რას პასუხობს მიხეილ მაჭავარიანის ვაჟი კრიტიკოსებს? - "მამას დიდად არ უნდოდა, რომ პოლიტიკაში ვყოფილიყავი"
ის ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და ყველაფერი იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელშიც ახალგაზრდა მის პოლიტიკურ ხედვაზე ლაპარაკობს და როგორც ხელისუფლებას, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს. "ქვეყანა წინ რომ წავიდეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - ამბობს ის და ოპონენტებმაც არ დააყოვნეს, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შესაძლებლობა არ გაუშვეს ხელიდან და ახალგაზრდა პოლიტიკოსს შეუტიეს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ ბატალიებში ვადო მაჭავარიანს მამა მიხეილ მაჭავარიანი გაუხსენეს და მის პოლიტიკურ წარსულზე პასუხს შვილს სთხოვდნენ.
"იმის გამო, რომ ვფიქრობ, ამ ყველაფრის სახელის არდარქმევით წინ ვერ წავალთ, წითლები მეძახიან "ქოცს", ხოლო იმ სიმართლის გამო, რომ ამ რეჟიმს ვებრძვი სუფთად, უანგაროდ და მიმაჩნია, რომ ის ანტიქართულია, ლურჯები მიძახიან "ნაცს". ჩვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ორ ნაწილად, ორფერად დაყოფა და ახალს მიეცეს გასაქანი. ამ ქვეყანაში ვართ ხალხი, ვინც მზად ვართ მოვიდეთ იმისთვის, რომ ეს 30-წლიანი სიბინძურე ქართულ პოლიტიკაში დავამთავროთ“, - ამბობს და აქვს ამბიცია პოლიტიკური მოძრაობის "სართული - ახალი თაობის ძალა" ლიდერს ვადო მაჭავარიანს, რომელიც საუბარს მის "უჩვეულებრივეს“ ბავშვობაზე თხრობით იწყებს.
"მშობლებმა მაჩუქეს ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება“
2001 წელს დავიბადე და გავიზარდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ბებია-ბაბუის დანატოვარ ისტორიულ სახლში. მაბედნიერებს, რომ დიდი და ლამაზი ოჯახი მყავს. მიუხედავად იმისა, მამა თანამდებობებზე იყო, არასდროს და არაფრით მიგრძნია, რომ ვინმეზე პრივილეგირებული და რამით გამორჩეული ბავშვი ვიყავი, უჩვეულებრივესი ბავშვობა მქონდა. მქონდა ის სათამაშო, რაც სხვას და სხვაზე მეტი - არაფერი. ჩემს ოჯახს არ ახასიათებდა სამთავრობო აგარაკებზე დასვენება, სულ ვიყავი იმ ადამიანების და მეგობრების გარემოცვაში, რომლებიც ჩემით შევიძინე, ვიყავი თავისუფალი და არ ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ, ხელოვნურ გარემოში. თავდაპირველად სულაკაურის სკოლაში შევედი დიდუბეში, მერე გადავედი "მწვანე სკოლაში“, სადაც კარგი გარემო იყო. ბევრი მეგობარი შევიძინე, დღემდე რომ შემრჩა, ისეთი. მადლობა, ღმერთს, მშობლები არასდროს არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ სულ ცდილობდნენ, მიწაზე მყარად ვმდგარიყავი და ღრუბლებში არ მეფრინა. ვრცლად