ილონ მასკმა პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე „შეუზღუდა“ - კვირის პალიტრა

ილონ მასკმა პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე „შეუზღუდა“

„გამომიყენეთ კიდევ, თუ რამეში ისევ დაგჭირდით“-ასე უპასუხა სოციალური ქსელის საშუალებით ილონ მასკმა უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს მიხაილ ფიოდოროვს მას შემდეგ, რაც პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე 90 კმ/სთ-მდე „შეუმცირა“ „სტარლინკის“ მეპატრონემ...

27 იანვარს, ამავე ბლოგის სტატიაში „რუსული "გერანების" ნავარდი კიევის ცენტრში ანუ როგორ ეხმარება ილონ მასკი თავისდაუნებურად პუტინს უკრაინის წერტილოვან დაბომბვებში“, ვწერდით:„...როგორც აღმოჩნდა, რუს ოკუპანტებს „გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონებზე დაუმონტაჟებიათ ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ანტენები, რაც მათ უზუსტესი საჰაერო დარტყმის უნარს ანიჭებს...

თავდაპირველად, ამ ომის პირველი ეტაპიდან რუსეთი იყენებდა ირანში ნაყიდ „შაჰიდ-136“-ებს, შემდეგ მათ კლონებს „გერან-2“-ებს, რომელთა მართვის სისტემა მოიცავდა ინერციულ და GPS სისტემებს ანუ სტარტაღებული „შაჰიდი/გერანი“ უკრაინაში სამიზნემდე მიფრინავდა ინერციული სისტემის დახმარებით, რომელიც ფრენის მარშრუტზე აგროვებდა ცდომილებას, რომლის გამოსწორებას ახდენდა GPS სისტემის დრო და დრო ჩართვა,რის შედეგადაც ეს რუსული კამიკაძე-დრონი უძრავ სამიზნეზე(რომლის კოორდინატები სტარტამდე იყო შეყვანილი დრონის მართვის სისტემის მეხსიერებაში) ათიოდე მეტრი სიზუსტით გადიოდა.

ომის შემდგომ ეტაპზე უკრაინელმა სამხედროებმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების უფრო ფართოდ გამოყენების შედეგად მიაღწიეს „გერანების“ GPS სისტემების მეტ-ნაკლებად ჩახშობას უკრაინული ქალაქების სიახლოვეს და, შესაბამისად, ამ რუსულ კამიკაძე-დრონებს გაუჭირდათ მიზნების ზუსტად დაზიანება, რადგან მართვის ინერციული სისტემა არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით და უფრო მეტ ცდომილებას აგროვებს, რაც უფრო შორ მანძილზე მიფრინავს.

1-star-1770030928.png
ილონ მასკის „სტარლინკის“ ტერმინალებს უკრაინის არმია აქტიურად იყენებს ამ ომში და არანაირად არ სურს, რომ რუსმა ოკუპანტებმაც იგივე გააკეთონ...

თითქოს რუსული „შაჰიდ/გერანებისგან“ მომდინარე საფრთხის დონე უკრაინელმა სამხედროებმა შეამცირეს და მშვიდობიანმა მოსახლეობამაც ცოტათი ამოისუნთქა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიმჩნევა, რომ რუსული კამიკაძე-დრონების თავდასხმები ბევრად უფრო ზუსტი გახდა და თანაც არა მარტო უძრავი სამიზნეების მიმართ - რუსულმა „გერანებმა“ მოძრავი სამიზნეების - სარკინიგზო შემადგენლობებისა და თვით ცალკეული ავტომობილების ზუსტი აფეთქებებიც კი დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ GPS სისტემების ჩახშობა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაძლიერდა...

მოძრავ სამიზნეზე დრონის ზუსტად „გასვლა“ კი იმას მიანიშნებს, რომ ამ „გერანს“ ოპერატორი „ლაივ“ რეჟიმში მართავს და ამხელა „გერანი“, ფაქტობრივად, იმ მინიატურულ FPV-დრონად გადაიქცა, რომლებსაც ფრონტის ხაზზე ათასობით იყენებენ მებრძოლი მხარეები.

...ჩამოგდებულ „გერანზე“ აღმოაჩინეს „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ანტენები...ილონ მასკის „სტარლინკის“ სისტემით აღჭურვილი რუსული „გერანებისა“ და სხვა ტიპის კამიკაძე-დრონების მომრავლება უკრაინის ცაში კიდევ ერთ დიდ საფრთხეს ქმნის, აგრესორ რუსეთთან ისედაც ასეთ უთანასწორო ომში მყოფი უკრაინისთვის...“

2-star-1770030965.jpg
ჩამოგდებული რუსული დრონი,რომელზეც ილონ მასკის „სტარლინკის“ ტერმინალის მართკუთხედი ფორმის ანტენა იყო დამონტაჟებული...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ღიად მიმართა ილონ მასკს თხოვნით, რომ დაებლოკა რუსული კამიკაძე-დრონების მიერ უკრაინის ცაში „სტარლინკის“ გამოყენება.ტექნიკურად ამის განხორციელება ილონ მასკს ძალიან ადვილად შეეძლო, თუკი საერთოდ გათიშავდა „სტარლინკის“ თანამგზავრულ კავშირს უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აქვს გაკეთებული, მაგრამ მაშინ სრულად მოიშლებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვა ფრონტის ხაზზე და ზურგშიც, რადგან უკრაინელი სამხედროები ძალზე ფართოდ იყენებენ „სტარლინკის“ სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ: რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...

კიდევ რამდენ ღამეს გაუწევს ანგარიშს ტრამპის თხოვნას პუტინი და არ დაარტყამს უკრაინულ თბოელექტროსადგურებს?

როდის დაიწყება ახალი დიდი ომი?! - როდის გასცემს ტრამპი ირანზე დარტყმის ბრძანებას და რეალურად, რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს

ციდან "ჩამოხსნილი" მორიგი რუსული „იხვნისკარტა“ და აეროდრომებზე აფეთქებული კიდევ 15 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი

დროებითი გამოსავალს ილონ მასკმა შემდეგში მიაგნო -„სტარლინკის“ ნებისმიერი მობილური ტერმინალი, რომელიც უკრაინის ცაში, მიწაზე თუ წყალზე 90 კმ/სთ სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდება, ის ორიოდე წუთში ავტომატურად გაითიშება...რატომ შეუზღუდა მასკმა თავის „სტარლინკს“ მაინცდამიანც 90 კმ/სთ - მდე გადაადგილების სიჩქარე? უკრაინელი სამხედროების ავტომობილები და მით უმეტეს ბორბლებიანი ჯავშანმანქანები( რომ აღარაფერი ვთქვათ მუხლუხებიან საბრძოლო ტექნიკაზე), რომლებზეც „სტარლინკის“ ტერმინალებია დამონტაჟებული,ამ სიჩქარესაც ვერ განავითარებენ ჭურვებითა და ბომბებით გადათხრილ ფრონტისპირა გზებზე და მათ „სტარლინკი“ არ გაეთიშებათ...სამაგიეროდ, რუსული კამიკაძე-დრონები „გერანები“, რომლებზეც კონტრაბანდულად ნაშოვნი „სტარლინკის“ ანტენებია დამონტაჟებული, უკრაინის ცაში 90 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით უბრალოდ ვეღარ იფრენენ, ჩამოვარდებიან...მაგრამ, ეს დროებითი ორიგინალური გადაწვეტილება, რომ როგორმე აღკვეთონ „სტარლინკით“ აღჭურვილი რუსული „გერანების“ უზუსტესი საჰაერო დარტყმები უკრაინის მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე უარყოფითად იმოქმედებს თავად უკრაინელების იმ კამიკაძე-დრონებზეც, რომლებიც სტარტს უკრაინის მიწიდან იღებენ და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიფრინავენ. ამიტომაც,უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იწყებს უკრაინაში მოქმედი „სტარლინკის“ ყველა ტერმინალის ოფიციალურ აღრიცხვას, რომელთა საიდენტიფიკაციო კოდები ე.წ. თეთრ სიაში შევა და მათი ავტომატური გათიშვა არ მოხდება 90 კმ-სთ-ზე უფრო სწრაფად გადაადგილების შემთხვევაში, ხოლო „სტარლინკის“ ის ანტენები, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სხვა ქვეყნებიდან კონტრაბანდულად შეიტანეს რუსეთში, აღმოჩნდებიან „შავ სიაში“ და მათი მუშაობა ავტომატურად დაიბლოკება უკრაინის ტერიტორიაზე...