"ქართულ პოლიტიკაში „შავი ფული“ ნამდვილად ტრიალებს და ამ „შავ ფულს“ ატრიალებს ქართული ოცნება“ - დიმიტრი ცქიტიშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო სექტორის არსებობის ეშინია, რადგან დემოკრატიული ინსტიტუტის არსებობა მათ ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხეს უქმნის“. დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „გრანტების შესახებ“ და კიდევ რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის განსხვავებით, ე.წ. შავ ფულს სწორედ ხელისუფლება ატრიალებს.
„ქართულ პოლიტიკაში „შავი ფული“ ტრიალებს და „შავ ფულს“ ატრიალებს ქართული ოცნება“, ეს ცალსახაა. NGO სექტორის ფული შავი არასდროს ყოფილა. სამოქალაქო სექტორის დაფინანსება იყო არა რომელიმე კონკრეტული დონორის ინიციატივა, არამედ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველი საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის შეთანხმებების საფუძველზე. ლეგალურად მუშაობდა ყველა სუბიექტი და დონორებიც ეფუძნებოდნენ იმ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც მათ შორის ამ კანონზე მაღლა დგას. ისინი ხომ არ იტყვიან, რეპრესიულია ეს კანონპროექტიო, მაგრამ, ცალსახაა, მათ ეშინიათ სამოქალაქო სექტორის არსებობის. დემოკრატიული ინსტიტუტის არსებობა მათ ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი განმარტებით, სამოქალაქო სექტორის ან თუნდაც კრიტიკული მედიის ფუნქცია ის არის, რომ გამოავლინოს ცალკეულ ხარვეზებზე მთავრობის ქმედებები და დაიწყოს კრიტიკა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში ერევა? პოლიტიკაში კი არ ერევა, პოლიტიკის ნაწილია სამოქალაქო სექტორი, არა პარტიული, არამედ პოლიტიკის ნაწილია და ამას თუ კრძალავ, ეს უკვე რეპრესიაა. ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ გამორიცხავ დემოკრატიული სისტემიდან დემოკრატიულ ინსტიტუტს, ისევე, როგორც გამორიცხეს ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მან Amnesty International-ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს, რის გამოც პარლამენტმა მის მიღება უარი უნდა თქვას“. დიმიტრი ცქიტიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მსგავს მოწოდებებს გაითვალისწინებს.
„მათ განცხადებებს „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს, ეს შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ. პარლამენტში კითხვებიც კი არ ჩნდება, საუბრის ფუნქცია აქვს დაკარგული და კანტორასავით ფორმალურად იღებენ კანონებს. რეალურად, იქ არავითარი დისკუსია არ არსებობს. პირველ რიგში, დებატები მანდ უნდა იყოს და კანონები დაჩქარებული წესით არ უნდა მიიღონ. ფუნდამენტური კანონების მიღება, რომელიც ქვეყანაში ახალ მოცემულობას ქმნის, მისი განხილვები საჭიროა საზოგადოებასთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან. ეს არის დემოკრატიული საფუძვლების სრულად მოშლის კანონმდებლობა. ფორმალურად, არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობას არ კრძალავს, მაგრამ არანაირი საშუალებას არ გაძლევს, რომ იარსებო და იფუნქციონირო. რეალურად, უკეტავენ ყველა საშუალებას, რომ იარსებონ. ამიტომ, უნდათ ყველაფერი გახადონ არალეგალური და სისხლის სამართლით დასჯადი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"