თუ პუტინი ზავს დაარღვევს, ამერიკელები და ევროპელები 72 საათში რუსებს დაარტყამენ?! - რამდენად რეალურია ეს დაპირება - კვირის პალიტრა

თუ პუტინი ზავს დაარღვევს, ამერიკელები და ევროპელები 72 საათში რუსებს დაარტყამენ?! - რამდენად რეალურია ეს დაპირება?

24 სთ-ში -დიპლომატიური და 72 სთ-ში - ევროპისა და ამერიკის სამხედრო რეაგირება, თუკი უკრაინასთან ზავს რუსეთი დაარღვევს - რამდენად რეალურია ეს შეპირება?

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე დაზავების კონკრეტული პირობები გამოიკვეთა, თუმცა ჯერ - არაოფიციალურად...

Financial Times-ი რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებასთან მოლაპარაკებებში, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს...

გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.

წინადადების თანახმად, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში, დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით.

თუ საომარი მოქმედებები ამ დროის შემდეგაც გაგრძელდება, წინადადება გადავა მეორე ფაზაზე - ინტერვენციაზე ე.წ. მსურველთა კოალიციის ძალების გამოყენებით.

გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის - აშშ-ის სამხედროების კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება“.

ანუ თუკი Financial Times-ის ეს ექსკლუზიური ინფორმაცია მართლაც შეესაბამება რეალობას, გამოდის, რომ ევროპელებიც და აშშ-იც უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიებს აძლევენ უკრაინას იმ შემთხვევაში, თუკი სამშვიდობო ზავის შემდეგ პუტინის რუსეთი ისევ თავს დაესხმება მას.

შეიძლება სწორედ ამ საერთაშორისო გარანტიების გასაცნობადაც ეწვია გუშინ უკრაინის უმაღლეს რადას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელმაც უკრაინელ დეპუტატებს შემდეგი განუცხადა:

„არც უკრაინის მეგობრებს და არც თავად უკრაინელებს მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი ან კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება არ სურთ. ნატო წლების განმავლობაში უკრაინის გვერდით იდგება. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა - ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“.

გამოდის, რომ თავად ნატოს გენმდივანიც და მისი სახით -დასავლეთიც მაინც შიშობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დადებული ზავის ხელშეკრულება ისეთივე ფარატინა ქაღალდი არ აღმოჩნდეს, როგორც 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც “საუკუნის მოტყუებად“ იქცა უკრაინელებისთვის - მათ, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები რუსეთს გადასცეს იმის გარანტიით, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არავინ დაემუქრებოდა და ამის გარანტორები იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და... თავად რუსეთის ფედერაცია და ზუსტად 20 წლის შემდეგ, 2014 წელს, ერთ-ერთმა გარანტორმა - რუსეთმა თავად დაიწყო უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსია და უკრაინის დონბასში შეიარაღებული ამბოხებები, ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ხელით...

ბუდაპეშტის მემორანდუმის ორმა დანარჩენმა გარანტორმა - აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კი მაშინ ტრადიციულად მხოლოდ „აღშფოთება და შეშფოთება“ თუ გამოხატეს...

რამდენად რეალური იქნება ამჯერად დასავლეთის შეპირება, რომ „ზავის შემდეგ რუსეთის უკრაინაზე გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის - აშშ-ის სამხედროების, კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება“?

ძალიან საეჭვოა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ როგორ რთულად იღებენ ან საერთოდ ვერ იღებენ ერთიან გადაწყვეტილებას ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები, ჯერ კიდევ ახლა, როდესაც საქმე რუსეთთან უთანასწორო ომში უკრაინის შეიარაღებას ეხება - ვერანირად ვერ შეაგროვეს 15,5 მლრდ დოლარი უკრაინის არმიისთვის ამერიკული საზენიტო რაკეტების შესასყიდად...

და ამის ფონზე, იმის დაჯერება, რომ სამშვიდობო ზავის დარღვევიდან 72 სთ-ში ნატო თუ ევროკავშირი სამხედრო რეაგირებას მოახდენს ანუ სამხედრო ძალით დაეხმარება უკრაინას, რუსი ოკუპანტების მიერ განახლებული შეტევების შესაჩერებლად, უბრალოდ, დაუჯერებლად მოჩანს...

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის ვერაგობა: რუსეთმა განაახლა უკრაინის ენერგეტიკის დაუნდობელი დაბომბვა

ილონ მასკმა პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე „შეუზღუდა“

რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...

ციდან "ჩამოხსნილი" მორიგი რუსული „იხვნისკარტა“ და აეროდრომებზე აფეთქებული კიდევ 15 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი

გარდა ამისა, არის უმთავრესი პრობლემა - რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ზავის დადების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდეს ნატოსა და ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ერთი ჯარისკაციც კი.

ევროპული ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსების გარეშე კი როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება ნატომ 72 სთ-ში, როდესაც ერთი სატანკო ბატალიონის გერმანიიდან ლატვიაში გადასასროლად მთელი კვირა სჭირდება?!

არის იმის საშიშროება, რომ დასავლეთმა, ტრამპის ამერიკის თამადობითა და პოლიტიკური ზეწოლით დაიყოლიონ ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი უკრაინა (მძიმე მდგომარეობა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის დეფიციტი და პუტინის „ზამთრის ომის“ ტაქტიკით ოცგრადუსიან ყინვაში გათბობისა და განათების გარეშე დატოვებული უკრაინული ქალაქების მილიონობით მაცხოვრებელი) დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორიების (პირველ რიგში კი დიდი ქალაქების, კრამატორსკისა და სლოვიანსკის) უბრძოლველად დათმობაში, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს პუტინი იმის სანაცვლოდ, რომ ზავზე რუსეთმაც მოაწეროს ხელი...