფრო მეტს მისი შვილი, სოფო გუგეშაშვილი მოგვითხრობს.
- რაჭაში მიგრაციის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, რადგან ოჯახის შენახვა ბევრს უჭირდა. ბაბუა ბაქოში ცხოვრობდა, მზარეული გახლდათ და თავის საქმეში იმდენად წარმატებული, რომ აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივნის პირადი მზარეული გახდა, შემდეგ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მუშაობდა...
მამა და მამიდა ბაქოში დაიბადნენ, იქ ქართული სკოლა დაამთავრეს. მამა ბაქოში ძალზე პოპულარული ბიჭი ყოფილა, გარდა იმისა, რომ გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლე იყო, კარგად მღეროდა, ფეხბურთს, ჭადრაკს თამაშობდა.
ჩვენ ონიდან, სოფელ მაჟიეთიდან ვართ. მამა სოფელზე გიჟდებოდა, დრო როცა ჰქონდა, =ყოველთვის ჩამოდიოდა. კითხვაც ძალიან უყვარდა და წიგნებისთვის ხშირად ბიბლიოთეკაში დადიოდა, სადაც დედა მუშაობდა. ერთმანეთი იქ გაიცნეს და მალე ოჯახიც შექმნეს. ბაქოში წავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულან - მე 7 წლის ვიყავი, ჩემი და (მწერალი, მუსიკოსი ნინო გუგეშაშვილი) - 6-ის, როცა ბაქოდან მაჟიეთში წამოგვიყვანა. მამამ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა მეზობელი სოფლის სკოლაში. ბაქოში ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემს მშობლებს მაინც მშობლიური რაჭა ერჩივნათ. მამას სოფელი იმდენად უყვარდა, სურვილი არ ჰქონია, ქალაქში ეცხოვრა. მე და ჩემი და სტუდენტები რომ ვიყავით, თბილისში ახალ წელს ჩამოგვაკითხავდა ხოლმე და მეორე დღესვე უკან გარბოდა, ქალაქში ვერ ძლებდა.
მამას ბუნება იმდენად უყვარდა, სულ ვაჟა-ფშაველას მინდიას ვამსგავსებ. თოვლი გადნებოდა თუ არა, ტყეში სიარულს იწყებდა, ბუნებასთან სიახლოვე მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაღალ ბალახში უშიშრად წვებოდა და იძინებდა, ჩვენ სულ განვიცდიდით, არაფერს ეკბინა.
მამას ტყეში დათვებიც ხვდებოდნენ. ყველა ეუბნებოდა, თოფი წაიღე, ტყეში უთოფოდ როგორ დადიხარო, მაგრამ თოფი არ უყვარდა. ერთხელ ტყიდან მოსულმა გვიამბო: მივდივარ, მიმიძღვის სამი დათვის სულ ახალი ნაკვალევი, ერთი ნაკვალევი ამხელაა (ხუთი თითი გაშალა) და ორი შედარებით პატარა - ე.ი. დათვია მოზრდილი ბელებით... თბილისელი დაქალი გვყადა სტუმრად, ხან ჩვენ შემოგვხედავდა გაღიმებულ-შეშფოთებული, ხან მამაჩემს, სახეებზე გვაკვირდებოდა... მამამ თხრობა განაგრძო: მივედი, აგერ არ ტრიალებენ წიფლის ძირში სამივე! ჩამოვჯექი მოშორებით. ჯაკომო (ჩვენი ძაღლი) აჭაჭყანდა და მიუხტა, ჰოდა, ეს დედა დათვი შედგა უკანა ტორებზე, ზუსტად ისე, როგორც ადამიანი, ამოიფარა ბელები უკან, გაშალა "ხელები" და ასე უკან სვლით და ღმუილით წარეკა ბელები... უნდა გენახათ, უკან-უკან როგორ იხევდა ბელებიანად. ბელებს ჯაკომო აინტერესებდათ, გამოყოფდნენ თავს და აკვირდებოდნენ, ეს დათვი წაუთაქებდა თავში, ისევ ზურგს უკან ამოიფარებდა...
ჩვენმა დაქალმა მხოლოდ მაშინ გაიცინა და შვებით ამოისუნთქა, როცა მამამ თხრობა დაასრულა: ცოტა ხანს ვუყურე და დავუძახე ჯაკომოს, - რომ გაბრაზდეს ეს დათვი და გამოგვეკიდოს, შენ კი გაიქცევი და მე სად წავიდეო?
დედამ უსაყვედურა, რაღა სულ შენ გხვდებიან ეს დათვები, ნაკვალევს რას მიჰყვებოდი, ვერ გადაუხვიეო? მამა ალალად გაოცდა: ლია, მე ვეძებ სოკოს, დათვები ეძებენ წიფს და ორივე ასხია წიფელას. ასე რომ, გვიწევს ხოლმე საქმიანი შეხვედრები.
მამას სოკოზე სიარული უყვარდა, არ ნადრობდა, გამორიცხული იყო, ცხოველი მოეკლა. სულ გვიამბობდა, მელა შემხვდა, ჯიხვი შემხვდაო... ამბობდა, ისეთი კარგი საყურებლები არიან, როგორ მოვკლავო?

- "ყირამალა დუქანა", "ღაღანა და არეთა", "ოცი შვილი", "მე სიდედრის ჭირუკა" - ის არაერთი სიმღერის ტექსტის ავტორია..
- მამა სოფელ საკაოს სკოლაში მუშაობა, მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ. მისმა ერთმა მოსწავლემ მითხრა, მამათქვენი რომ მოვიდა, მაშინ გავიგეთ სკოლაში თურმე ბიბლიოთეკა რომ გვქონიაო. მან დაამეგობრა ბავშვები წიგნებთან, დააინტერესა ჩოგბურთით, ჭადრაკით, გამოჰყავდა ჩემპიონატებზე... 32 წელი რაიონის ჩემპიონი იყო ჭადრაკში, თაობები გამოზარდა.
მამა სკოლამდე ფეხით 4 კილომეტრს გადიოდა. მისი მოსწავლეები იხსენებენ, ბორია მასწავლებელმა გვითხრა, გზად ლექსებს და სიმღრებს ვწერო. ბევრჯერ მინახავს, ღამე როგორ იჯდა და წერდა, ფიქრობდა...
მოგეხსენებათ, ჩვენ მომღერალი ოჯახი ვიყავით (ორგზის საკავშირო ფესტივალის ლაურეატები ვართ და მრავალგზის რესპუბლიკის), ვახუშტი კოტეტიშვილის მოწყობილ საღამოებზე, ხალხური შემოქმედების ფესტივალებზე სულ გამოვდიოდით, მამას ბევრი ლექსი ავამღერეთ. "იუთუბზე" ახლაც იძებნება ჩვენი სიმღერები.
ძალიან პოპულარული იყო "დედას ჰყავდა ოცი შვილი", "ყირამალა დუქანაო"... ონიდან შქმერისკენ მიმავალ გზაზე, რიონის პირზე მართლა იყო ეს დუქანი და ყირამალა იმიტომ ერქვა, რომ მთლად რიონზე იყო გადამდგარი, ფეხი რომ დაგცდენოდა, მდინარეში აღმოჩნდებოდი... მამას დედა შქმერიდან იყო. შქმერიდან ონში რომ ჩამოდიოდნენ, ამ დუქანთან უნდა გაევლოთ. ბავშვობაში მამა ბიძასთან ერთად ონში წამოსულა, გზად კაცები დუქანში საჭმელად შესულან... მამას ახსოვდა, იმ საღამოს ბიძამისთან ერთად შქმერელები რაღაც სიმღერას მღეროდნენ, მაგრამ ვეღარ გაიხსენა და გადავწყვიტა, ყირამალა დუქანზე სიმღერა თავად დაეწერა.

- დღეს ეს სიმღერა ძალიან პოპულარულია, მამა ასეთ აღიარებას მოესწრო?
- დიახ, პირველი "არტ გენი" რომ ჩატარდა, დედა გარდაცვლილი იყო, ყველანი დამძიმებულები ვიყავით, მამა სოფლიდან აღარც გადიოდა, სულ მაჟიეთში იყო. ზუმბა და კიდევ რამდენიმე მომღერალი მასთან მივიდნენ და დიდი თხოვნით დაითანხმეს თბილისში ჩასვლაზე. ნიაზ დიასამიძეც ორგანიზატორთა შორის იყო. სხვები 2 და 3 სიმღერას მღეროდნენ, გუგეშაშვილებმა 7 სიმღერა შევასრულეთ და სცენიდან მაინც არ გვიშვებდნენ. მამა დიდებას და პოპულარობას დახარბებული არასდროს ყოფილა. არადა, ყველას ძალიან ვუყვარდით. ერთხელ ფილარმონიაში ბისზე 9-ჯერ გაგვიყვანეს... მამა 2010 წელს გარდაიცვალა.
- მისი შემოქმედებიდან ჩანს, რომ იმდროინდელ რეჟიმს, მანკიერებებს მკაცრად აკრიტიკებდა...
- დიახ, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას დისიდენტი, ეს მამა იყო. წერდა, რა ხდებოდა რაიკომში, ფერმებში, სადაც კი იპარავდნენ, ამხელდა.
- იმ რეჟიმს როგორ გადაურჩა?
- ერთხელ რაიკომში დაიბარეს... შინ დაბრუნებულს დედამ ჰკითხა, რა გითხრესო? თუ ეგეთი ლექსების წერას გააგრძელებ, იცოდე, რაიონიდან გაგასახლებთო. მამას უპასუხია: სადაც ჩამასახლებთ, იმათ რას ერჩითო?.. ერთ-ერთი ლექსის ("დიპლომიანი ბატი") შინაარსი ასეთია: ქათმების ფერმაში მამლის ადგილი გამოცხადდა, რაიკომში ძალიან ბევრი კანდიდატურა მივიდა, მაგრამ უამრავ მამალს ერთმა ბატმა აჯობა, რადგან მას მამლის დიპლომი და სოცშეჯიბრების მედალი ჰქონდა. ერთი მამალი ძალიან გაბრაზდა, რას ჰქვია, ბატს როგორ ნიშნავთო? ეს ურჩი მამალი მიმაგრებაში გაგზავნეს, ბატი კი დღესაც ფერმაში მუშაობს მამლად...
მაშინ ოლიმპიადები ტარდებოდა, ჟიურიში რაიკომის წევრებიც ისხდნენ. საჩვენებელი გამოსვლისას მამას უთხრეს, საღამოზე ამას არ წაიკითხავო. მამა მაინც სცენაზე დარჩა და ამ ლექსის კითხვა დაიწყო. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა პერსონალს ანიშნა, ფარდა დაეხურათ. მართლაც დაუხურეს, მაგრამ მამამ ფარდა ხელით გადასწია, წინ გამოვიდა და დაწყებული ლექსი დაასრულა. მაშინ ეს ტექსტი მთელ რაჭაში ხელნაწერებით ვრცელდებოდა...
მამას საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ რას ამბობდა მასზე, ცხოვრობდა თავისთვის, დადიოდა ბუნებაში და ბულბულივით სულ სტვენდა, სტვენა მისი სიმღერების მელოდიები იყო. ძალიან მხიარულად ვცხოვრობდით, სულ ვმღეროდით, ვიცინოდით. ასეთი ხასიათის იყვნენ ჩემი მშობლები და ჩვენც ლაღად გაგვზარდეს.
ახლა მიგრაციაზე და სოფლების დაცლაზე რომ არის ლაპარაკი, ამაზე მამა წლების წინ წუხდა. ლექსში "გზაზე მიდის 9 რაჭველი" ამ დარდს აღწერს: "...გლახა შვილები გავზარდეთ/ვერ მიხედეს რაჭასაო". სხვა ლექსში ("ქვაგახეთქილა") ამბობს: "...გადაკარგულან უშოლთელები,/ გადაშაბმულან შქმერში ველები,/ აღარ არიან ჩვენში ჩვენები,/ კლდე ხარ და მაინც ქვე იცრემლები".
მამა იცით როგორი კაცი იყო? არ არსებობდა, ვინმე გაელანძღა. სიხარული იყო ის, რის გამოხატვაც ძალიან უყვარდა, ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებების ამბებს რომ იგებდა, გიჟდებოდა. სოფლიდან ონში ფეხით ჩამოდიოდა ფეხბურთის საყურებლად.
მე ონში ვცხოვრობ, ახალი წელი რომ დგებოდა, სოფლიდან ჩემთან ჩამოდიოდა, ნაძვის ხეც, სუფრაც ყველაფერი უხაროდა.
2008 წელს ონში ბომბები რომ ჩამოაგდეს, მაშინ მაჟიეთში ვიყავი, თვითმფრინავები რომ დაფრინავდნენ, ყოველი გადაფრენისას, სხვებთან ერთად მეც ვკიოდი, ყველას გვეშინოდა. მამამ მითხრა: სოფო, გაჩერდი, 17 წელი იმიტომ ისწავლე, რომ ეგრე მოიქცეო? რატომ უნდა დაბომბონ მაჟიეთი, მაღაზია ჩვენ არ გვაქვს და არაფერი, ბომბებს ეგრე ტყუილად კი არ ყრიანო.
ონში მამას სახელი ძალიან ძვირფასი და პატივსაცემია. ქუჩაში გასვლა მიხარია, იმდენ კარგს ვისმენ ჩემს ოჯახზე. 2016 წელს მაჟიეთში, ჩვენს ეზოში, ფესტივალი "ბეჩა ყირამალა" ჩატარდა და არაერთი შემსრულებელი ჩამოვიდა. რეგიონის ფოლკლორისტებიც გამოდიოდნენ. მაღალმთიან სოფელში ასეთი მასშტაბის ფესტივალი მანამდე არ ჩატარებულა. 2025 წელს მამას 90 წელი შეუსრულდა. ონის მინიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდა. გამოიცა მამას წიგნი, ჩვენი სიმღერების ალბომი. მადლობა თქვენ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მამას სახელს არ ივიწყებს!
თამუნა კვინიკაძე