ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა... - ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა
კითხვაზე, რა არის სიცოცხლე, ყველას სხვადასხვაგვარი პასუხი გვაქვს. ჩვენთვის მოცემულ სიცოცხლის შეუფასებელ წლებსაც ყველა ისე ვიყენებთ, როგორც ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია და ვჩქარობთ, ბევრი რამ მოვასწროთ. თუმცა არის ხალხი, რომელიც წამებში გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი სხვისი სიკეთისთვის გაიღოს. ამას გმირობა ეწოდება და მისი ჩადენა ყველას არ შეუძლია. სამაგიეროდ, ეს ადამიანები იქცევიან დანარჩენებისთვის იმის მაგალითად, რომ არის რაღაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტი და ეს სულ უნდა გახსოვდეს!
ისე კი იმაზე მეტი გმირი არსებობს, ვიდრე წამოგვიდგენია. ისინი სიცოცხლეში უფრო მეტად სიჩუმეს ირჩევენ, ვიდრე ხმაურს. თავის წარმოჩენა არ უყვართ, კარგად იციან, რომ სამყაროს მხოლოდ ადამიანური ამბიციები არ მართავს. მეც სწორედ ამიტომ მგონია, რომ გმირის დაბადება არ უნდა გამოგვეპაროს. ამიტომ მორიგ გმირზე უნდა დავწერო, რომლის შესახებ, ალბათ, უფრო მის გვერდით მყოფებმა იციან.
გსმენიათ რაიმე ექიმ როსტომ შველიძეზე? ალბათ, ცოტას. მით უფრო ჩვენს ეპოქაში ექიმების დამსახურების აღნიშვნას მათივე კრიტიკას ვამჯობინებთ. ჰოდა, მინდა იცოდეთ, რომ დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში მუშაობდა. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი, საოპერაციო მაგიდაზე ხომ ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.
ამ შემთხვევის შესახებ მედიცინის მუშაკს ლამარა ნებიერიძეს ვესაუბრეთ.

- ახლახან გავიგე ექიმის შესახებ, რომელმაც ოპერაცია არ მიატოვა და რომ დაასრულა, იმავე წუთებში გარდაიცვალა. ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ ცუდად არის და მაინც გააგრძელოს მუშაობა?
- ბევრს არ ეგონა, რომ ეს შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენმა დიდმა ადამიანმა და ექიმმა ეს დაგვიმტკიცა. ექიმიც არის და ექიმიც. ისინიც ხომ განსხვავდებიან იმით, რამდენად ღრმად იციან თავიანთი საქმე.
როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.
ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა...
იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა.
- ყველაფერს მიხვდებოდა, მაგრამ უმძიმეს ოპერაციაზე იყო და არჩია თავის თავზე აეღო მისი დასრულების პასუხისმგებლობა, რადგან მას ჰქონდა ბიჭის გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი, ხუმრობა ხომ არ არის 8-საათიანი უმძიმესი ოპერცია.
ამას წინათ სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რომელიც ასევე ექიმია, წერდა, ყველაზე უცნაური ის არის, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ვამაყობ შენითო.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ მიეცა როსტომ შველიძეს ამქვეყნად ყოფნის ამდენად ცოტა დრო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი მისია უკვე აღასრულა, იმდენი გააკეთა და იმდენი სიყვარული წაიღო, ძალიან ბევრისთვის იქნებოდა საკმარისი. რაც მთავარია, ჩვენთვის ის გმირია, გმირად კი ამ ქვეყნიდან ძალიან ცოტა მიდის.