„როცა სცენაზე გავდივარ, მამიკოს რაღაც ნივთი აუცილებლად მაქვს, მგონია, რომ ძალას მაძლევს, მეხმარება“
"ისეთი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე, თითოეული მათგანზე შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ დღეს თქვენთან მამას, თემურ წიკლაურს გავიხსენებ" - ამბობს მომღერალი ქეთი წიკლაური. 22 იანვარს თემურ წიკლაურს 80 წელი შეუსრულდებოდა.
- მამა სცენაზე ძალიან გულწრფელი იყო, გულითა და სულით გამოხატავდა სიყვარულს პროფესიისადმი, ხალხისადმი... სცენაზე ძალიან მკვეთრი სახე ჰქონდა, თავისი ხმით, გარეგნობით, ქარიზმით, თვისებებით... ვფიქრობ, ჯერ შეუცვლელია ის ნიშა, რომელიც მას ეკავა.
- ცხოვრებაში როგორი იყო?
- ის ცხოვრებაშიც მკვეთრად გამოხატული პიროვნება გახლდათ, სხვადასხვა ფერით შემკული. მრავალწახნაგოვანი ბუნება ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფლეგმატური და ჩუმი სცენის მიღმაც ვერ იქნებოდა.
მოგეხსენებათ, მამას როგორი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდა და შინ ყოფნისას ისვენებდა, კითხულობდა, ტელევიზორს უყურებდა, ზოგჯერ ოჯახი სადღაც გავდიოდით, ეს მისთვის ერთგვარი რელაქსაცია იყო. მამასთვის სახლი კომფორტული ადგილი იყო, ძალიან ინტიმური და დაკეტილი, სადაც შეეძლო ყოფილიყო ყოველგვარი ნიღბის გარეშე.
უზომოდ ყურადღებიანი იყო, არა მხოლოდ ოჯახის წევრების, უცნობი ადამიანების მიმართაც. როგორც მეუღლე, როგორც მამა, როგორც ბაბუა, საოცრად მზრუნველი და მეოჯახე იყო. ბაზარში, მაღაზიებში სიარული უყვარდა. ეს პროცესი მისთვის მხოლოდ რაღაცის შეძენას კი არ ნიშნავდა, ხალხთან ურთიერთობის თავისებურ ფორმად აღიქვამდა. ძალიან კარგად იცოდა პროდუქტების არჩევა: ხორცი, ყველი, მწვანილი, ხილი - ყველა დეტალში ერკვეოდა.
ბაზარში მისი შესვლა ცალკე გადასაღები ფილმი იყო. არაერთხელ ვყოფილვარ ამის შემსწრე. მოვაჭრეები ისე თბილად ეგებებოდნენ, საოცარ სიყვარულს ავლენდნენ. თემური ყველას, როგორც მეგობარს, ისე ელაპარაკებოდა. მერე ხუმრობით, თითქოს ევაჭრებოდა, ყველაფერს გასინჯავდა, ხან დაუკლებდნენ, ხან ჩუქნიდნენ... მამას ამ ადამიანების სიყვარული უზომოდ აბედნიერებდა, ეს ურთიერთობებით ტკბობის სხვა სიმაღლე იყო. ის გახლდათ ამ ამბის მთავარი გმირი - სიხარულით, ენერგიით, იუმორით, კეთილგანწყობით სავსე.
- კარგი კულინარიც იყო, არა?
- ძალიან გემრიელად ამზადებდა, განსაკუთრებით ხორცეულს და თევზეულს. დრო თუ ჰქონდა, ეს არასდროს ეზარებოდა. ხორცი სახელდახელოდ უბრალოდ რომ შეეწვა, ისიც კი განსაკუთრებული გამოსდიოდა. ოჯახზე ზრუნვით სიამოვნებას იღებდა, უხაროდა, რომ მისი მომზადებული მოგვწონდა.
უზომოდ ყურადღებიანი ბაბუაც იყო. ჩემი შვილი ანდრია პატარა რომ იყო, ყველგან თემურის დაჰყავდა - ცირკში, ზოოპარკში... სათამაშოებით ანებივრებდა.
ანდრია რომ წამოიზარდა, უფრო დამეგობრდნენ. თემური ცხოვრებისეულ თემებზე ხშირად ელაპარაკებოდა. ამასთან, უზომოდ დიდ თავისუფლებას აძლევდა. თავისუფლების ცნება ჩვენს ოჯახში ყოველთვის უმაღლეს ხარისხში იყო.
ანდრია კალათბურთს თამაშობდა და პატარა რომ იყო, მისი გუნდი საზღვარგარეთ წავიდა სათამაშოდ, მამიკომ თურქეთში მარტო არ გაუშვა, ჯგუფს გაჰყვა და იქ თემური საინტერესო ეპიზოდებს კამერით იღებდა.

- მამას პირად ამბებზე ღიად ესაუბრებოდით?
- ჩვენ მეგობრები ვიყავით, თბილი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მამასთან თაყვანისმცემლებზე არასდროს მისაუბრია. ოჯახში ყველას ჩვენი პირადი სივრცე გვქონდა და ვცდილობდით, არ დაგვერღვია. ნებისმიერ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში ვედექით. მამა იყო ჩემი ყველაზე ძლიერი და საიმედო საყრდენი.
- რა დაგიტოვათ მთავარი, როგორც მამამ და როგორც ხელოვანმა?
- უდიდესი პასუხისმგებლობა. თემურს ეს უმაღლეს ხარისხში ჰქონდა, ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც. ჩვენ კოლეგებიც ხომ ვიყავით? "ივერია" ძალიან ძვირფასია, მქონდა ბედნიერება ამ საოცარი ადამიანების გვერდით სცენაზე უამრავჯერ ვმდგარიყავი. ეს იყო პროფესიონალიზმის, მეგობრობის საოცარი მაგალითი. ამაზე მეტი რა უნდა დაეტოვებინა?
- მისი შემოქმედებიდან არის სიმღერა, რომელიც თქვენთვის გამორჩეულად ემოციურია?
- რა თქმა უნდა, ასეთი არაერთი სიმღერაა. ძალიან მიყვარს "თბილისი და ფიროსმანი", "ხევსურული ბალადა", გამხმარი იები" "მე განა", რომელიც მამას გარდაცვალების შემდეგ, გია ბაღაშვილის იდეით, შეუმდგარ დუეტად გავაკეთეთ, ეკრანზე მამა ჩანს და მე "მასთან ერთად" ვმღერი. მისი უბადლო ჰიტების ჩამონათვალი ძალიან დიდია...
22 იანვარს, მამიკოს დაბადების დღეზე, ვინილი ჩავრთე, ვერ აღვწერ, რა ემოციები დამეუფლა. ბავშვობაში მქონდა ეს საკრავი, გამიფუჭდა და ახლახან სხვა შევიძინე. ყველა სიმღერის ყველა სტროფი ზეპირად ხომ არ მახსოვს და გავოცდი, რაოდენ აქტუალური ტექსტებია. ვინილს კიდევ სხვა აურა ახლავს, შიშინიც რომ დაჰყვება, სხვაგვარ ემოციას ბადებს და წლების წინანდელ პერიოდში გადამისროლა.
ერთია, როცა მამას სიმღერებს ვუსმენ, როგორც შვილი და სხვაა, როცა ვუსმენ, როგორც შემფასებელი, რიგითი მსმენელი. როცა ვუსმენ, როგორც შვილი, მოსმენა ძალიან მიძნელდება, ემოციურად მიჭირს. ამ დროს მკაფიო ხდება, რომ მამა წასულია და ამ ტკივილს არ მინდა ჩავყვე, მერე ცუდად ვხდები... პერიოდულად ქვეყნდება მამას კადრები კულისებიდან, რაც არ მინახავს და ამის ნახვაც ძალიან მიმძიმს. როცა განწყობილი ვარ, რომ მას როგორც რიგითმა მსმენელმა ვუსმინო, უფრო მიადვილდება და სიამოვნებას ვიღებ, ამ დროს სიამაყეს ვგრძნობ.
- ის კავშირი, რომელიც შვილებსა და მშობლებს შორის არსებობს, გარდაცვალებით არ სრულდება... ვიცი, რომ დადიხართ მამის პიჯაკით, შარფით...
- ასეა, მამასაც ჰქონდა ეს თვისება, ყველაფრის შენახვა უყვარდა, რაც მისთვის ფასეული იყო. მეც მიყვარს სამახსოვროდ ნივთების დატოვება და მათ სათუთად ვეპყრობი, თუმცა ვიცი, ზოგიერთისთვის ეს სიმძიმეა, ურჩევნიათ ყველაფერი მოიშორონ, აღარ შეხედონ, რადგან ეს ემოციურად ამძიმებთ.
როცა სცენაზე გავდივარ, მამიკოს რაღაც ნივთი აუცილებლად მაქვს, შეიძლება ეს იყოს ბეჭედი, საათი... ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვატარებ მის პიჯაკს, არაერთ ჟაკეტს, შარვალსაც კი. ასე თითქოს მასთან კავშირს ვგრძნობ, თან მგონია, რომ ძალას მაძლევს, მეხმარება.
- ამის საშულება რომ გქონდეთ, დღეს მამას რას ჰკითხავდით?
- მაქვს შეკითხვები, რომელსაც სიამოვნებით დავუსვმადი. არის თემები, რომლებზეც უნდა გველაპარაკა, მაგრამ არ მოხერხდა... ჩვენი სულიერი ურთიერთობა იდუმალი, დაფარული სფეროა. ზოგიერთ კითხვაზე პასუხებიც ვიცი, მაგრამ რას ვკითხავდი, ამის საჯაროდ თქმას მოვერიდები.
- მამის გარდაცვალების შემდეგ ახლობლებისგან მასზე რამე ისეთი თუ გაიგეთ, რაც მანამდე არ იცოდით?
- გუშინ მე და ჩემი შვილი დაბადების დღეზე ვიყავით და იქ ერთმა ადამიანმა მიამბო, მათი შვილის წვეულებაზე როგორი საოცარი წარმოდგენა გაუმართავს, ახალგაზრდები შოკში იყვნენო. უმღერია, ხალხი გაუხალისებია და, რა თქმა უნდა, ეს მეგობრულად გაუკეთებია. კეთილი, ხელგაშლილი იყო, უცნობების მიმართაც, მეგობრებთან ხომ იყო და იყო. მამას გარდაცვალების შემდეგ გავიგე, თურმე ძალიან ბევრს მატერიალურადაც ეხმარებოდა. ვინმეს თუ უჭირდა, ექიმი სჭირდებოდა, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მხარში ამოუდგებოდა და არა მხოლოდ რთულ პერიოდებში, ლხინშიც გვერდით დგომა იცოდა.
"ივერიაში" ხომ ყველა ეტაპზე საოცარი გარემო იყო, მათ ურთიერთობას მეგობრულიც აღარ ერქვა - ნამდვილი ოჯახის წევრებივით იყვნენ, ნათესაური კავშირებით, სითბოთი, შეხუმრებით, ერთმანეთის მხარდაჭერით... ეს ყველაფერი გამორჩეული ბედნიერების შეგრძნებით მახსენდება. ალექსანდრე ბასილაია რომ გარდაიცვალა, ყველასთვის დიდი დარტყმა იყო, დაობლდნენ... მამას ის ძალიან უყვარდა და უზომოდ განიცადა.
წელს მამას 80 წლის იუბილეა, გული მტკივა, ამ თარიღს რომ ვერ მოესწრო. მინდა კარგი საღამო ჩავატაროთ, ისეთი, როგორიც მამას ეკადრება და დიდი იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ. მჯერა, გაუხარდება იქ, სადაც არის.
თამუნა კვინიკაძე