თვითმფრინავის ბიჭების საქმე: უცნობი დეტალები - როგორ დაათრო იგორ გიორგაძემ საიდუმლო სპეცრაზმ "ალფას" წევრები - კვირის პალიტრა

"თვითმფრინავის ბიჭების" საქმე: უცნობი დეტალები - როგორ დაათრო იგორ გიორგაძემ საიდუმლო სპეცრაზმ "ალფას" წევრები

ყველა სპეცსამსახური რთული ორგანიზაციაა, სადაც მკაცრადაა განაწილებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი, იმიტომ, რომ გადასაწყვეტი ამოცანების მრავალფეროვნებიდან და სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია ოპერატიული შემადგენლობის სპეციალიზაცია კონკრეტული, ძალზე ხშირად - უნიკალური ოპერაციების შესასრულებელად. ეს პრინციპული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ვრცელდებოდა საბჭოთა სპეცსამსახურებზეც.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სტრუქტურაში 1-ელი (დაზვერვა), მე-2 ( კონტრდაზვერვა), მე-3 (სამხედრო კონტრდაზვერვა), მე-4 (ტრანსპორტზე უშიშროების უზრუნველყოფა), მე-5 (იდეოლოგიური), მე-6 (ეკონომიკური უშიშროება), მე-7 (გარეთვალთვალი), მე-8 (შიფრ-კოდირება), ოპერატიული ტექნიკის და სხვა ფუნქციონალურ-ტერიტორიულ დანაყოფებთან ერთად მოქმედებდა მე-9 სამმართველო (ე.წ. სამთავრობო დაცვა), რომლის ძირითადი ფუნქცია უმაღლესი რანგის საბჭოთა პარტიულ-სამეურნეო მუშაკებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა იყო. საინტერესოა, რომ მე-9 სამმართველო არ ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების დაცვას, რადგანაც საბჭოთა ხელისუფლებისთვის ამ ობიექტების „დაცვა“ რეალურად ნიშნავდა უცხოელი დიპლომატების მიერ დაკავებული სამუშაო და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ოპერატიული ტექნიკით კონტროლს. ხოლო თავად უცხო ქვეყნების დიპლომატები განიხილებოდნენ, როგორც პოტენციური სადაზვერვო ობიექტები და მათ წინააღმდეგ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები: თვალთვალი; მოსმენა; მათი კონტაქტების დაფიქსირება, შესწავლა და ანალიზი. ეს აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური ოპერაციები სცილდებოდა მე-9 სამმართველოს შესაძლებლობებს.

ამიტომ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს, დიპლომატიური კორპუსის „დაცვას“, ფაქტობრივად კი მათ თვალთვალ/ მეთვალყურეობას, კონტრდაზვერვის ჯერ მე-13, შემდეგ კი მე-10 განყოფილება აწარმოებდა. 1960 წლის დასაწყისში კი ეს ფუნქციები კა-გე-ბეს მე-7 სამმართველოს გადაეცა, სადაც შეიქმნა მე-5 განყოფილება: ოფიციალურად საბჭოთა კავშირში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დასაცავად, რეალურად კი - მათი ოპერატიული დამუშავებისთვის. სწორედ ამ განყოფილებაში, 1974 წლის 29 ივლისს ჩამოყალიბდა ჯგუფი „ა“ (შემდგომში „ალფად“ მონათლული), რომელიც უშუალოდ კა-გე-ბეს თავმჯდომარეს დაქვემდებარებაში იყო.

ჯგუფის პირადი შემადგენლობა (პირველ ეტაპზე 30 კაცი) დაკომპლექტდა მოსკოვში მცხოვრები კა-გე-ბეს ოფიცრებისგან, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ სამწლიანი ოპერატიული მუშაობის გამოცდილება და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ვარგისი იყვნენ კოსმოსური ფრენებისთვისაც კი. პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების დროს დიდი ყურადღება ექცეოდა მათ ფსიქოლოგიურ შესწავლას. ამ მიზნით, „ალფას“ წევრობის კანდიდატები სპეციალურ ფსიქოლოგიურ შემოწმება/ტესტირებას გადიოდნენ საიდუმლო „ლაბორატორია #30“-ში.

კა-გე-ბეს თავმჯდომარის, იური ანდროპოვის 1975 წლის 25 ივნისის სრულიად საიდუმლო #0061 ბრძანებით, ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ოპერატიული ტექნიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შემადგენლობაში შეიქმნა საიდუმლო „ლაბორატორია # 30 („ფსიქოფიზიოლოგიისა და კორექციის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორია“).

picture5-1770101134.jpg

სწორედ იქ დაიწყეს მსოფლიოში უკვე ფართოდ აპრობირებული, თუმცა საბჭოთა კავშირში მანამდე ტაბუდადებული „სიცრუის დეტექტორის“ (პოლიგრაფის) პრაქტიკული გამოყენების საკითხების დამუშავება. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი მაიორი იური აზაროვი გახლდათ. მის ლაბორატორიაში ტარდებოდა კანდიდატების ვარგისიანობის შესწავლა, შემდეგ კი „ალფას“ თითოეული წევრისთვის ადგენდნენ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, სადაც მითითებული იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, შემდგომი ფსიქოკორექციის რეზერვები, რაც მიზნად ისახავდა ნებისმიერ საგანგებო სიტუაციასთან „ალფას“ წევრების ოპტიმალურ ადაპტაციას.

iuri-azarovi-1770101154.jpg

იური აზაროვი (1931-2006)

1970-იანი წლების ბოლოს მაიორი იური აზაროვი პირადად უტარებდა „ალფას“ წევრობის კანდიდატებს „პოლიგრაფზე“ შემოწმებას. ასე რომ, საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, „ალფას“ ფსიქოლოგიური ადაპტაციის საკითხებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რისი მიზეზიც შემდეგი გარემოება გახლდათ: „ალფას“ ფუნქციები თავიდანვე ძალზე ფართო იყო - დიპლომატიური კორპუსის „დაცვა“, სტრატეგიულ ობიექტებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე ტერორისტული და დივერსიული ქმედებების თავიდან აცილება, ტერორისტების განეიტრალება და ა.შ.

ამ კეთილშობილურ მიზნებს მიღმა კი მთავარი იმალებოდა: „ალფა“ ის სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფი უნდა ყოფილიყო, ერთგვარი საბჭოთა „კომანდოსი“, რომელიც თვითმფრინავის გამტაცებლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებასთან ერთად, სათანადო ბრძანების შემთხვევაში, თავადაც შეძლებდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის გატაცებას ან რომელიმე სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაციას. ამიტომ იყო „შავ-თეთრი“ საქმეებისთვის შექმნილი „ალფას“ არსებობა გასაიდუმლოებული და მხოლოდ 1991 წლის „აგვისტოს პუტჩის“ დამარცხების შემდეგ აეხადა ფარდა ბევრ უცნობ ფაქტს. ამჟამად არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია ვისაუბროთ 1974-1991 წლებში საქართველოში „ალფას“ მიერ ჩატარებულ ოთხ სპეცოპერაციაზე.

genadi-zaicevi-1770101172.jpg

მარცხნიდან პირველი: 1977-1988 წლებში „ალფას“ მეთაური პოლკოვნიკი გენადი ზაიცევი.

1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში თვითმფრინავის გატაცების ისტორია და შემდეგ განვითარებული მოვლენები ვფიქრობ, კარგადაა ცნობილი. გამტაცებლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სწორედ „ალფამ“ ჩაატარა. დღეს მკითხველს იმ დეტალებს გავაცნობ, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის სიახლე იყოს.

ინფორმაცია თვითმფრინავის გატაცების შესახებ მოსკოვში ჩვენი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მიიღეს და 23:00 საათზე „ალფას“ 38 ოფიცერი, პოლკოვნიკ გენადი ზაიცევის მეთაურობით, თბილისში ჩამოფრინდა. მათთან ერთად იმყოფებოდა კა-გე-ბეს თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ პიროჟკოვი. მძევლების გათავისუფლების ოპერაციის „ოპერატიულ შტაბად“ თბილისის აეროპორტის ე.წ. VIP-ზონა იქცა, სადაც იმყოფებოდნენ: ვ. პიროჟკოვი, საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ა. ინაური, „ალფას“ მეთაური პოლკოვნიკი გენადი ზაიცევი და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ე. შევარდნაძე. ალექსი ინაურის ბრძანებით, „შტაბსა“ და „ალფას“ შორის მეკავშირის ფუნქციას საქართველოს სსრ კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, მაიორი იგორ გიორგაძე ასრულებდა. საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1983-1985 წლებში, ვლადიმერ კაზმინი თვითმფრინავის გვერდით, ოპერატიულ მანქანაში იმყოფებოდა და ვითარების განვითარების შესახებ ინფორმაციას რაციით ი. გიორგაძეს გადასცემდა, ის კი, თავის მხრივ, ოპერატიულ შტაბს ატყობინებდა.

eduard-shevardnaze-1770101186.jpg

ედუარდ შევარდნაძე ესაუბრება „ალფას“ წევრებს. თბილისის აეროპორტი, 1983 წლის 19 ნოემბერი.

საბჭოთა „ჩეკისტებმა“ შეძლეს მოსასმენი მოწყობილობის თვითმფრინავში ფარულად ატანის ორგანიზება. კერძოდ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან მოტანილ სამედიცინო ჩანთაში, რომელშიც მედიკამენტები და სახვევები იყო, საქართველოს სსრ სუკ-ის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ჟუჩოკი“ დაამონტაჟა და თვითმფრინავის ბორტზე მიმდინარე საუბრებს „ოპერატიული შტაბში“ უსმენდნენ. თვითმფრინავის შტურმი 19 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყო და სულ რამდენიმე წუთს გასტანა.

ასევე დაგაინტერესებთ: შევარდნაძის დაკითხვის ოქმი: თვითმფრინავის ბიჭების საქმე - დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი წლების განმავლობაში მალავდა

ზვიად გამსახურდიას მთავარი შეცდომა და კითხვა წარსულიდან: რას აკეთებდნენ თბილისში გასაიდუმლოებული სპეცრაზმ "ალფას" წევრები?!

"ზვიად გამსახურდიამ ქართველი ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა" - როგორ უახლოვდებოდა საქართველოს დიდი უბედურება

"საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. კა-გე-ბე?" - რატომ იცავდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს რუსი მილიციელები?!

picture1-1770101204.jpg

„ალფას“ ამ შემადგენლობიდან ბევრი მონაწილეობდა 1983 წლის 19 ნოემბრის სპეცოპერაციაში: მარცხნიდან პირველი ვიქტორ კარპუხინი („ალფას“ მეთაური 1988-1991 წლებში), ცენტრში - გენადი ზაიცევი („ალფას“ მეთაური 1977-1988 წლებში).

ამ ტრაგედიის უმძიმესი შედეგები კარგადაა ცნობილი და აღარ შეგახსენებთ. იმას კი მოგითხრობთ, თუ რა ზეიმი და მხიარულება სუფევდა რუსი და ქართველი „ჩეკისტების“ ბანკეტზე, რომელიც 1983 წლის 19 ნოემბერს გაიმართა. იმ მოვლენების უშუალო მონაწილე, მომავალი უშიშროების მინისტრი და „კომანდორი“ იგორ გიორგაძე, რუსულ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამგვარად იხსენებდა იმ, ვისთვის საბედისწერო და ვისთვის საზეიმო დღეს: „ როდესაც შეტევა დასრულდა, ა. ინაურმა დამიძახა და ქართულად, ალბათ იმიტომ, რომ გენადი ზაიცევსა და ვლადიმერ პიროჟკოვს მისი ბრძანება არ შეეცვალათ, მითხრა: „იგორ, წაიყვანე ბიჭები, აჭამე, აჩვენე ქალაქი და კრწანისში 14:00 საათზე იყავით. მაგრამ ყველა ფხიზელი იყოს!“ (ციტატის დასასრული).

თუმცა, როგორც ირკვევა, მომავალმა „კომანდორმა“ არ შეასრულა ინაურის ბრძანება და „ალფას“ წევრებს „ბორჯომის“ ბოთლებში ჩასხმული ჭაჭა ასვა. ამის შემდეგ „მოსკოველი სტუმრები“ ავტობუსით თბილისის დასათვალიერებლად წაიყვანა. თავად ი. გიორგაძე იხსენებს: „...აღფრთოვანების მოზღვავება ვიგრძენი, როდესაც ბიჭებს ქალაქს ვაჩვენებდი და ყოველ მეორე წინადადებაში ხუმრობებსა და ანეკდოტებს ვუყვებოდი... მოკლედ, ბიჭები მთელი ტურის განმავლობაში სიცილს ვერ იკავებდნენ. მე კი მათ ვუყურებდი, ვამაყობდი მათით და იმით, რომ ნამდვილი პროფესიონალების საზოგადოებას ვეკუთვნოდით“ (ციტატის დასასრული).

ამგვარი სიცილ-კისკისით მიიყვანა ი. გიორგაძემ „ალფას“ ოფიცრები კრწანისში, მთავრობის რეზიდენციაში, საზეიმო ბანკეტზე. შესასვლელში, თურმე, თავად ა. ინაური იდგა, „მოსკოველ სტუმრებს“ ხელს ართმევდა და მადლობას უხდიდა. სუფრასაც ინაური თამადობდა: ჯერ ჭაჭა დაალევინა უკვე კარგად შებუჟბუჟებულ „ალფელებს“, მერე კი ქართული ღვინის დაგემოვნება ურჩია. მალე „ჩეკისტების“ საზეიმო ბანკეტზე ისეთი ღრიანცელი და ალიაქოთი ატყდა, რომ თამადამ სუფრა მალევე დაასრულა. გაცილებისას სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები და ჭაჭით სავსე ქართულორნამენტიანი დოქები გადასცეს, ალბათ, თვითმფრინავშიც რომ გაეგრძელებინათ ზეიმი. ასე დასრულდა „ალფას“ პირველი ოფიციალური „სტუმრობა“ საქართველოში. 1983 წლის 19 ნოემბერი კი ზოგისთვის ზეიმის, ხოლო ზოგისთვის - დიდი ტრაგედიის დღედ იქცა.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)