"ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს: მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით" - გიორგი შარაშიძე
თქვენთვის ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით - რა უნდა ქნას მდინარაძემ? როგორ წარმოგიდგენიათ სუს-ის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით, ჩუმად ამერიკაში მყოფი? ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია და მოსკოვი? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ „არ აქვს რესურსი, ოფიციალურ დონეზე დაალაგოს, გადატვირთოს ურთიერთობები ამერიკასთან“.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შარაშიძის მოსაზრებით, „არაფერს ნიშნავს“.
„ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში და რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი მცდელობა. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როგორ გააგზავნა ასევე, შიკრიკად ლილუაშვილი. მედიისგან დაფარულად, ოფიციალური ინფორმაცია არ იყო ამასთან დაკავშირებული. მაშინ გიორგი გახარიაც ამერიკაში იყო და მისი ვიზიტი დაემთხვა ლილუაშვილის არაფორმალურ ვიზიტს. დღესაც, ზუსტად იგივე ხდება. ამოწურა „ოცნებამ“ ყველაფრის რესურსი და ხედავს, რომ უბრალოდ არ გამოდის ამერიკასთან არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა. მათ უბრალოდ არ აქვთ რესურსი, ოფიციალურ დონეზე დაალაგონ, გადატვირთონ ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც თავად ამბობენ. ახლა ვხედავთ სუს-ის ხელმძღვანელის განმეორებით [ვიზიტს]. ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა და არც მაშინ მოჰყოლია დადებითი შედეგი ვიზიტს ამერიკაში. რა უნდა ქნას მდინარაძემ? როგორ წარმოგიდგენიათ სუს-ის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით, ჩუმად ამერიკაში მყოფი? ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია და მოსკოვი? თავად ეს ფაქტიც უკვე იმდენად ამაზრზენია... ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გასულია ყველანაირი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სუს-ის უფროსი შეიძლება არაფორმალურ და საიდუმლო შეხვედრებს მართავდეს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოში, როგორიც არის აშშ? ეს რაზე მეტყველებს, ამაზე ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიტანონ დასკვნები“, - განაცხადა შარაშიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის დებატებს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ პარტია მზადაა, მიიღოს მონაწილეობა „რუსთავი 2“-ის ეთერის მომდევნო დებატებში ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე, რა თემაზეც „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძე იქნება წარმოდგენილი.
„შეთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ეთერში ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე ემზადება დებატებისთვის ფასების თაობაზე. მზად ვართ! - კარგად მოემზადონ ჩვენთან სადებატოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ჩვენთვის მისაღები არ არის, ამ კონკრეტულ დებატში, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც ფასებია, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა შარაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"