ბიჭი ქართული დროშით - კვირის პალიტრა

ბიჭი ქართული დროშით

რამდენად გვიყვარს ქართველებს საკუთარი ქვეყანა? ეს, ალბათ, ის ისტორიული შეკითხვაა, რომელიც დროდადრო უფრო მწვავედ დაისმის, მათ შორის ჩვენს ეპოქაში, როცა არც ქვეყნისთვის ვიშურებთ აგრესიას და არც ერთმანეთისთვის, რის გამოც ხშირად ამ შეკითხვაზე პასუხიც არა გვაქვს... თუმცა ჩეხეთში მცხოვრები გარემოსდამცველი და გიდი გაგა მუმლაძე ხშირად წასწყდომია უცხოეთში მცხოვრებ გულანთებულ ქართველებსა და მათთან ერთად საქართველოსა და ქართველების მოყვარულ უცხოელებს იმ უამრავ ქვეყანაში, რომლებიც უკვე მოიარა საქართველოს დროშასთან ერთად.

- ტრადიციული კითხვით უნდა დავიწყო: ჩვენი ქვეყნიდან უმეტესობა უცხოეთში საარსებო სახსრის მოსაპოვებლად მიეგზავრება. თუმცა თავად სამშობლოში საინტერესო სამსახური და სხვა პერსპექტივაც ჰქონდა. რატომ წახვედი?

- ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ვმუშაობდი ტურიზმის დარგში, თუმცა 2019 წელს, ასე ვთქვათ, ყველაფერი აირია. სწორედ იმ დროს მოვიდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ჩეხეთიდან ჩეხი გოგონა 3-თვიანი სტუდენტური პროგრამით და ჩვენი სიყვარულისთვის, როგორც ჩანს, ეს დრო საკმარისზე მეტიც აღმოჩნდა. ერთ დღესაც ჩეხეთში მისი ოჯახის გასაცნობად ჩავედი. შემდეგ მოგვისწრო "კოვიდმა" თავისი­ განშორებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავუძელით და დავქორწინდით. მოვიძიე ჩეხეთში საგანმანათლებლო პროგრამები და აღმოჩნდა, რომ ჩეხეთს ქართველი სტუდენტებისთვისაც ჰქონდა სტიპენდიები. ასე ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამით პრაღის უნივერსიტეტში.

ჩვენი ქორწინების შემდეგ ჩემმა მეუღლემ გვარი შეიცვალა და ახლა მუმლაძეა. ასე რომ, ოჯახში უკვე სამი მუმლაძე ვართ. ჩემი ვაჟი თეოდორე 6 თვისაა.

პრაღის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ გარემოს დამცველის სპეციალობით ვმუშაობ. აქაურ ქართველებთან ერთად პატარა ტურისტული კომპანია გავხსენი. ტურების დროს პრაღაში საქართველოს დროშით დავდივარ. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის. ასე რომ, როდესაც ჩემს ქოლგაზე დამაგრებულ საქართველოს დროშას ხედავენ, ქართველებიც ადვილად მპოულობენ და უცხოელებიც. უცხოელები ხშირად იმიტომ მოდიან, რომ საქართველოს დროშა ამოიცნეს და სურთ საქართველოს მადლობა უთხრან, საქართველოში დაგროვილი ემოციები ამოთქვან და გამიზიარონ. ზოგმა მხოლოდ გამარჯობა და მადლობა იცის და ამ სიტყვებს მეძახის. იტალიელები სულაც კვარადონას ყვირიან, გიჟდებიან კვარასა და ქართულ დროშაზე.

მეამაყება, რომ ძალიან ბევრმა უცხოელმა იცის საქართველოს შესახებ და მასზე სიყვარულით ლაპარაკობენ. შეუძლებელია ყველა გავიხსენო, თუმცა ზოგიერთზე ვიტყვი. იმ დროს ლიტვაში ვმუშაობდი ეკოლოგიურ თემაზე, რიგის მთავარ მდინარე­ დაუგავაში აღებულ ნიმუშებს მიკროსკოპით ვიკვლევდი. მიკროსკოპში თავჩარგულს ზურგიდან ქართული ლაპარაკი მომესმა, შენ ხომ საქართველოდან ხარ, ბორჯომიდან, აპლიკაციაში ვნახე და ულამაზესი ადგილიაო. ისე გამაოცა მისმა ქართულმა, ვერ გავარკვიე, რა ხდებოდა, მე ხომ უცხო ქვეყანაში ვიყავი და ამ დროს თითქმის უაქცენტო ქართულით მელაპარაკებოდნენ! მოულოდნელობისაგან წამოვხტი. ასე გავიცანი ლატვიის განათლების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც მითხრა, შენი სასწავლო კურსი ჩვენი დაფინანსებულიაო. წარმატებაც ქართულად მისურვა და ქართულადვე მითხრა, პრაღის მაგისტრატურის შემდეგ დოქტორანტურაში­ აქ თუ მოისურვებ ჩამოსვლას, სტიპენდიას დაგინიშნავთო. ძალიან კარგი ქვეყანა გაქვთ და კარგები ხართ, დიდი სიყვარულით მომიკითხეო. ერთმაც ქართული დროშა შორიდან რომ დაინახა, მთხოვა, - შენთან­ ფოტო უნდა გადავიღო, იმდენად მიყვარს საქართველო, არ შემეძლო ქართული დროშისთვის გვერდი ამევლოო.

რუმინეთში ახალგაცნობილმა რუმინელმა მძღოლმა ჩვენი ქართველობის გამო გვაჩუქა კონიაკები და სახლამდეც მიგვიყვანა. ერთხელ ეგვიპტეში ბანანის გამყიდველმა რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, მგონი, ნახევრად სინანულითაც კი მითხრა, რომ მცოდნოდა, ისეთი მაღალი შესაძლებლობების ქვეყნიდან იყავი, როგორიც საქართველოა, ბანანს უფრო ძვირად მოგყიდდიო.

- ალბათ, ეს იმიჯი იმან შეაქმნევინა, რომ ბევრად მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვაქვს. თავად როგორ ფიქრობთ, როგორი ხალხი ვართ ქართველები სხვებთან შედარებით?

- ვიღაც გვჯობნის რიცხოვნობით, ეკონომიკით, კეთილდღეობით, მაგრამ ჩვენ მაინც გამორჩეულები ვართ, რადგან ჩვენი შინაგანი კულტურა მართლაც უიშვიათესია.

pragashi-sakartvelos-droshit-davdivar-1769980519.jpg

- ეგ შინაგანი კულტურა, ალბათ, ჩვენი ერის სიძველიდან გამომდინარეობს.

- ჩვენზე ძველი ხალხებიც არსებობენ, მაგრამ ასეთი შინაგანი კულტურა ვერ დავინახე. თავის მხრივ, ეს კულტურა აყალიბებდა ქართულ კულტურას და მისი საშუალებით ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროსთან. ეს პროცესი გრიგოლ რობაქიძეს ზუსტად აქვს აღწერილი, როდესაც "მრავალჟამიერზე" წერს: "მღერის ქართველი "მრავალ ჟამიერს" რაღაც წვალებით. აწვალებს რამე? ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გადასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი, შესაძლოა მეორე, შესაძლოა ორივეც. უდავო ის არის მხოლოდ, რომ ,,მრავალ ჟამიერს" ვერ გაექცევი".

და კიდევ ერთი: ხასიათის სხვადასხვაობის მიუხედავად, ქართველში არის ერთიანობის გრძნობა, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ სიტუაციაში გაიღვიძოს ან უბრალოდ თავი შეგვახსენოს, რაც წვრილმანებ­შიც აისახება ხოლმე. როდესაც ქართველები პრაღის ტურებში ჩამოდიან ჩემთან, უცნობ ადამიანთანაც კი ისე მოაქვთ თავისი წილი საქართველო, არავინ ავალებთ. ამაზე ვხუმრობ ხოლმე, ქართველები რა ხალხიც ვართ, ჩეხეთში ჩემს საკუჭნაოსაც ეტყობა-მეთქი. ჩემს საკუჭნაოში ეს "თავისი წილი საქართველო" ასე გამოიყურება; ყველი ბოსლევიდან, ზემო იმერეთის, ჩემი დედულეთიდან. ჩურჩხელა იმერული და კახური, საფერავი ერთ მხარეს, ქინძმარაული - მეორე მხარეს, მეგრული აჯიკა ხუთი სახის სიცხარის მიხედვით; ტყლაპი, სვანური მარილი, უცხო სუნელი და ქინძი ბლომად, ნიგოზი და მჭადის ფქვილი. ამათგან ბევრი ჩემი ძალიან ახლობლის, ოჯახის წევრების ჩამოტანილია, მაგრამ ბევრი სრულიად უცხო ქართველების.

- თავად ჩეხებს როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ?

- ჩეხებს სასტიკად არ უყვართ რუსები,­ საქართველოს მიმართ კი ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ. ხუთი წელიწადია აქ ვცხოვრობ და სადაც მითქვამს, რომ ქართველი ვარ, არ მახსოვს, იოტისოდენა ნეგატიური ემოცია, მხოლოდ გულწრფელი სითბო და სიყვარულია. ჩემი სამშობლო არასოდეს არსად მომიხსენიებია, როგორც უცხოეთში უწოდებენ, ჯორჯიად. როგორც გვქვია, ისე ვახსენებ - საქართველო! გული მწყდება, რომ ჩემი ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება ძალზე მძიმეა. განსხვავებულად იქცევა ევროპის არაერთი ქვეყანა და მათ შორის ჩეხეთი, რომელიც ბავშვს დაბადებისას საჩუქრად აძლევს თანხას, რაც საქართველოში დაახლოებით 45.000 ლარია. ეს საკმაო თანხაა ჩეხეთშიც, რომ ბავშვი 2 წლამდე უზრუნველყოფილი იყოს. თუკი ჩვენი ქვეყანაც ასე არ მოიქცევა, დემოგრაფია კიდევ უფრო დაგვიმძიმდება. რაც შემეხება მე, მე ვარ მესხი ქართველი, მესხეთში მაქვს მიწა და ვაზი, რომლის მიტოვებას არ ვაპირებ. ასე რომ, ჩემს მშობლიურ მიწაზე აუცილებლად დავბრუნდები.