"ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი?

„ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება, პროტესტების მიმართ გამოხატული რეაქციის გამო“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული პოლიტიკური მიმომხილველის - ახტარ მაკოის სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph). პუბლიკაციაში გადმოცემულია ირანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა, მძაფრი საპროტესტო აქციების შემდგომ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანის მმართველ რეჟიმს ბზარები გაუჩნდა: ყოფილმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ან სასწრაფოდ უნდა გაატაროს რეფორმები, ან ახალი საპროტესტო აქციები დაიწყება - ისეთი, როგორიც ცოტა ხნის წინათ იყო და რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დამხობით ემუქრებოდა.

ჰასან რუჰანის იმ იშვიათი და უჩვეულო გამოსვლის დროს, რომელსაც მხარი დაუჭირეს სხვა გათამამებულმა პოლიტიკოს-რეფორმატორებმა, ექსპრეზიდენტმა ქვეყნის მმართველი რეჟიმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობაში იხილავენ მხოლოდ მცირე და უმნიშვნელო საჩივრებს, მაშინ, როცა უფრო ფართო მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევენ.

„ირანელ მოქალაქეებს აქვთ თავიანთი ფართო მოთხოვნები და ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაატაროს მსხვილი რეფორმები, კოსმეტიკური ცვლილებების ნაცვლად“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ საერთო ეროვნული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, არანაკლებ 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

„თუ თქვენ მხოლოდ მცირე ცვლილებებით შემოიფარგლებით, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ჩვენ ისევ დავდგებით მწვავე პოლიტიკური დემონსტრაციების წინაშე, ორი-სამი თვის შემდეგ და უფრო ადრეც, ვთქვათ, 10 დღის შემდეგაც“.

ექსპრეზიდენტის კომენტარებმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს ირანის მმართველი რეჟიმის შიგნით: ნასრულა პეჯმანფარის, მკაცრი ხაზის გატარების მომხრე კონსერვატორის, მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატის განცხადებით, „დიახ, დღეს დადგა დრო, ისეთი რეფორმა გავატაროთ და კანონი ისე შევცვალოთ, რომ ექსპრეზიდენტი დავაპატიმროთ და დავსაჯოთ“.

აშშ-ისთან დაგეგმილი ახალი მოლაპარაკებების მიზანია გარკვეული კომპრომისის მიღწევა, რომლის შედეგად, ირანელების მიერ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა უნდა დასრულდეს. „მთავარი მომლაპარაკებლის“ როლი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს აქვს დაკისრებული, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაქჩის თურქეთში პარასკევს უნდა შეხვდეს. როგორც თეთრმა სახლმა განაცხადა ორშაბათს პრეზიდენტი ტრამპი ირანს შეთანხმების დადებისაკენ მოუწოდებს: „შეხვედრის მიზანია ის, რომ სტივ უიტკოფმა ირანის ოფიციალურ მხარეს მოუსმინოს და გაიგოს, თუ რისი თქმა სურს თეირანს“.

შეხვედრა დაგეგმილია სტამბოლში, რომელსაც კატარის, საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლები დაესწრებიან. სამიტი, ალბათ, ბიძგს მისცემს დიპლომატიურ ძალისხმევას, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული გაჭიანურებული დავის მოგვარების მიზნით.

ირანში ამასწინანდელი აქციები ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო, მაგრამ შემდეგ პოლიტიკურში გადაიზარდა - აიათოლა ალი ხამენეის დამხობის მოთხოვნით. აქციის მონაწილეთა მოწოდებებს ხელისუფლებამ უმკაცრესი შეზღუდვებით და რეპრესიებით უპასუხა - ინტერნეტი გაითიშა, ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსმა კი დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

ჰასან რუჰანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც აქციებს საფუძვლად უდევს. რეფორმისტმა პოლიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი უკვე აღარ დაიწყებენ ხელისუფლების მოქმედების გამართლებას დემონსტრანტების მიმართ.

ჯავად ემამმა, რეფორმისტული ფრონტის - ზომიერი პოლიტიკოსების კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეფორმისტები ხალხის მხარეს უნდა იდგნენ და რომ ამჟამინდელი სიტუაცია მას პოზიციას ვერ შეუცვლის: ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეფორმები უნდა გატარდეს.

მირ ჰოსეინ მუსავიმ, ირანის „მწვანე მოძრაობის“ ლიდერმა, რეპრესიებს ირანის ისტორიის „შავი ფურცელი“ უწოდა. მან უშიშროების ძალებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ თავი შეიკავონ სროლისაგან, რათა ხალხმა „თავისუფლების გზა მონიშნოს“.

ჰოსეინ მუსავიმ, რომელიც 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება, აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით მიტინგების მკაცრმა ძალადობრივმა ჩახშობამ ირანი, გარეშე მხრიდან ჩარევის თვალსაზრისით, მოწყვლადი გახადა.

მეჰდი კარუბიმ, რელიგიის მსახურმა-რეფორმისტმა და პარლამენტის ექსსპიკერმა განაცხადა, რომ ირანში ამჟამად შექმნილი მძიმე სიტუაცია არის აიათოლა ალი ხამენეის - ირანის უზენაესი მმართველის (რაქბარის) - დესტრუქციული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. მეჰდი კარუბიც, ჰოსეინ მუსავის მსგავსად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და საპყრობილედან გასულ წელს გათავისუფლდა. მას ალი ხამენეის მცდარი პოლიტიკის ერთ სამაგალითო ფაქტად ახსენა „ძვირად ღირებული და უნაყოფო ბირთვული პროექტი“ და ამის გამო ირანისათვის დაწესებული სანქციები, ბოლო ოცწლეულის განმავლობაში.

მეჰდი კარუბიმ, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მკვლელობის შესახებ შემდეგი განაცხადა: „ტრაგედიის სიღრმე იმდენად დიდია, რომ მას გამართლება არ აქვს. ეს იყო შეუბრალებელი, საშინელი ანგარიშსწორება და უპატივცემლობა მსხვერპლთა გვამების მიმართ“. მისი თქმით, კრიზისიდან ერთადერთი სამშვიდობო გამოსავალი არის ხალხისადმი მიმართვა და მათი უფლების უზრუნველყოფა, თვითგამორკვევისა და თავისუფალი რეფერენდუმის მეშვეობით.

მზარდი შინაგანი დაძაბულობა

ბოლო წლებში რეფორმისტები პოლიტიკისაგან ჩამოშორებულები იყვნენ, მათი საარჩევნო კანდიდატების მასობრივი დისკვალიფიკაციის გამო.

ყოფილი პრეზიდენტის - ჰასან რუჰანისა და სხვა რეფორმისტების საჯარო განცხადებები ერთგვარ ბზარს წარმოადგენს რეჟიმის ერთიან ფრონტზე - ზომიერები დღეს ღიად აკრიტიკებენ იმას, რასაც ისტებლიშმენტი „სხვაგვარად აზროვნებად“ თვლის. მომხდარი ფაქტი მოწმობს მზარდ შიდადაძაბულობას ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში. ხელისუფლების მომხრეები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგანან.

მთავრობის უკანდახევის ერთ-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ აქციების მონაწილე, 26 წლის ერფან სოლტანი გირაოთი გაათავისუფლეს. არადა მას წინ მკაცრი სასჯელი ელოდა. ერფან სოლტანი 10 იანვარს იქნა დაპატიმრებული, ქალაქ ფარდისში, საკუთარ სახლში, თეირანიდან დასავლეთით. მას ბრალი დასდეს „კრებების უკანონოდ ჩატარებაში და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში“. ერფან სოლტანის საქმემ უცხოელი ჟურნალისტების დაინტერესება გამოიწვია. ნათესავების თქმით, ბრალდება შეთითხნილია.

ირანში ინტერნეტი, რომელიც რამდენიმე კვირით იყო გამორთული, ნელ-ნელა ისევ ირთვება. ირანიდან მიღებული ვიდეოკადრების მიხედვით, მოსახლეობა დაღუპულებს მარხავს, ქვეყანაში გოდება ისმის.

სახელმწიფო ტელევიზიამ კრიტიკა გამოიწვია, როცა აჩვენეს გადაცემა, რომელშიც პროგრამის წამყვანი მოკლულების დაკრძალვის ფაქტებს დასცინოდა. ერთ-ერთმა წამყვანმა მაყურებლებს ჰკითხა, თუ სად ინახება დაღუპულების ცხედრები და რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის - „მაცივარში“ ან „სანაყინეში“.

ასევე დაგაინტერესებთ: სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph

ომის სამი სცენარი - უკრაინის კაპიტულაცია, რუსეთის ჩამოშლა თუ დაუსრულებელი ბრძოლები მოლაპარაკებების ფონზე?!

"ამერიკელებმა ტანკერ "მარინერას" ქართველი კაპიტანი ბრიტანეთიდან გაიყვანეს": ირღვევა თუ არა საქართველოს მოქალაქის უფლებები?! - რას წერს BBC

"უნცია ოქროს ფასმა პირველად ისტორიაში 5 ათას დოლარს გადააჭარბა: რატომ ძვირდება „კეთილშობილი“ ლითონი?" - BBC

ტრანსლაციამ ირანის სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მოქმედების დაგმობა გამოიწვია. მკაცრი რეპრესიების გამო, ევროკავშირმა გასულ კვირას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ირანელმა კანონმდებლებმა კვირას საპასუხო ზომები მიიღეს და ევროკავშირის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. კანონმდებლები ჩაცმულები იყვნენ „რევოლუციის გუშაგების“ ფორმაში და სკანდირებდნენ: „სიკვდილი ამერიკას!“ და „სიკვდილი ისრაელს!“.

ორშაბათს სანქციები დაედო ირანის 10 მოქალაქეს, რომელთა საქმიანობა ირანელი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიჩნეული. მათ შორის არის ისკანდერ მომენი, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია პოლიციის მოქმედებაზე და სეიდ მაჯიდ ფეიზ ჯაფარი, რომელიც ირანის საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის უფროსია და რომელიც მკაცრ რესპრესიებს ახორციელებდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო