"დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები" - ტატა ხვედელიანი
დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა.
როგორც ხვედელიანმა განაცხადა, სჯობს განცხადებების გაკეთებისას დეპუტატებმა ინფორმაცია გადაამოწმონ.
„მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ტატა ხვედელიანს გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „მისი ეს ტონი ცილისწამებაა“.
"ინტერპრესნიუსი"