ჯარიმებთან დაკავშირებულ საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის - რა განაცხადა კახა კალაძემ
თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„მინდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას ეხება. მიუხედავად იმისა, რამდენი იქნება ჯარიმა, გავზრდით თუ შევამცირებთ მის ოდენობას ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე, ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი არ მივიდა ბოლომდე. სამწუხაროდ, პრაქტიკაში გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს მხარდაჭერისთვის. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
"ინტერპრესნიუსი"