"ვერანაირ ბოცვანასა და ქურთისტანის წარმომადგენლებთან შეხვედრები ვერ შეცვლის ჩვენს ისტორიულ არჩევანს" - ნუგზარ წიკლაური - კვირის პალიტრა

"ვერანაირ ბოცვანასა და ქურთისტანის წარმომადგენლებთან შეხვედრები ვერ შეცვლის ჩვენს ისტორიულ არჩევანს" - ნუგზარ წიკლაური

იყო აშხაბადი, ახლა არის ბოცვანა. უნდა ველოდოთ, ალბათ, ბიშკეკში ან რომელიმე სხვა დედაქალაქში ვიზიტებს იმ ფონზე, როდესაც იტალიასთან, გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, აშშ-სთან ურთიერთობა არის კრიტიკულ ზღვარზე - ვერანაირ ბოცვანასთან და ქურთისტანის წარმომადგენლებთან შეხვედრები ვერ შეცვლის იმ არჩევანს, რომელიც ისტორიულად არის დეტერმინირებული უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

წიკლაურის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციას უქადის.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ქვეყანას, ყველასთან გვსურს კეთილმეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს ადგილი არის ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეში და ვერანაირ ბოცვანასთან და ქურთისტანის წარმომადგენლებთან შეხვედრები ვერ შეცვლის იმ არჩევანს, რომელიც ისტორიულად არის დეტერმინირებული უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში,“ - განაცხადა წიკლაურმა.

ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის ფონზე თბილისსა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ დემოკრატიზაციის, ახალი არჩევნებისა და საქართველოს მკაფიო განცხადების გარეშე, რომ ის უბრუნდება ევროატლანტიკურ კურსს, არავითარი პროგრესი აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით არ იქნება.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ჩამოყალიბებულია იმ სამწუხარო მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს ამ უძლიერეს ქვეყანასთან, „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო და ეს პოზიცია გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში პატივი უნდა სცენ ხალხის ნებას და პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი ღერძი, რაზე შეიძლება აიგოს პარტნიორობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის და თუკი არ არის საუბარი იმაზე, რომ ამ მიმართულებით იქნა პროგრესი მიღწეული, ესე იგი კვლავ რჩება ეს გადაულახავი წინააღმდეგობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. აშშ-ს აქვს მკაფიო პოზიცია, ის არის გაცხადებული სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ განცხადებაში და გულისხმობს ერთი მხრივ დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას და მეორე, იმ ორიენტაციულ შემობრუნებას, რომელიც დღეს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთისა კომუნისტური პარტიისკენაა და გაციებას ამერიკა საქართველოს ურთიერთობების. რა თქმა უნდა, ამაზე იქნებოდა საუბარი ლაშა დარსალიასთან და თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, არავითარ პოზიტიური მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს.

„ქართული ოცნება“ ინტენსიურად ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას, განსაკუთრებით იმ მოვლენები შემდეგ, როდესაც ყველამ დაინახა თუ როგორ იბრუნებს მსოფლიო ლიდერის პოზიციებს ეს ქვეყანა, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, დემოკრატიზაციის, ახალი არჩევნების და საქართველოს მკაფიო განცხადების გარეშე, რომ ის უბრუნდება ევროატლანტიკურ კურსს, რაც გულისხმობს იმ პრინციპების აღიარებას, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის კავშირიც, აშშ, კერძოდ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, არავითარი პროგრესი ამ მიმართულებით არ იქნება მიღწეული. როდესაც სუს-ის ხელმძღვანელი არეგულირებს მაღაზიებში ფასებს, იქ, ცხადია, რომ არანაირ დემოკრატიაზე არ არის ლაპარაკი. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ეს კრიზისი ვერ გადაიჭრა ერთი წლის განმავლობაში, მტკიცებები იმის თაობაზე, რომ მოვიდა ტრამპი და ის შეცვლის ყველაფერს საქართველოსა და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, აღმოჩნდა ფუჭი და პირიქით, დავინახეთ, რომ მათი პროპაგანდის-ფილოსოფოსები ახლა თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტს და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის არის. ე.წ. „დიფ სტეიტის“ რებრენდინგის ერთ-ერთი ავტორი. მაგიდაზე დევს ყველაფერი,“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა