საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს სესხი აქვს, მათგან 10% კი „შავ სიაშია“
საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს - ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქართული საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს. საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 664-ით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში 368 310 პირი იყო.
ამასთან, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდის, 95 752 კომერციული ბანკების კლიენტია, 302 148 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 664 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.