სკოლები მობილური ტელეფონების გარეშე! - მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის ხელშეწყობა თუ განათლების პროცესის მხარდაჭერის შეზღუდვა? - კვირის პალიტრა

სკოლები მობილური ტელეფონების გარეშე! - მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის ხელშეწყობა თუ განათლების პროცესის მხარდაჭერის შეზღუდვა?

რა შეიცვლება ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, თუკი სკოლებში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ? არის თუ არა ეს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის გარანტია? შექმნის თუ არა აკრძალვა დამატებით პრობლემას... კითხვები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა, ერთი მხრივ, გაჯეტდამოკიდებულების პრობლემა სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს, თუმცა, მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ციფრული უნარების განვითარების გარეშე ადამიანი დროის სვლას ფეხს ვერ აუწყობს.

საქსტატის“ 2025 წლის მონაცემებით, 6-დან 14 წლამდე ბავშვების 94.9% სმარტფონს იყენებს. 2019 წლის შემდეგ მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. ციფრული­ ტექნოლოგიების ჭარბი მოხმარება მოზარდებს საფრთხის წინაშე აყენებს, თუმცა­ განსაკუთრებით ბოლო დროს სკოლებში დამატებითი საგაკვეთილო რესურსების მიწოდება სწორედ მისი მეშვეობით ხდება. და მაინც, სად გადის ოქროს შუალედი და რა გამოსავალს გვთავაზობს ქართული რეალობისთვის განათლების სამინისტრო? როგორც ჩანს, უწყებამ საკითხის გადაწყვეტის რადიკალურ გზას მიმართა - მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ, აკრძალვა არა, თუმცა შეზღუდვა შეეხებათ მასწავლებლებსაც. განათლების სამინისტრო "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებითა და მოსწავლეთა ჩართულობის ხელშე­წყობით ხსნის. მეტიც, განმარტავს, რომ პედაგოგი, რომელიც ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ამით ის მოზარდებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება... მართალია, ამ დრომდე მობილური ტელეფონების აკრძალვას "ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არ ითვალისწინებდა, თუმცა ზოგიერთ სკოლაში არის მცდელობა მოსწავლეებს სმარტფონების სპეციალურ ყუთებში განთავსება სკოლის შინაგანაწესის ან საკუთარი სურვილის საფუძველზე­ დაავალდებულონ. პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ საკითხი დროთა განმავლობაში უმტკივნეულოდ გადაწყვიტა, ნაწილი­ კი არ მალავს, რომ მცდელობის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწია. გთავაზობთ,­ პედაგოგთა შეხედულებებს, რომლებიც მასწავლებლებმა "კვირის პალიტრას" გაუზიარეს.

გიორგი ხელაშვილი: - ტელეფონმა ბავშვები უარესად დააშტერა: გაკვეთილს ვერ ჰყვებიან, ვერ მსჯელობენ და ანალიზზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! ნურავინ დამიმტკიცებს, მე სასწავლო მიზნებით ვიყენებო... ცალსახად უნდა აიკრძალოს ტელეფონი სკოლაში... ის როგორია, რომ მოსწავლე წამოხტება გაკვეთილზე, - მასწ, დედა (მამა, დეიდა, ბიძა...) მირეკავს და გარეთ უნდა გავიდე, ვუპასუხოო. ამაზე რას იტყვიან ტელეფონის გაკვეთილზე არსებობის მოსურნენი? “

ნათია გურგენიძე: -„მე ხელოვნებას­ ვასწავლი. ხელოვნების გაკვეთილებზე ზოგჯერ საჭიროცაა მუსიკის თანხლებით პრაქტიკული დავალების შესრულება. თუ ტელეფონი არ იქნება, მაშინ სასურველია სკოლამ აღჭურვოს შესაბამისი ტექნიკით საკლასო ოთახები, რადგან მოსწავლეებზე­ დადებით ზეგავლენას ახდენს მსგავსი აქტივობები. ასევე ინტერნეტიც თუ იქნება და ჩემს ინტერნეტს არ დავხარჯავ მუსიკის მოსასმენად ან ელექტრონული რესურსებისთვის ამას რა სჯობია? სიმართლე გითხრათ, შეუძლებელიცაა მძიმეა პროექტორის გაკვეთილიდან გაკვეთილზე ტარება და დროც მიაქვს - სანამ შევაერთებ და სისტემა ჩაირთვება, გაკვეთილის მესამედი ლამის გასულია ხოლმე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სკოლაში 42 მასწავლებელი და 2 პროექტორია. ამიტომ სურვილიც აღარ მაქვს დავიტვირთო თავი და მარტივი რესურსებით შემოვიფარგლები ხოლმე.

mobiluri-b-h-1769980866.jpeg

ეთერი შავაძე: -„მე, როგორც დამრიგებელს, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის მობილური ტელეფონების ყუთში განთავსება, რადგან დილით ზოგი სპეციალურად აგვიანებდა, რომ არ ჩაედო ყუთში, ზოგიც მალავს და ამბობს, რომ არა აქვს, მერე კი აღმოჩნდება, რომ ჰქონია და ვართ ასე, ჟანდარმის როლში.

ეკა კვეზერელი: -„ტელეფონების არდადების მიზეზი მრავალია: ძვირფასია და გაიკაწრება, ჩანთაში აქვს (თუმცა ხელს როდის გააპარებს, ვინ იცის! 25-30 მოსწავლეზე კონცენტრაცია რთულია), ერთს დადებს, მეორეს იტოვებს...

ეთო რუბაშვილი: - ტელეფონების გარეშე მოსწავლეებმა მეტად გაიცნეს ერთმანეთი. საგაკვეთილო პროცესის პროდუქტიულობა გაიზარდა. კლასის საათის დროს მოსწავლეს ვკითხე: თუ იცნობ შენს მეგობარს? რა უყვარს რა მოსწონს-მეთქი? ვერაფერი მიპასუხა. თუმცა შემდეგ ამაზე დაფიქრდა და მომდევნო გაკვეთილზე ტელეფონი თავად ჩამაბარა.

ნანა სოლოღაშვილი: -„როცა დირე­ქტორი ვიყავი, მობილური ტელეფონების გამოყენება სკოლის შინაგანაწესით ავკრძალე. თუმცა ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს შენახული­ მობილური ტელეფონი და ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში, ამიტომ ცოდნის­ ხარისხიც დაბლა იწევს. მივესალმები, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც, საქართველოს სკოლაშიც მობილურების აკრძალვას!

ირა გოჩიტაშვილი: -„კატეგორიულად­ ვეწინააღმდეგები პედაგოგისთვის ტელეფონის ჩამორთმევას! მე ჟურნალის აპლიკაცია მაქვს და როგორც კი შევდივარ,­ ვაფიქსირებ გაცდენებს. ახლა ამიხსნას ვინმემ, ზეპირად დავიმახსოვრო, სია ჩამოვწერო თუ დამხმარე ავიყვანო, გაცდენები რომ დააფიქსიროს. სტატია შემხვდა, საფრანგეთის სკოლებში აიკრძალაო, მათ ტელეფონი არც სჭირდებათ, ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ. ჩვენ რომ ერთი უბედური პროექტორი გვაქვს, ინტერნეტს რომ ვერ ვიყენებთ ყველა კლასში (დაბალი სიჩქარის გამო), მითხარით, როგორ მოვიქცე?! ან იმაზე თუ დაფიქრდა­ ვინმე, მოსწავლეებს ზოგს 2-3 ტელეფონი რომ აქვს? გამოსავალი ტექნიკური ბაზის შექმნა და სკოლების აშენებაა, ვიდრე კარადების დამზადება. აბა, დაითვალეთ, რამდენი სკოლაა, თითოეულში რამდენი კლასია და რამდენი კარადა უნდა დამზადდეს. საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. თუ თითო სკოლისთვის შეძენილი იქნება ერთი კარადა, რომლის ღირებულებაა 200 ლარი, საერთო ხარჯი შეადგენს 458.400 ლარს. თუ თითო კლასში განთავსდება ერთი კარადა, საერთო ხარჯი მიაღწევს დაახლოებით 5.500.800 ლარს...

ჩვენ განათლების ანალიტიკოსებსაც ვესაუბრეთ. ისინი მობილური ტელეფონების მიღმა განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. თამუნა ზურაბაშვილი ერთ-ერთ ბარიერად სასკოლო რესურსების სიმწირეს ასახელებს:

- მოვიშველიებ ფინეთის გამოცდილებას, სადაც გასულ წელს ვიყავი საგანმანათლებლო ვიზიტით. ფინეთში მობილური ტელეფონი შეიზღუდა იმიტომ, რომ იქ ყველა კლასში არის პროექტორი, ინტერნეტი და კომპიუტერი. სანამ ჩვენს სკოლებში ეს ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება, რეგულაცია უნდა იყოს მოქნილი. მოსწავლეს მასწავლებლის ნებართვით უნდა ჰქონდეს უფლება მკაცრად რეგლამენტირებული დროით გამოიყენოს მობილური ტელეფონი საგაკვეთილო მიზნებისთვის. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა კლასში არა გვაქვს სხვა ტექნოლოგიური რესურსი, ხოლო კონკრეტული მასალის გასაგებად უკუკავშირისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, მრავალრიცხოვან კლასებში. ამდენად, აკრძალვა სასარგებლოა დისციპლინისთვის და ფოკუსისთვის, მაგრამ ის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს აკადემიური პროგრესისთვის.

ფინეთის მსგავსად სკოლაში მობილური­ ტელეფონების გამოყენება აკრძალულია­ სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საფრან­გეთში,­ დანიაში, იტალიასა და ნიდერ­ლან­დებში. თუმცა მართებულია თუ არა სხვა ქვეყნის გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგება, ამ კითხვაზე განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია გვპასუხობს:

- ძალიან მარტივია გარკვეული ელემენტი აიღო და თქვა, მოდი, გადმოვიტანოთ ჩვენს განათლების სისტემაში? მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. მაგალითად, თუკი შენი ქვეყნის სახელმძღვანელოები არ არის ისეთივე, როგორიც ინგლისში, თუკი დისციპლინის პრობლემა ნაკლებია ერთ ქვეყანაში,­ ვიდრე მეორეში, აკრძალვა სხვადასხვანაირად იმოქმედებს. ჩვენი მოსწავლეების პრობლემა მობილურ ტელეფონები კი არ არის, არამედ ის, რომ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არა აქვთ.

უნდა დავატრენინგოთ სკოლები, როგორ ხდება დისციპლინის მართვა, როგორ გავამრავალფეროვნოთ გაკვეთილები, როგორ უნდა დავსვათ მოსწავლეები ისე, რომ უკანა მერხზე მაგიდის ქვეშ მობილურებით არ ერთობოდნენ. აკრძალვა არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა. ჩვენ თუ ტექნოლოგიებს ვებრძვით, ტექნოლოგიაა კალმისტარიც და ფურცელიც და მათი აკრძალვაც შეიძლება, რადგან შესაძლოა ბავშვი გაკვეთილზე ხატავდეს.

მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვის საკითხი მხოლოდ საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილი არ არის. ის პირდაპირ უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალური ურთიერთობების ხარისხს. ფსიქოლოგი მაგდა კოტრიკაძე ყურადღებას ამახვილებს იმ შფოთვით რეაქციებზე, რომლებსაც მობილურ ტელეფონებზე დამოკიდებულება იწვევს.

-„ჩემი აზრით, ახალი რეგულაცია დროული და აუცილებელია. გაჯეტებზე თანაბარუფლებიანი წვდომის შეზღუდვა პირველ რიგში უსამართლობის განცდას შეამცირებს. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც უფრო მოხერხებული ახალგაზრდა ცდილობდა გაჯეტზე ხელმისაწვდომობას, ზოგიერთი კი ვერ იჩენდა ერთგვარ კრეატიულობას და რჩებოდა საგაკვეთილო პროცესში მის გარეშე. ზოგს თან ორი ტელეფონი დაჰქონდა და ზოგიერთი პედაგოგი­ მთელი გაკვეთილი ამ ინციდენტების მოკვლევითა და გამოძიებით იყო დაკავებული.

გაჯეტებზე დამოკიდებულება კოკაინზე დამოკიდებულების ტოლფასია. ჩნდება ქცევები, რომლებიც შფოთვად და დამოკიდებულებებად გადაიქცევა.

ნომოფობია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა, ეს არის შიში, რომ ტელეფონის გარეშე დავრჩებით;

ფუბინგი - როცა საუბრისას ადამიანი ყურადღებას ტელეფონს უთმობს და თანამოსაუბრესთან კონტაქტი წყდება, მოსაუბრისთვის კი ეს მესიჯია, რომ ტელეფონი შენზე მნიშვნელოვანია;

ფანტომური ვიბრაციის სინდრომი­ - ხშირად გვგონია, რომ თითქოს­ ტელეფონი ჯიბეში ზუზუნებს, მაგრამ არავინ რეკავს და არც მესიჯს გზავნის. ეს ჩვენი ტვინის რეაქციაა მუდმივ სიგნალებზე, იმდენად ვართ მიჩვეული, რომ "შეტყობინება მოვა", ტვინი ამას მაშინაც კი აღიქვამს, როცა არაფერი ხდება...

ფსიქოლოგი ნანა ალექსიძე განმარტავს, რომ ახსნის გარეშე დაწესებულმა აკრძალვამ შესაძლოა გააძლიეროს პროტესტი და არა პასუხისმგებლობა.

-„ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს,­ რა არის მობილური ტელეფონების გამო­ყენების შემაფერხებელი მხარეები და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მათ თავად თქვან უარი ამ აკრძალვაზე. ხანდახან მცირე აკრძალვები განმარტებითა და ახსნით აძლიერებს ქცევის კონტროლისა და პასუხისმგებლობის აღების უნარს. აკრძალვა აღზრდის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა როცა რაღაცას უბრალოდ მიკრძალავენ და არ მიხსნიან რატომ, ბუნებრივია, ჩნდება პროტესტი. ამდენად, სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვის საკითხი კომპლექსურია და მრავალმხრივი გააზრების საშუალებას იძლევა...

P.S. რამდენიმე თვეში საქართველოს საჯარო სკოლები მობილური ტელეფონების აკრძალვის წესით იმოქმედებენ. და მაინც, რა იქნება შედეგი? - პროდუქტიული გაკვეთილის მხარდაჭერა თუ პირიქით, განათლების პროცესის მხარდაჭერის შეზღუდვა? ამას დრო გვიჩვენებს.

მარიამ ბუკია