"სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph - კვირის პალიტრა

"სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში - „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი). პუბლიკაციაში ნეგატიურად არის შეფასებული რუსეთის არმიის დღევანდელი მდგომარეობა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რამდენადაც ვლადიმერ პუტინი თეატრალურად აცხადებს ერთკვირიან პაუზას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისადმი დარტყმების შეწყვეტაზე და ამისათვის ჯილდოდ დონალდ ტრამპის უადგილო ქება-დიდებას იმსახურებს, ჩვენ რაიმე ილუზიები არ უნდა გვქონდეს: პუტინი თანხმდება, შეწყვიტოს სამხედრო დანაშაულის ჩადენა მხოლოდ 7 დღით. ბუნებრივია, ეს არ არის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული სარდლის ჟესტი. ეს არის იმ ლიდერის ერთგვარი მანევრი, რომლის არმიაც განადგურების ზღურბლზე დგას.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლისუნარიანობას კარგავენ და ღრმა კრიზისში იმყოფებიან. არსებობს სანდო მონაცემები, რომ დაჭრილ პატიმრებს, რომლებთაც კიდურები არ აქვთ, ისევ ფრონტზე გზავნიან, რომ როგორმე ჯარისკაცების დანაკლისი შეავსონ. ზოგიერთებს პროთეზებიც კი არ აქვთ, ამიტომ წინახაზზე ბრძოლებში მონაწილეობას ყავარჯნებით მიიღებენ. ეს გამძლეობას და ამტანობას კი არა, სასოწარკვეთას და უიმედობას ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის არმიამ 1,5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობის რესურსებიდან „წვენი გამოწურა“, უფრო მეტიც - მან ჯარისკაცების ძებნა მთელ მსოფლიოში დაიწყო. კრემლმა „იყიდა და უკვე დახარჯა“ 15 ათასი ჩრდილოეთკორეელი მებრძოლი. რუსი ჟურნალისტების ბანდები მთელ აფრიკაში პროპაგანდას ეწევიან ადგილობრივ მოსახლეობაში, ბრძოლისუნარიანი მამაკაცების დასაქირავებლად. რუსეთის საპყრობილეები დაცარიელდა და ახლა უფეხოებსაც კი ისევ ბრძოლებში მონაწილეობას აიძულებენ. ნებისმიერი ადამიანისათვის - კაცისთვისაც და ქალისთვისაც, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს შრომისუნარიან ასაკს მიაღწიეს და ვისაც საერთოდ, ფეხზე დგომა და შაშხანის/ავტომატის ხელში დაჭერა შეუძლია, ეს დამაშინებელი რეალობა უნდა იყოს.

ასეთი მდგომარეობა ორ მნიშვნელოვან მომენტზე მიუთითებს.

პირველი - რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობას კარგავს. დამოუკიდებელი ანალიზი გვაჩვენებს, რომ რუსეთი წინ უფრო ნელა მიიწევს, ვიდრე - დასავლური არმიები, პირველ მსოფლიო ომის დროს, ცოცხალი ძალის თითქმის მსგავსი დანაკარგების პირობებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის 1%-ზე ცოტა მეტი ტერიტორიის დაკავებისას 500 ათასი მებრძოლი დაკარგა -მოკლულის სახით და ამჟამადაც დღეში 1000 ჯარისკაცამდე კარგავს. 2024 წლიდან რუსეთის არმია წინ მიიწევდა დღეში 15-70 მეტრით, რაც მისი სარდლობის ტაქტიკისა და ხელმძღვანელობის დაბალ დონეს მოწმობს. დონბასის ფრონტზე არსებულ სიტუაციას თუ 1917 წლის პაშენდაილისა და ვერდენის გაჭიანურებულ ბრძოლებს შევადარებთ, მათ ფონზეც კი, რუსეთის არმიის „კუს ნაბიჯით“ წინსვლა საომარი მოქმედებების ჩაშლად უნდა ჩაითვალოს.

რუსეთ-უკრაინის ომს დღეს გამომფიტველი ხასიათი აქვს, მისი ყველაზე უარესი გამოვლენით. კრემლი დაჭრილ ჯარისკაცებს „ტყვიის ერთჯერად დამჭერებად“ იყენებს, იმ იმედით, რომ უკრაინას ოდესმე საბრძოლო მასალები გამოელევა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ანუ დასავლეთი კიევს არ დავეხმარებით;

მეორე - ეს მოწმობს კრემლის მხრიდან სრულ გულგრილობას საკუთარი ხალხის მიმართ. იმ დროს, როცა ჩვეულებრივი რიგითი რუსები განიცდიან ინფლაციის საოცარ დონეს და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, მოსკოვი თავისი რესურსების ნარჩენებს რაკეტებსა და დრონებს ახმარს, რომ კიევი დაატეროროს, საკუთარ ხალხზე კი არ ზრუნავს. კრემლისათვის რუსეთის არმია, უბრალოდ, „საზარბაზნე ხორცია“. პატიმრებს და დაქირავებულ უცხოელებს კი უფრო ნაკლები ღირებულება აქვთ.

ირონია იმით გამოიხატება, რომ თუ ეს მართლაც რუსეთის არმიის დღევანდელი მდგომარეობაა, მაშინ უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების მცირე გაზრდაც კი მას გამარჯვებას მოუტანს.

ასევე დაგაინტერესებთ: ომის სამი სცენარი - უკრაინის კაპიტულაცია, რუსეთის ჩამოშლა თუ დაუსრულებელი ბრძოლები მოლაპარაკებების ფონზე?!

"ამერიკელებმა ტანკერ "მარინერას" ქართველი კაპიტანი ბრიტანეთიდან გაიყვანეს": ირღვევა თუ არა საქართველოს მოქალაქის უფლებები?! - რას წერს BBC

"უნცია ოქროს ფასმა პირველად ისტორიაში 5 ათას დოლარს გადააჭარბა: რატომ ძვირდება „კეთილშობილი“ ლითონი?" - BBC

საშიში "წინასწარმეტყველება": „მშვიდობის საბჭო" ერთდროულად აბსურდულიც არის და - სახიფათოც“ - The Independent

დიახ, ნებისმიერ პაუზას საომარ მოქმედებებში, თუნდაც ერთკვირიანს, აუცილებლად უნდა მივესალმოთ, თუ ის ნამდვილ პროგრესს ემსახურება. სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გრძელდება, მაგრამ მთავარი პრობლემის - ტერიტორიის საკითხის მოუგვარებლობა შეთანხმების დადებას აბრკოლებს. რუსეთი დონბასს მთლიანად ითხოვს, უკრაინა კი უარს აცხადებს და - სამართლიანადაც. კრემლს არ უნდა ვენდოთ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ახლაც კი, როცა დიპლომატები ერთმანეთს ხვდებიან, სადაზვერვო მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთი მორიგი შეტევისათვის ემზადება, რომელიც მოახლოებულ მკაცრ ყინვებზეა გათვლილი.

იმის გათვალისწინებით, თუ რა მცირე ტერიტორია დაიპყრო რუსეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, არ შეიძლება, რომ კრემლს უკრაინის ჯერ კიდევ დაუკავებელი ტერიტორია გადაეცეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ადრე ვარაუდობდნენ, რომ რუსეთს კიდევ 4 წელი დასჭირდება იმ ოლქების (ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის) ხელში ჩასაგდებად, რომელთა მიტაცებასაც ცდილობს. და ჩვენ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვალდიმერ პუტინი საერთაშორისო დამნაშავეა.

ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ რუსეთის არმია თავის კულმინაციურ წერტილს უახლოვდება. შესაბამისად, უკრაინამ მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოოს და არა - ცირკის გაწვრთნილი დათვივით კრემლის დაკრულზე იცეკვოს. სამწუხაროდ, ნატოს ევროპელი წევრები ჯერაც არ არიან ჩაბმულნი მოლაპარაკებაში, თუმცა ვაშინგტონი მათგან სულ უფრო მეტს ითხოვს - „დაეხმარეთ უკრაინას!“.

გასულ კვირაში ბევრი იმედგაცრუება მოხდა, მაგრამ ამჟამად, როცა ვლადიმერ პუტინს ხალხი - ცოცხალი ძალა - სწრაფად ელევა, დგება მომენტი, რომ უკრაინამ რუსეთზე ზეწოლა გაამკაცროს. დონალდ ტრამპს აქვს ისტორიული შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი ზეწოლას სწორედ იქ განახორციელებს, სადაც საჭიროა - პუტინზე, რომელსაც ამ ომის შეწყვეტა შეუძლია და არა - ზელენსკიზე, რომელსაც ომის დასრულების შესაძლებლობა არ აქვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო