"ბავშვი ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და..." - დიდი ტრაგედია რაჭაში - კვირის პალიტრა

"ბავშვი ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და..." - დიდი ტრაგედია რაჭაში

ამბროლაურის სოფელ კვარცხუთში·მომხდარ უბედურ შემთხვევას მეშვიდეკლასელი ბიჭის, დავით (დადუ) აპუსიდისის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი სახლში, ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და ძლიერი აალების დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას შემდეგ ბავშვი ერთი თვეზე მეტხანს თბილისში, დამწვრობის ცენტრში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო დამწვრობა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დღეს გლოვაა მის სოფელში, სკოლაში, სადაც ყველას უყვარდა საყვარელი ბიჭუნა. ყველა განიცდის მომხდარს და უჭირთ მასზე წარსულში საუბარი.

“უმძიმესი დღე გვაქვს... კვარცხუთის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეშვიდე კლასის მოსწავლის - დავით (დადუ) აპუსიდისის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, პედაგოგებს და მეგობრებს.

სკოლის საზოგადოება იზიარებს ამ უმძიმეს დანაკარგს და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ნათელში იყოს დადუ, ჩვენო დიდო ტკივილო, შენი სპეტაკი სული”, - ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში.

ჩვენ დავუკავშირდით დადუს სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ხათუნას, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მასზე წარსულში საუბარი.

“ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. დადუ ჩემი მოსწავლე იყო, მე ვიყავი მისი კლასის დამრიგებელი. დღეს ამ შემზარავი რეალობის წინაშე ვართ. პარასკევს სკოლაში იყო, სკოლიდან საღ-სალამათი ბავშვი გავისტუმრეთ, ჩვეულებრივად....

უბედურება კვირა დღეს (დეკემბერში) მოხდა. ბავშვმა სახლში მიიღო დამწვრობა. როგორც ვიცი, ბუხარს ანთებდა და ამ დროს დაშავდა. ჩვენ ამ დრომდე ამ ამბის მეტ დეტალებზე არც გვილაპარაკია არავისთან, იმიტომ, რომ ყველანი გადართულები ვიყავით იმაზე, რომ როგორმე ბავშვი გადარჩენილიყო, ვლოცულობდით მისთვის...

40 დღის განმავლობაში თბილისში, დამწვრობის ცენტრში იწვა, იბრძოლა მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს ჩვენი ლამაზი ბიჭი. ექიმებს უთქვამთ, შინაგანი წვა ვერ შევაჩერეთო. ურთულესი მდგომარეობა იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უკვე ჩამოასვენეს თბილისიდან...

დადუ საოცარი ბავშვი იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი, ძალიან გონიერი, ზრდილობიანი, მოხერხებული, ყველას რომ უყვარდა, ისეთი. უფროსი და-ძმა ჰყავს, ძმა სამედიცინოზე სწავლობს, მისი და აეროპორტში მუშაობს, ინგლისურის სპეციალისტია...

ამ ამბავს ძალიან განიცდიან მისი თანაკლასელები. მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, სკოლას და ყველას", - გვითხრა კლასის დამრიგებელმა.

სოციალური ქსელი აჭრელებულია პატარა ბიჭის ფოტოებით და ვიდეობით, ყველა გულისტკივილით ემშვიდობება პატარას.

“რა ძნელი იქნება, დათუნა, შენი მერხის ყურება, როგორ გაგვამწარე, კარგი გაზრდილი შვილი იყავი. ნათელში იყავი, ჩვენო ლამაზო ბიჭო”, - წერს სოციალურ ქსელში მისი კიდევ ერთი პედაგოგი.

"ეს ის მომენტია, სისხლი რომ გეყინება ადამიანს. საოცარი ბავშვი იყო, როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიცოცხლით სავსე ბავშვი, ულამაზესი, მოღიმარი. ეს არ უნდა მომხდარიყო.

საოცრად კარგ ოჯახშია გაზრდილი. დედამისი პედაგოგია, დედამისს ახალგაზრდა ძმა გარდაეცვალა, ეს ტკივილი არ ჰქონდათ მოშუშებული და ახლა ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს. ვიზიარებ მთელი ამბროლაურის ტკივილს. უზარმაზარი ტრაგედიაა, გაუსაძლისი ტკივილია. ჩაეხუტება თავის ბიძას. ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი იქნება დადუ”, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს.