"ინდოეთში ჩემი მშობლები პროფესორები არიან. 18 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედი და მაშინვე ქართულის შესწავლა დავიწყე" - რას ჰყვება ინდოელი სრა ჰო - კვირის პალიტრა

"ინდოეთში ჩემი მშობლები პროფესორები არიან. 18 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედი და მაშინვე ქართულის შესწავლა დავიწყე" - რას ჰყვება ინდოელი სრა ჰოსე

"18 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედი და მაშინვე ქართულის შესწავლა დავიწყე. განსაკუთრებულად მიყვარს აკაკი წერეთელის პიესები, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება", - ამბობს ინდოელი სრა ჰოსე, რომელმაც საქართველოში 6 წელი გაატარა, სრულყოფილად ისწავლა ქართული. საქართველო კი იმდენად შეუყვარდა, 13 წლის მერე კვლავაც ეწვია მონატრებულ ქვეყანას.

- კერალაში (სამხრეთი ინდოეთი) დავიბადე და გავიზარდე. ერთადერთი შვილი ვარ ოჯახში, ჩემი მშობლები პროფესორები არიან. კერალა ულამაზესია პილპილის, ვანილის, ჩაის, ყავის, კაკაოს, სუნელების სურნელით სავსე. ახლოს არის ზღვა და მთებიც. კერძო კათოლიკურ სკოლაში დავდიოდი. ხელოვნებითა და მუსიკით ვიყავი გატაცებული. ვსწავლობდი სამხრეთინდურ (კარნატიკი) მუსიკას როგორც სკოლაში, ისე მუსიკალურ სასწავლებელშიც. კონკურსებით მთელი სამხრეთი ინდოეთი მოვიარე. საქართველოში რომ ჩამოვედი, 18 წლის ვიყავი და მაშინვე დავიწყე ქართულის შესწავლა.

- რატომ გადაწყვიტეთ სასწავლებლად საქართველოში ჩამოსვლა?

- სკოლაში უმაღლესი განათლებისთვის კარიერული კონსულტაცია რომ მქონდა, საქართველოს შესახებ პირველად მაშინ გავიგე. ჩემთვის საქართველო თავიდანვე ძალიან საინტერესო იყო, რადგან ქართული უძველესი ენაა და თან ისეთი­ ენობრივი ოჯახიდან, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო. უნივერსიტეტში საბაზისო ქართულს ვსწავლობდით და ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა კარგად მესწავლა. ასე უფრო მარტივად ვურთიერთობდი ქართველ მეგობრებთან.

საქართველო შემოვიარე, ვიყავი კახეთში, იმერეთში, აჭარაში, ჯავახეთში. ძალიან მრავალფეროვანია საქართველოს ბუნება, ენა, ლიტერატურა, ხალხი... ნინო კრავეიშვილის ანსამბლში ვმღეროდი და ვცეკვავდი. ნინო დეიდა ჩემთვის დედასავითაა და ანსამბლიც ოჯახივითაა. "კავკასიურ სახლში" კონცერტები ხშირად გვქონდა. ქართული ცეკვებიდან „რაჭული მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცეკვის შესწავლა ძალიან რთული იყო ჩემთვის.

საქართველოში ვისწავლე და ახლა ინგლისშიც ხშირად ვამზადებ მურაბებს და კომპოტებს. ვიცი კუბდარის, საცივის, აჯაფსანდალის, ოჯახურის, ხაჭაპურის გაკეთება, მაგრამ ძალიან მიჭირს ხინკლის მოხვევა. უცხო სუნელსა და აჯიკას საქართველოდან მიგზავნიან, ხაჭაპურში კი იმერულ ყველს სხვა ყველით ვანაცვლებ.

- ინგლისში გადასვლა რატომ გადაწ­ყვიტეთ?

- საქართველოში ექვსი წელი ვცხოვრობდი, შემდეგ ინგლისში გადავედი. ლივერპულში ოჯახის ექიმი ვარ, მიხარია, რომ ბევრი ქართველი მეგობარი და პაციენტი მყავს.

- ამჯერად რატომ ეწვიეთ საქართველოს?

- 13 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა. ჩემი ქართველი მეგობრებიდან არავინ იცოდა, რომ მოვდიოდი. არასოდეს დამავიწყდება ნინო დეიდა როგორი გახარებული იყო, მოულოდნელად რომ ვეწვიე. ჩემი მონატრებული საქართველოთი და მეგობრების ნახვით ძალიან გავიხარე.